Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენათმეცნიერ მარინა ბერიძის განმარტებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელს“ მხოლოდ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს


ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე. 31 აგვისტო, 2024 წელი.
ენათმეცნიერი მარინა ბერიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე. 31 აგვისტო, 2024 წელი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განმწესრიგებელი სხდომის მესამე დღეს, რომელზეც ე.წ. აგენტების საქმეს განიხილავენ, ენათმეცნიერ მარინა ბერიძეს უსმენენ. ის პროცესზე ერთ-ერთი მოსარჩელე მხარის, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციის მიწვევით იმყოფება.

შეკითხვაზე, საზოგადოებაში, როგორ აღიქმება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, მარინა ბერიძემ უპასუხა, რომ ამ ტიპის შესიტყვება მხოლოდ უარყოფით, მძიმე, შემაშინებელ ეფექტს იძლევა.

„ინტერესების გამტარებელი, თუ მას არ დავუმატეთ რაიმე დადებითი მნიშვნელობის სიტყვა, ის ვერ ინარჩუნებს დადებით მნიშვნელობას... ინტერესების გამტარებელი აუცილებლად უნდა იყოს ვიღაცის ან რაღაცის ინტერესების გამტარებელი“, - თქვა მან.

ენათმეცნიერმა დაამატა, რომ ტერმინი იმით განსხვავდება ჩვეულებრივი სალექსიკონო სიტყვისგან, რომ ის არ უნდა იწვევდეს გაურკვევლობას, არ უნდა სჭირდებოდეს დამატებითი განმარტებები.

„რიგითი ქართველისთვის ეს ტერმინები არის მხოლოდ მტრული ორგანიზაციის მონიშვნის საშუალება“, - აღნიშნა ბერიძემ და განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ მისი აღქმა და დამყარებულია ემპირიული მასალის კვლევაზე.

მარინა ბერიძემ უპასუხა ტერმინ აგენტის შესახებ დასმულ შეკითხვასაც. მისი თქმით, კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში აღნიშნული „აგენტის“ შეცვლის („უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“) შემდეგ, მისი ფუნქცია არსად წასულა და დარჩა კანონის ირგვლივ გამართულ დისკურსში.

„კიდევ უფრო მეტი ცუდი საქმე გააკეთა ამ ტერმინმა, „აგენტმა“, „გამტარებელს“ შეიძლება, კიდევ შეენარჩუნებინა ნეიტრალური მნიშვნელობა, რომ არ გამხდარიყო ის „აგენტის“ სინონიმი... ჩვენი ნება არ არის, რას ავსახავთ და რას არა ენაში, წელიწად-ნახევრის განმავლობაში კი არა, მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ „გამტარებელს“ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება აგენტის სტატუსი, - თქვა ბერიძემ და ილია ჭავჭავაძის სიტყვის პერიფრაზი მოიხმო, - „კაცს კაცი აღარ ჰქვია თუ კაცური არ დავამატეთ“ - აგენტს დაზღვევის არ ჰქვია, თუ არ დავამატეთ დაზღვევის“.

საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ოთხ სარჩელს განიხილავენ:

  • პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
  • 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
  • 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
  • ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს თანასწორობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას.

კანონის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელების განხილვა 29 აგვისტოს დაიწყო.

მოსამართლეებმა, პირველ რიგში, უნდა გადაწყვიტონ, შეაჩერებენ თუ არა კანონის მოქმედებას საკითხის განხილვის დასრულებამდე.

კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტეს ევროკავშირმა და აშშ-მ. აშშ-მ განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლებაც. საქართველოს პარტნიორები აცხადებენ, რომ „აგენტების კანონი“ ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას.

ე.წ. აგენტების კანონის თანახმად, ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, 2 სექტემბრამდე უნდა დარეგისტრირდნენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში“.

საქართველოში მოქმედმა აქტიურმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა ჯერ კიდევ კანონპროექტის განხილვის დროს განაცხადეს, რომ არ დარეგისტრირდებიან „ღირსების შემლახავ რეესტრში“. საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველი ოთხი სარჩელიდან ერთის ავტორი, სწორედ, 122 არასამთავრობო და მედიაორგანიზაციაა.

თუ მონიტორინგმა გამოავლინა, რომ ორგანიზაცია აკმაყოფილებს კანონით „კრიტერიუმებს“, მაგრამ მან „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო მას რეესტრში თავად არეგისტრირებს.

აღმოჩენილ და დაურეგისტრირებელ „უცხოური ინტერესის გამტარებელს“ 25 000 ლარითაც დააჯარიმებენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG