Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ხდება გამწესრიგებელი სხდომის შემდეგ - კონსტიტუციური სარჩელი „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებითად განიხილავს თუ არა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ სარჩელს და შეაჩერებს თუ არა მის მოქმედებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებითად განიხილავს თუ არა „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგ სარჩელს და შეაჩერებს თუ არა მის მოქმედებას.

შაბათს, 31 აგვისტოს დასრულდა საკონსტიტუციო სასამართლოში უჩვეულოდ ხანგრძლივი გამწესრიგებელი სხდომა, სადაც „აგენტების კანონს“ განიხილავდნენ.

სამდღიანი დებატებისა და კითხვების შემდეგ, სასამართლო სათათბიროდ გავიდა.

სასამართლომ - მოსამართლეთა პლენუმმა - ახლა ორი საკითხი უნდა გადაწყვიტოს:

  1. დაიწყებს თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებით განხილვას;
  2. თუ განხილვას დაიწყებს, დროებით, განხილვის დასრულებამდე შეაჩერებს თუ არა კანონის მოქმედებას.

როდის იქნება გადაწყვეტილება?

ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად როდის, ან რა ვადებში.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ სხდომის ბოლოს თქვა, რომ „სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით“.

მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე
მერაბ ტურავა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე

თუმცა მას დრო არ დაუზუსტებია.

მხარეები ელიან, რომ გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

შესაძლოა, ეს დღესვე, პირველ სექტემბერს მოხდეს, ან რამდენიმე დღეში.

რამდენი ხმაა საჭირო?

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, ზოგადად, ცხრა მოსამართლე აკომპლექტებს.

გადაწყვეტილებები უმრავლესობით მიიღება. ეს ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებისათვის საჭიროა, სულ მცირე, ხუთი ხმა.

ამჟამად, „აგენტების კანონის“ განხილვებში მხოლოდ რვა მოსამართლე მონაწილეობდა.

სასამართლოს ცნობით, ერთ-ერთი მათგანი, ირინე იმერლიშვილი, ჯანმრთელობის მდგომაორების გამო ვერ ესწრება სხდომებს.

ეს რვა მოსამართლეა:

  • მერაბ ტურავა, თავმჯდომარე
  • ვასილ როინიშვილი
  • ევა გოცირიძე
  • გიორგი თევდორაშვილი
  • გიორგი კვერენჩხილაძე
  • მანანა კობახიძე
  • ხვიჩა კიკილაშვილი
  • თეიმურაზ ტუღუში.

საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე - ისინი „აგენტების კანონს“ განიხილავენ
საკონსტიტუციო სასამართლოს რვა მოსამართლე - ისინი „აგენტების კანონს“ განიხილავენ

რვაწევრიან კოლეგიაშიც, სულ მცირე, ხუთი ხმა არის საჭირო გადაწყვეტილების მისაღებად.

ერთ-ერთი ბოლო პოლიტიკურად სენსიტიური საქმე, რაც სასამართლომ ამ შემადგენლობით განიხილა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი იყო. პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად ცხრიდან ექვსმა მოსამართლემ მიიჩნია.

ესენი იყვნენ:

  • მერაბ ტურავა;
  • მანანა კობახიძე,
  • ევა გოცირიძე,
  • ხვიჩა კიკილაშვილი,
  • გიორგი თევდორაშვილი და
  • ვასილ როინიშვილი.

დანარჩენმა სამმა განსხვავებული აზრი გამოხატა. ესენი იყვნენ:

  • ირინე იმერლიშვილი (რომელიც ამჟამად არ მონაწილეობს განხილვაში;
  • გიორგი კვერენჩხილაძე
  • თეიმურაზ ტუღუში.

რატომაა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?

საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს, რამდენად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას „აგენტების კანონი“.

მისი ფორმალური დასახელებაა „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონი“. როგორც მოწინააღმეგეები უწოდებენ - „რუსული კანონი“.

ეს დამოუკიდებელი საქართველოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სარჩელია.

საქართველოს პრეზიდენტი, 100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია, მედია და საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივად ებრძვიან პარლამენტს.

ოთხი ცალკეული სარჩელით ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს სთხოვენ, გააუქმოს კანონი, რომელმაც საქართველოს ევროინტეგრაცია შეაჩერა.

როგორც „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი საბა ბრაჭველი წერს, გასარკვევია მთავარი საკითხი:

„სასამართლო შეასრულებს თავის ვალდებულებას და აქვე დაასრულებს რუსული კანონის ეპოპეას, თუ უღალატებს კონსტიტუციას, ხალხს და რამდენიმე კვირით, სტრასბურგამდე ან ოქტომბრამდე გადაგვივადებს მის საბოლოო დასამარებას“.

შემაჯამებელი სიტყვები - მოკლედ

საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის მიმდინარეობისას პარლამენტის წარმომადგენლებმა არაერთხელ უარყვეს, რომ კანონი ახდენს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციას.

მათ კანონის მოქმედების არგუმენტად კიდევ ერთხელ დაასახელეს გამჭვირვალობა, - „როგორც, ცალკე აღებული ლეგიტიმური მიზანი და ასევე, როგორც შუალედური მიზანი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით“.

მესამე დღეს ერთ-ერთი მოსარჩელის, გამომძიებელ ჟურნალისტთა გუნდის, „სტუდია მონიტორის“ დამფუძნებელმა, ნინო ზურიაშვილმა მოსამართლეებს მიმართა, რომ კანონი შეაჩერონ:

„დღეს თქვენს ხელშია შესაძლებლობა იმისა, რომ როგორმე გამოგვიყვანოთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, მანამდე მაინც, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამოუსწორებელი ზიანი აგვაცილოთ. ამ ფუნდამენტურ განხილვას თვეები დასჭირდება და როდესაც თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება გამოვა, შესაძლოა, აღარ იყოს ის ორგანიზაციები, რომლებსაც ის შეეხება. გთხოვთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, აგვაშოროთ თავიდან ეს საშინელი არჩევანი, რომლის წინაშეც ხელისუფლებამ დაგვაყენა და გადაარჩინოთ ორგანიზაციები ამ არჩევანს და აგვაცილოთ ეს საფრთხე“.

საკონსტიტუციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველმა. მისი მოსაზრებით, კანონით „გარკვეული ჯგუფის გამოყოფა და მათთვის ახალი სტატუსის მინიჭება იწვევს უცხოური დაფინანსების გამო ორგანიზაციების სტიგმატიზებას და მათი საქმიანობის ხელშეშლას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG