Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არავის გავლენის ქვეშ არ ვართ“ - „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში პირველი ხუთეული გამოჩნდა


პირველ ოქტომბერს, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის თავზე, „აგენტების რეესტრში“ რამდენიმე ორგანიზაცია გამოჩნდა.
პირველ ოქტომბერს, კანონის ამოქმედებიდან ორი თვის თავზე, „აგენტების რეესტრში“ რამდენიმე ორგანიზაცია გამოჩნდა.

„აგენტების კანონის“ ამოქმედებიდან ორი თვის თავზე „აგენტების რეესტრში“ - ფორმალურად „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში“, რის ამოქმედებასაც საქართველოს ევროინტეგრაციის შეჩერება მოჰყვა, - პირველი ოქტომბრის დილას ხუთი ორგანიზაცია გამოჩნდა.

გამოჩნდა მათი თანამშრომლების პერსონალური ინფორმაციის შემცველი ფინანსური ანგარიშებიც.

  • ერთ-ერთი ორგანიზაცია, - პროფკავშირი, - რომელიც ამბობს, რომ „გამჭვირვალობას“ ემხრობა, ამერიკული NED-ისგან იღებდა 10 წლის განმავლობაში დაფინანსებას;
  • მეორე, იმერეთში მოქმედი საქველმოქმედო ფონდი ამბობს, რომ იძულებული იყო, დარეგისტრირებულიყო;
  • მესამე ამბობს, რომ კანონთან „არანაირი პრობლემა“ არ აქვს;
  • მეოთხე, უკრაინელი დევნილების დამხმარე ორგანიზაცია ამბობს, რომ იძულებული იყო, ეს ნაბიჯი გადაედგა, თუმცა მიაჩნია, რომ კანონი „უდიდესი ბარიერია ევროკავშირის გზაზე“;
  • მეხუთემ საუბარი არ ისურვა.

ყოველი მათგანი, ვისაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ამბობს, რომ არასოდეს ყოფილან სხვისი „ინტერესების გამტარებლები“ ან რომელიმე დონორის „გავლენის ქვეშ“.

ორი თვე კანონის ამოქმედებიდან

არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომლებიც 2023 წლის განმავლობაში უცხოეთიდან დაფინანსების მინიმუმ 20%-ს იღებდნენ, 2024 წლის 1 აგვისტოდან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრათ.

ეს ვალდებულება გააჩინა „აგენტების“ - ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის“ - კანონმა, რომლის მიღებამაც გამოიწვია მრავალათასიანი დემონსტრაციები, შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაცია და გააფუჭა ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორ შეერთებულ შტატებთან.

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციები გაიმართა

იუსტიციის სახლებში სავალდებულო რეგისტრაციის ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა.

„რეგისტრაციისთვის თავის არიდება“ 25 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

2 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაზე განაცხადი საქართველოში მოქმედი ორგანიზაციებიდან მხოლოდ ნაწილმა - 476-მა შეიტანა.

30 სექტემბრისთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებსაიტზე არსებული „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი” ცარიელი იყო.

პირველ ოქტომბერს კი რეესტრში პირველი ხუთი ორგანიზაცია* გამოჩნდა:

  1. საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი;
  2. ქუთაისის მოზარდთა სახლი;
  3. ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი;
  4. ქრისტიანთა კავშირი;
  5. საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაცია - სვიტანოკი.

რიგითობა პირობითია - მითითებული არ არის, ვინ როდის შეიტანა განაცხადი რეესტრში რეგისტრაციაზე.

რადიო თავისუფლება ხუთივე მათგანს დაუკავშირდა.

პროფკავშირი: NED-ი გვაფინანსებდა

„არც არაფერი გვქონდა არასდროს დასამალი. ჩვენი ბიუჯეტი საკმაოდ გამჭვირვალე იყო, ჩვენ ყოველთვის ვაგზავნით დეკლარაციებს და ვებგვერდზეც ვაქვეყნებდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ირინე ფხოველიშვილი, რეესტრში გამოჩენილი ერთ-ერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ამბობს იმასაც, რომ „ეს ჩვეულებრივი კანონია“: „კანონმორჩილები ვართ ჩვენ და უნდა დავრეგისტრირებულიყავით, რადგან ჩვენი შემოსვლის 20%-ზე იყო უცხოური დაფინანსება“.

ორგანიზაციას ჰქვია „საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირი“. რეგისტრირებულია 2013 წელს.

ეთანხმება თუ არა „აგენტების კანონის“ შემოღებას? მისი ხელმძღვანელი ირინე ფხოველიშვილი პასუხობს:

„თუ სხვებსაც ისეთივე გამჭვირვალე ექნებოდათ საქმიანობა, როგორც ჩვენ, ეს კანონი საჭირო არ იქნებოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, საჭირო გახდა“.

ირინე ფხოველიშვილი
ირინე ფხოველიშვილი

არ დაუზუსტებია, რომელ ორგანიზაციას გულისხმობდა, მხოლოდ „დიდ ორგანიზაციებზე“ მიუთითა და გვითხრა: „ჩვენი მთელი წლის ბიუჯეტი არის ზოგიერთი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ალბათ, ორი თვის ხელფასი“.

ამასთან, ფხოველიშვილი ამბობს, რომ ძირითადი დონორი წლების განმავლობაში იყო ამერიკული „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED-ი), - რომლის მიზანიც მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელებაა. წლიური ბიუჯეტი 50 000 აშშ დოლარს არ ასცდენიაო, ამბობს.

დონორს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებასაც მიზანში ჰყავდა ამოღებული, საქართველოს მთავრობა ბოლო წლებია, ბევრს აკრიტიკებს. სწორედ NED-ია ერთ-ერთი ის ორგანიზაცია, რომელზეც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „საქართველოში ექსტრემიზმსა და პოლარიზაციას აფინანსებს“.

ფერმერთა პროფკავშირის ხელმძღვანელს ვკითხეთ, იმ პერიოდის განმავლობაში, რაც დაფინანსებას იღებდა, მიაჩნია თუ არა, რომ მისი ორგანიზაცია ატარებდა NED-ის ინტერესებს.

„არა. NED-ის დაფინანსებით ჩვენ ვაკეთებდით იმას, რაც საჭირო იყო ქვეყნისთვის“.

რას ფიქრობს პროფკავშირი იმაზე, რომ სწორედ NED-ს სდებს ხელს საქართველოს მთავრობა თითქოსდა „გადატრიალების მცდელობებში“?

„NED-ი მარტო ერთი მიმართულებით არ მუშაობს, ჩვენი მიმართულება სოფლის მეურნეობაა. მათ ბევრი მიმართულება აქვთ და მე ვერ გეტყვით, დანარჩენ მიმართულებებში რას და როგორ აკეთებდა. ჩვენთან მიმართებაში, სოფლის მეურნეობასთან მიმართებით, ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი დაგვიფინანსეს“.

პროექტებს შორის იგი ასახელებს „მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შეცვლასა და ბოლოს მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის მონიტორინგს“.

„ქუთაისის მოზარდთა სახლი“

„ქუთაისის მოზარდთა სახლი“ იმერეთში მოქმედი საქველმოქმედო ორგანიზაციაა.

„კანონისმიერი ვალდებულება რომ არის, რა ვქნათ?“ - ეუბნება მის დამფუძნებელთა საერთო კრების წევრი, ვასილ ნატროშვილი რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რის გამო გადაწყვიტეს რეესტრში დარეგისტრირება.

„ნამდვილად ვერ ვიტყოდი, რომ ვართ რაიმე უცხოური გავლენის ქვეშ. მაგრამ კანონი რომ არის... მაშინ უნდა გავჩერებულიყავით. ვართ საქველმოქმედო ორგანიზაცია, მოგვიწევდა ან ჯარიმები, ან გაჩერება და ყველანაირად [ხელი შეგვეშლებოდა]“, - ამბობს ის.

ორგანიზაციის ძირითადი დონორია ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია Georgia for Georgia, („ჯორჯია საქართველოსთვის“).

ვასილ ნატროშვილი
ვასილ ნატროშვილი

ნატროშვილს ვთხოვეთ, აღეწერა „ქუთაისის მოზარდთა სახლის“ საქმიანობა:

„გვაქვს ბავშვებთან დაკავშირებით სხვადასხვა პროექტი. სამედიცინო დახმარების, მათ შორის ოპერაციების უზრუნველყოფა, სოციალურად დაუცველი მოზარდების კვება, ტანსაცმლით დახმარება. ვეხმარებით, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოზარდებს. გვაქვს სტიპენდიები, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსება უნივერსიტეტებში და ა.შ.“.

„მაგალითად, გვყავს დაახლოებით 40 სტუდენტი, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და სტიპენდიებით ვეხმარებით“.

ორგანიზაციის წარდგენილ დეკლარაციაში, სადაც თანამშრომლების ხელფასები სახელობითად არის მითითებული, აღწერილია 41 შემთხვევა, როდესაც ორგანიზაციამ სტუდენტებს განათლება დაუფინანსა სხვადასხვა უნივერსიტეტში. სტუდენტების სახელები არ არის მითითებული.

„საგადასახადოში ეს ყველაფერი ისედაც ცნობილი იყო და აქაც, რაც მოგვთხოვეს, ფინანსურმა მენეჯერმა ყველაფერი ატვირთა“, - ამბობს ნატროშვილი.

„ქრისტიანთა კავშირი“

„აგენტების რეესტრში“ დარეგისტრირდა „ქრისტიანთა კავშირიც“, სამეწარმეო რეესტრში 2008 წლიდან დარეგისტრირებული ორგანიზაცია.

მისი დონორია ამერიკული რელიგიური ორგანიზაცია, სახელად „ევრაზიული მისიები“ (Eurasian Missions).

ამერიკული რელიგიური ორგანიზაცია წერს, რომ „ავრცელებს სახარებას“ რუსეთში (მოსკოვში, ომსკში, ნიჟნი-ნოვგოროდში), ცენტრალურ აზიასა (დუშანბე, ტაშკენტი, ბიშკეკი) და კავკასიაში (თბილისი, ერევანი).

ორგანიზაციის დონორის ვებსაიტი
ორგანიზაციის დონორის ვებსაიტი

„ქრისტიანთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მიხეილ მათითაიშვილმა რადიო თავისუფლებასთან საუბარი არ ისურვა.

ორგანიზაციის მისამართი ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი კორპუსის ბინაა, - და ემთხვევა თავმჯდომარის, მიხეილ მათითაიშვილის საცხოვრებელი სახლის მისამართს.

„ებრაელთა კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი“

ეს ორგანიზაცია 1999 წელსაა რეგისტრირებული.

მისი თავმჯდომარე, ელენე ბერკოვიჩი რადიო თავისუფლებასთან ამბობს:

„ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი… ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ამ [კანონთან]“.

ამბობს, რომ ორგანიზაცია დაკავებულია „კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით“ და ასე აღწერს: „ახალგაზრდები სწავლობენ ებრაულ ენას, ტრადიციებს, გვაქვს მუსიკალური სტუდია, საბავშვო გუნდი… არაფერი დასამალი არა გვაქვს“.

რადიო თავისუფლებამ მას ჰკითხა დაფინანსების წყაროზე, რაზეც გვიპასუხა: „ეს უკვე თქვენი საქმე არ არის“. თუმცა ეს მონაცემები „აგენტების რეესტრში“ უკვე საჯაროდ არის გამოქვეყნებული.

ფონდის დონორთა შორის არიან ხორვატიაში რეგისტრირებული „ებრაელთა მსოფლიო კონგრესი“ World Jewish Congress და ისრაელში რეგისტრირებული „ებრაელთა ევრაზიული კონგრესი“ (Euro-Asian Jewish Congress).

ვკითხეთ, ფიქრობს თუ არა, რომ მისი ორგანიზაცია არსებობის განმავლობაში მისი დონორების ინტერესებს წარმოადგენდა და ახლაც წარმოადგენს:

„არა, მე არ წარმოვადგენ არავის ინტერესს, გარდა ჩვენი ორგანიზაციისა“.

„სვიტანოკი“ - „კანონი ბარიერია ევროკავშირის გზაზე“

2017 წელს რეგისტრირებული „სვიტანოკი“ საქართველოს უკრაინელთა ახალგაზრდული ორგანიზაციაა, რომელიც უკრაინელ დევნილებს ეხმარება.

„ჩვენი ორგანიზაციის გადაწყვეტილება, დავრეგისტრირებულიყავით უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში, არ გამომდინარეობს ჩვენი პოზიციიდან ამ კანონის მიმართ“, - აცხადებს „სვიტანოკი“

იუსტიციის სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ პირველ ხუთეულში ის ერთადერთია, რომელსაც აქვს დღემდე აქტიური ფეისბუკგვერდი.

ფეისბუკზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაცია უკრაინელ დევნილებს საქართველოში ინტეგრირებაში ეხმარება და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში შეაქვს წვლილი.

„სვიტანოკის“ დონორებს შორის არიან ჩეხური People in Need, ამერიკული Care Caucasus, კანადაში რეგისტრირებული „უკრაინული მსოფლიო კონგრესი“ და სხვები.

„ჩვენ, ქართველი ხალხის უმრავლესობის მსგავსად, ვეწინააღმდეგებით სამოქალაქო სექტორის შემზღუდავ აქტებს და საქართველოს ყველა საერთაშორისო პარტნიორის მსგავსად მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არის უდიდესი ბარიერი ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე“, - აცხადებს ორგანიზაცია.

„სვიტანოკი“ რეგისტრაციას უწოდებს „უმძიმეს გადაწყვეტილებას“ და ამბობს, რომ ეს გამოწვეულია ორგანიზაციის საქმიანობის შინაარსით.

„ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში უკრაინული თემის განვითარება საგანმანათლებლო, კულტურული და საინფორმაციო ღონისძიებებით, ასევე, უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირების დახმარება სოციალიზაციაში და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენ ვერ დავაყენებდით რისკის ქვეშ მოწყვლადი კატეგორიის ადამიანების ან თუნდაც ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლების ყოფნის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე“, - განმარტავენ ორგანიზაციაში.

„სვიტანოკი“ ხაზს უსვამს, რომ კანონი „რუსული სულისკვეთებითაა ნაკარნახევი“ და იმედს გამოთქვამს, რომ მისი მოქმედება მალე დასრულდება, „საქართველო კი მრავალფეროვანი, თავისუფალი და ძლიერი სამოქალაქო სექტორის მეშვეობით, მალე იზეიმებს ევროკავშირში ინტეგრაციის ახალ ეტაპზე გადასვლას“.

„ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ერთადერთ მართებულ გადაწყვეტილებას და შეაჩერებს მის მოქმედებას“, - აცხადებს ორგანიზაცია.

საკონსტიტუციო სასამართლო დუმს

პირველ ოქტომბერს ზუსტად ერთი თვე შესრულდა მას შემდეგ, რაც „აგენტების კანონის“ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს განმწესრიგებელი სხდომა - სამდღიანი სხდომა - დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილება კვლავ უცნობია.

საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს:

  1. დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა;
  2. თუკი სარჩელებს არსებითად განიხილავს, საბოლოო გადაწყვეტილებამდე გამოიყენებს თუ არა დროებით ზომას და შეაჩერებს თუ არა კონკრეტული მუხლების მოქმედებას.

სამდღიანი განხილვა ისე დასრულდა, რომ მოსარჩელეებს - პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, - მოლოდინი ჰქონდათ, პირველადი პოზიცია მალე გამოცხადდებოდა.

ზუსტად ერთი თვის თავზე საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ ფლობენ ინფორმაციას, როდის გამოცხადდება საქმის ამ ნაწილზე გადაწყვეტილება.

რა ხდება მონიტორინგზე?

„აგენტების კანონის“ მე-8 მუხლის შესაბამისად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს „უფლება აქვს, ნებისმიერ დროს განახორციელოს მონიტორინგი - საკითხის სათანადო გამოკვლევა და შესწავლა“.

რადიო თავისუფლებამ იუსტიციის სამინისტროსა და საჯარო რეესტრის პრესსამსახურის წარმომადგენლებს კითხვით მიმართა, დაწყებულია თუ არა რომელიმე ორგანიზაციის მიმართ მონიტორინგი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად“, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.

სამოქალაქო ორგანიზაციების დიდი ნაწილი რეგისტრაციაზე უარს აცხადებს, რადგან ამას ღირსების შემლახავად მიიჩნევს. მათ შორის ერთ-ერთია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI).

IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი, გიორგი დავითური ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, არც IDFI-ს და არც სხვა ორგანიზაციების მიმართ მონიტორინგი ამ ეტაპზე სახელმწიფოს არ დაუწყია.

მისი აზრით, ეს „პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, თუმცა. „ეს რამდენ ხანს გაგრძელდება, მე ვერ შევაფასებ, რადგან ეს არ ექვემდებარება რაიმე ლოგიკას“, - ამბობს დავითური.

IDFI-ს წარმომადგენელი დასძენს, რომ სახელმწიფომ წინასაარჩევნოდ სხვა რეპრესიული ინსტრუმენტების გამოყენება დაიწყო.

კერძოდ, ანტიკორუფციულმა ბიურომ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად“ გამოაცხადა.

რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი
რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი

ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის 2024 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება ორგანიზაციებს ავალდებულებს:

  • არ მიიღონ დაფინანსება უცხოეთიდან, - როდესაც TI დასავლელი დონორების დახმარებით ფუნქციონირებს;
  • არ მიიღონ დაფინანსება არცერთი ორგანიზაციისგან, მათ შორის საქართველოში რეგისტრირებულისგან;
  • წინასაარჩევნო პერიოდში არ ჰქონდეთ ისეთი აქტივობები, რაც შეიძლება ამომრჩევლის მოსყიდვად ჩაითვალოს და აწარმოონ დეტალური ფინანსური ანგარიშები შემოსავლებისა და ხარჯების შესახებ.

„აგენტების კანონზე სწრაფი და ეფექტური“, - ასე შეაფასა ანალიტიკოსთა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება.

პირველ ოქტომბერს, სამოქალაქო ორგანიზაციებისგან, პოლიტიკური პარტიებისგან და პარტნიორებისგან კრიტიკაზე პასუხად, რაჟდენ კუპრაშვილმა თქვა: „ყველა მტყუანია და მე ვარ მართალი“.

რამდენიმე საათში პრემიერმა კობახიძემ კი მას მოუწოდა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ „განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის“ სტატუსი მოუხსნას.

*დღის ბოლოს რეესტრს კიდევ ოთხი ორგანიზაციის მონაცემები შეემატა:

  1. „ინიციატივის, განვითარების და დასაქმების ასოციაცია“,
  2. „ინკლუზივ პრაკტისეზ“,
  3. „თბილისის მოზარდთა სახლი“,
  4. „გოგონები მსოფლიოს ლიდერები“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG