ბათუმში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა, ე.წ. აგენტების კანონის საქმეზე, განმწესრიგებელი სხდომა განხილვის დაწყებიდან მესამე დღეს დაასრულა და სათათბიროდ გავიდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, დაიწყება თუ არა „აგენტების კანონისა“ და მისი კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობის საქმის არსებითი განხილვა. გარდა ამისა, მოსარჩელეები მოითხოვენ კანონის და მისი კონკრეტული მუხლების შეჩერებას, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ განმარტა, რომ „სასამართლო აქტის მიღების შესახებ მხარეებს ეცნობებათ დამატებით“.
პროცესის ბოლოს მოსამართლეებმა მოისმინეს მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების შემაჯამებელი სიტყვები.
სტუდია „მონიტორის“ დამფუძნებელმა ნინო ზურიაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს მოსამართლეებს მიმართა, რომ კანონი შეაჩერონ. მისი თქმით, ისინი ამით გამოუსწორებელ ზიანს ააცილებენ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს.
„დღეს თქვენს ხელში არის ეს შესაძლებლობა იმისი, რომ რაღაცნაირად გამოგვიყვანოთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან, მანამდე მაინც, სანამ სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს გამოუსწორებელი ზიანი აგვაცილოთ.
ამ ფუნდამენტურ განხილვას თვეები დასჭირდება და როდესაც თქვენი საბოლოო გადაწყვეტილება გამოვა, შესაძლოა, აღარ იყოს ის ორგანიზაციები, რომლებსაც ის შეეხება. გთხოვთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, აგვაშოროთ თავიდან ეს საშინელი არჩევანი, რომლის წინაშეც ხელისუფლებამ დაგვაყენა და გადაარჩინოთ ორგანიზაციები ამ არჩევანს და აგვაცილოთ ეს საფრთხე“, - მიმართა ზურიაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს.
გელა მთივლიშვილმა, „მთის ამბების“, „საქართველოს ამბებისა“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელის“ დამფუძნებელმა პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ თუკი კანონი ძალაში დარჩება, საქართველოში ნელ-ნელა გაქრებიან თავისუფალი პროფესიის ადამიანები.
„2012 წელს, როდესაც რუსეთში აგენტების კანონი მიიღეს, რაც ძალიან დეტალურად მაქვს წაკითხული, მაშინ, იმ ადამიანებმაც კი, რომლებმაც მყისიერად იგრძნეს საფრთხე, როგორც ახლა ჩვენ ვგრძნობთ, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა, ბოლომდე ვერ განჭვრიტეს, რა საშინელებას უმზადებდა ეს მათ და მათ სამშობლოს. ამ კანონმა, რომელიც საწყის ეტაპზე უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე საქართველოს პარლამენტის 84 წევრის მიერ მიღებული კანონი, ყველაფერი გააქრო რუსეთში - თავისუფალი მედიაც, არასამთავრობო სექტორიც, აზრის თავისუფლებაც. ქართული პროპაგანდისტული მედია ახლაც, ამ სამი დღის განმავლობაშიც ზუსტად იგივე კამპანიას აწარმოებს ჩვენ წინააღმდეგ, რასაც აკეთებდნენ რუსი პროპაგანდისტები. ქართულ ენაზე მოსაუბრე პროპაგანდისტებს იმედი აქვთ, რომ ზუსტად ისევე გაგვანადგურებენ, როგორც რუსეთში შეძლეს, მაგრამ ეს არ გამოვა თუ თქვენ [მოსამართლეები] ამ კანონს შეაჩერებთ. თუ არ შეაჩერებთ, საწყის ეტაპზე გავქრებით ჩვენ, თავისუფალი პროფესიის ადამიანები, მაგრამ რუსული ტიპის მმართველობა ისეთია რომ მას აუცილებლად და მუდმივად სჭირდება მსხვერპლი. როდესაც შუა გაიკრიფება, ის შეეხება ყველას და დარწმუნებული ვარ, შეიძლება [მოსამართლეებო] თქვენამდეც მოვიდეს“, - თქვა გელა მთივლიშვილმა.
პროცესზე მოპასუხე მხარემ, პარლამენტის წარმომადგენელმა ლევან ღავთაძემ თქვა, რომ მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს არგუმენტები, რა გამოუსწორებელი შედეგები დადგება თუკი კანონი არ შეჩერდება.
კანონის მოქმედების არგუმენტად ღავთაძემ გამჭვირვალობა დაასახელა.
„გამჭვირვალობა, როგორც ცალკე აღებული, არის ლეგიტიმური მიზანი და ასევე გამჭვირვალობა - როგორც შუალედური მიზანი, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მიზნით“, - აღნიშნა მან.
პარლამენტის წარმომადგენელმა უარყო, რომ კანონი ახდენს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაციას.
„სასამართლოს დავანახეთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი, ეს სიტყვები როგორც ერთად ისე ცალ-ცალკე არ წარმოშობს სტიგმატიზაციას... უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი წარმოადგენს ფაქტის კონსტატაციას... ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ახდენს საკუთარი თავის სტიგმატიზაციას, არიან თავად ეს სუბიექტები, - თქვა მან და დაამატა, - ამ კანონის მიზანი არის ძალიან მარტივი, საზოგადოებას, ხალხს, ხელისუფლების წყაროს ჰქონდეს ინფორმაცია საიდან ფინანსდებიან საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მქონე ორგანიზაციები“.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ:
- პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
- 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
- ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.
კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.
მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.
ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრის ჩათვლით უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.
საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.
თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად, ორგანიზაციების ნების საწინააღმდეგოდ, დაარეგისტრირებს. აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.
ფორუმი