სასამართლოს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, როდის გამოცხადდება გადაწყვეტილება.
საკონსტიტუციო სასამართლოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ ხუთი სარჩელია შესული:
- პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას; პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას; ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას; მთლიანი კანონი კი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე ჩანაწერს.
- 122 მოსარჩელე, რომელთა შორისაც არიან არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, აცხადებს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებას და ეწინააღმდეგება გაერთიანებების შექმნის შესახებ კონსტიტუციურ ჩანაწერს.
- 38 ოპოზიციონერი დეპუტატი ასაჩივრებს კანონის რამდენიმე მუხლს, რადგან მიაჩნია, რომ ირღვევა გაერთიანების შექმნის უფლება. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ მთლიანად კანონი ეწინააღმდეგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საკონსტიტუციო ჩანაწერს.
- ორი მედიაორგანიზაცია - „სტუდია მონიტორი“ და „საინფორმაციო ცენტრების ქსელი“ („მთის ამბები“, „რეგ ინფო“, „საქართველოს ამბები“) - მიიჩნევს, რომ კანონის სხვადასხვა მუხლი არღვევს ინფორმაციის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა თავისუფლების უფლებასა და გაერთიანების შექმნის უფლებას;
- ერთი სარჩელი მაშინ შევიდა, როცა სასამართლო განმწესრიგებელ სხდომას მართავდა.
კანონის წინააღმდეგ შეტანილი ოთხი სარჩელის განხილვა, განმწესრიგებელი სხდომების ეტაპზე, 29 აგვისტოს დაიწყო და სამი დღე გაგრძელდა.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებისა და ხალხმრავალი აქციების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
მოქმედი კანონმდებლობით, თუ არასამთავრობო ან მედიაორგანიზაციამ არაკომერციული შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან მიიღო, „აგენტების რეესტრში“ უნდა დარეგისტრირდეს, სხვა შემთხვევაში მას 25 ათასი ლარით დააჯარიმებენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, რეგისტრაციაზე განაცხადი 400-ზე მეტმა ორგანიზაციამ შეიტანა.
ფორუმი