Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალიან განიცდის - ადვოკატი ბატუტის მფლობელი 65 წლის კაცის პატიმრობას არ გაასაჩივრებს


ატრაქციონების მეპეტრონე 65 წლის ედუარდ აბრამიანი სასამართლო პროცესზე.
ატრაქციონების მეპეტრონე 65 წლის ედუარდ აბრამიანი სასამართლო პროცესზე.

„ორი დღეა ამას ვფიქრობ, რომ ღმერთი ჩემგან... ვერ ვპოულობ პასუხს რაღაცაში არ ვარ მტყუან-მართალი... მეტი სათქმელი არა მაქვს“, - თქვა სასამართლოზე ატრაქციონების მეპატრონემ 65 წლის ედუარდ აბრამიანმა.

მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ბათუმის ბულვარში ბატუტზე დაღუპული ბავშვის საქმეზე.

გამოძიება მიიჩნევს, რომ აბრამიანი პასუხისმგებელი იყო ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე. მან კი დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულა.

გამოძიების თანახმად 12 მარტს დაახლოებით 22 საათზე ბათუმის ახალ ბულვარში ამოვარდნილმა ქარმა საბავშვო ბატუტი მოგლიჯა და რამდენიმე ათეული მეტრით გადააგდო. ბატუტზე მყოფი 9 წლის ბიჭი თავის არეში მიღებული ტრავმით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მისი 3 წლის ძმა, ისიც თავის ქალის მძიმე ტრავმით თურქეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რა ვიცით ბრალდებულის შესახებ?

ბრალდებულის ადვოკატმა ილია ლომიამ მოსამართლეს რამდენიმე გარემოების გათვალისწინება სთხოვა. ის რომ ედუარდ აბრამიანი, მომხდარს ძალიან განიცდის: „იზოლატორში როცა ვნახე ძალიან განიცდიდა, არც საჭმელი მინდა და არც თავისუფლებაო, ასე მითხრა“ - ადვოკატის თქმითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს აქვს კარგი რეპუტაცია, 30 წელზე მეტია ატრაქციონის ბიზნესშია და ამ დრომდე პრობლემები არ ჰქონია.

მისივე თქმით, აბრამიანი წარსულში სამოქალაქო ავიაციის პილოტი იყო, მოხალისედ წავიდა აფხაზეთის ომში და ადგილობრივ მოსახლეობა საომარი მოქმედებების ზონიდან გამოჰყავდა.

მოსამართლე ლევან ყოლბაიამ დაცვის მხარის არგუმენტები არ გაითვალისწინა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ადვოკატი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას აღარ გაასაჩივრებს.

ედუარდ აბრამიანის მეზობელი და მის ოჯახთან დაახლოებული პირი, ამირან კიღურაძე, გვეუბნება, რომ აბრამიანს საბავშვო ატრაქციონების საქმეში მრავალწლიანი და აქამდე კარგი გამოცდილება ჰქონდა.

ატრაქციონებს აწყობდა როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, სადაც ცხოვრობს. ორივე ქალაქში შეკვეთებს ის მუნიციპალიტეტიდან იღებდა.

ბათუმის ბულვარში ედუარდ აბრამიანს იჯარით აღებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ატრაქციონი ეკუთვნის, მათ შორის ბატუტებიც.

„ვერ გეტყვით ვის ევალებოდა იმის შემოწმება, რამდენად იყო გამართული ტექნიკურად. მაგრამ მე ვიცი რომ საკმაოდ მსხვილი ჯაჭვებია დაწყვეტილი. რაზეც იყო დამაგრებული ის არაა დაზიანებული. ეს კი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სტიქიური მოვლენისგან გამოწვეული უბედური შემთხვევა“ - ამბობს აბრამიანის ოჯახის მეგობარი, რომელიც ამბობს, რომ ბატუტი სანაპიროზე მსხვილი რკინის ჯაჭვებით იყო მიბმული.

დადგება სხვების პასუხისმგებლობის საკითხი?

საქმის პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა თქვა, რომ გამოძიება ახლა სწავლობს ყველა იმ ნორმატიული აქტის შინაარსს, რომელიც აწესრიგებს სათამაშო გასართობი ობიექტისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.

თუ გამოიკვეთება სხვების პასუხისმგებლობის საკითხი, ისინიც მიეცემიან სისხლის სამართლის პასუხისგებაში. პროკურორის თქმითვე, გამოკითხულებს შორის არიან ბათუმის მერიისა და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

საქმის პროკურორს ვკითხეთ ვინ იყო პასუხისმგებელი ატრაქციონების უსაფრთხოების შემოწმებაზე.

„ამ საკითხების შესწავლა მიმდინარეობს ახლა, შესაბამისად დღეს, ამ მოცემულობით ვერ მოგახსენებთ კონკრეტულ პასუხისმგებელ პირებს. ვინაიდან ამ საკითხს სწავლობს გამოძიება“ - თქვა პროკურორმა.

ვინაა პასუხისმგებელი ატრაქციონის შემოწმებაზე?

ბათუმის ბულვარში მომხდარი ტრაგედიიდან სამი დღე გავიდა, თუმცა ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ამ დრომდე არ ელაპარაკება მედიას.

არ პასუხობენ ჟურნალისტების კითხვებს - ვინ ამოწმებს ბულვარში მოქმედი ატრაქციონების უსაფრთხოებას? რა წერია მოიჯარეებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში. ბულვარის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი პირად საუბარში გვიხსნის, რომ ატრაქციონების მეპატრონეებს ყოველ წელს აუქციონის წესით დროებით სარგებლობაში გადაეცემათ მიწა გარკვეული პირობით.

ატრაქციონების დამონტაჟების შემდეგ კი ხელშეკრულებით მათ ევალებათ საექსპერტო დასკვნის წარდგენა კონსტრუქციის უსაფრთხოებაზე. ბულვარის ადმინისტრაციის სპეციალური სამსახური კი ამოწმებს ატრაქციონების უსაფრთხოებას.

თუმცა ეს წესები არ ვრცელდება საბავშვო ბატუტზე, რადგან იგი მარტივი კონსტრუქციაა და მისი ფუნქციონირება არ ითვლება საფრთხის შემცველად. საქმის პროკურორს თორნიკე გოგეშვილს ვკითხეთ, განსხვავებულია თუ არა წესები ბატუტის მოწყობისას:

„განსხვავებული კონსტრუქცია აქვს (ბატუტს) და შესაბამისად ამ კონსტრუქციის თავისებურებებს ახლა ვსწავლობთ. და დღეის მდგომარეობით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ასეთ დეტალებს ვერ მოგახსენებთ - ვინ იყო პასუხისმგებელი და იყო თუ არა პასუხისმგებელი“ - ამბობს პროკურორი თორნიკე გოგიშვილმა.

ბათუმში 9 წლის ბავშვის დაღუპვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG