„ფეისბუკსასამართლოდან“ - სასამართლომდე
სამართლებრივი პროცესი ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ
ქალთა უფლებების დამცველებს მსხვერპლი ქალების სჯერათ
განაცხადი იმაზე, რომ ჩვენ ვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, გულისხმობს იმას, რომ მე არ ვარ ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა სექსუალური შევიწროება და სავარაუდო ძალადობა, - აღნიშნა პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სიდას ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ზვიად დევდარიანმა, რომელმაც თითქმის სამკვირიანი დუმილი 3 აპრილს დაარღვია.
„რას აკეთებდა ზვიად დევდარიანი ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს? ზოგადად ვიძახი, მიმოწერაზეა საუბარი. თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი მიმოწერა და კომუნიკაცია? სად გადის ეს ზღვარი დანაშაულსა და კერძო პრივატულ ურთიერთობებს შორის? ეს არის დასადგენი და არა ის, ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება“, - განმარტა, თავის მხრივ, ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, რომლის ვარაუდითაც, ზვიად დევდარიანის დადანაშაულება სექსუალურ შევიწროებაში მიზნად ისახავდა ხელი შეშლოდა სახალხო დამცველის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში. მეორე მხრივ, დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ სამართლებრივი დავა არა რომელიმე მედიასაშუალების ან გაერთიანების, არამედ კონკრეტული პირების წინააღმდეგ დაიწყება.
მე გამოვდივარ იმ ფეისბუკსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული...ზვიად დევდარიანი
„ამ ადამიანების სახელებისა და გვარების დასახელებას არ ვაპირებ, სამართლებრივ ჭრილშია საუბარი და მე აქ ჭორაობას ვერ დავიწყებ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. სწორედ ეს უკანასკნელი გარემოება დასახელდა პრესკონფერენციაზე ისეთ შეკითხვებზე პასუხებისგან თავის არიდების მიზეზად, როგორიცაა: ადასტურებს თუ არა ზვიად დევდარიანი მედიაში მის წინააღმდეგ ქალების მიერ მოყოლილ ისტორიებს, შეხვედრია თუ არა ქალებს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, უსაუბრია თუ არა საქმის ნაცვლად სექსზე და სხვა.
„არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად. ჩემი ერთადერთი მიზანია გამოვლინდეს და დამტკიცდეს სიმართლე. მე გამოვდივარ იმ ფეისბუკსასამართლოს წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე გამოვედი მსჯავრდებული და ბრალდებული“.
ამ შესავლის შემდეგ კი ზვიად დევდარიანმა განაცხადა, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მზადაა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, პროკურატურასა და სახალხო დამცველის აპარატთან.
„ფეისბუკსასამართლოდან“- სასამართლომდე
ზვიად დევდარიანი სამართლებრივ ბრძოლას სექსუალური შევიწროების ბრალდებით მისი პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო იწყებს და დაახლოებით ერთ კვირაში სამოქალაქო სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. 4 აპრილს ზვიად დევდარიანის განცხადება შევა პროკურატურაშიც. საგამოძიებო უწყებისგან „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე 159-მუხლების დარღვევის გამო, კერძო და პირადი კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის გამოძიებას ითხოვს. დიმიტრი გაბუნია ამბობს, რომ საჭიროა მკაცრად გაივლოს წითელი ხაზები შანტაჟს, მუქარასა და შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებას შორის და არც ერთი ნაბიჯი არ დარჩეს რეაგირების გარეშე. დიმიტრი გაბუნია მიიჩნევს, რომ ზვიად დევდარიანს ცილი დასწამეს და დაარღვიეს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფცია, ისე პერსონალური ინფორმაციის დაცულობის კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.
სამართლებრივი პროცესი ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ზვიად დევდარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიება 23 მარტს ადევნების მუხლით დაიწყო. გამოძიებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია და ქალების სექსუალური შევიწროებისა და მათ მიმართ ძალადობის ანონიმური ისტორიები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა როგორც მსხვერპლთ, ისე იმ პირთ, რომლებიც შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ფლობენ, თუმცა, როგორც ზვიად დევდარიანის ადვოკატი ამბობს, ამ შეთავაზებით ჯერ არავის უსარგებლია.
სამართლებრივად უნდა დადასტურდეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ამ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ ზვიად დევდარიანი მათ სექსუალურად ავიწროებდა...ანა არგანაშვილი
„თუ ისინი არ მიდიან, ჩვენ თვითონ კონკრეტულად, დროის მოკლე მონაკვეთში, ვამხელთ ყველა იმ პირს, ვინც გარკვეული ჯგუფების ანგაჟირების შედეგად გააკეთეს ესა თუ ის განცხადება“, - თქვა პრესკონფერენციაზე ზვიად დევდარიანის ადვოკატმა.
საქმეს დისკრიმინაციის აღმოფხვრის კუთხით სწავლობს სახალხო დამცველიც. მუშაობა გრძელდება და, შესაბამისად, ჯერ არ ზუსტდება ციფრი, რამდენი ქალი მიმართავს ომბუდსმენის მექანიზმს, რომელიც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აკრძალვას, მათ შორის სექსუალურ შევიწროებას შეეხება. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ამ ეტაპზე ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ სახალხო დამცველთან სექსუალური შევიწროების ფაქტზე 4 საქმე დევს და მას უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე დაემატება.
ქალთა უფლებების დამცველებს მსხვერპლი ქალების სჯერათ
ქალთა უფლებების დამცველები მზად არიან სამართლებრივი დახმარება გაუწიონ ყველა ქალს, რომელმაც სექსუალური შევიწროება განიცადა. როგორც „ქალთა მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, იდა ბახტურიძე, ამბობს, ვინაიდან ქალები ჯერჯერობით კონფიდენციალურად საუბრობენ, სავარაუდოდ, ზვიად დევდარიანი მათ ვერ უჩივლებს. რაც შეეხებათ უფლებადამცველებს, ისინი ბრძოლისთვის მზად არიან და თავადაც მიესალმებიან დავის სამართლებრივ ჭრილში გადატანას.
იდა ბახტურიძე ამბობს, რომ ეს მათ ზვიად დევდარიანზე ადრე დაიწყეს და საქმესაც ბოლომდე მიიყვანენ. მისივე აზრით, აზრს მოკლებულია ზვიად დევდარიანის არგუმენტი ცილისწამების შესახებ. გამოძიების დასრულებას ელოდება ანა არგანაშვილიც, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.
„სამართლებრივად უნდა დადასტურდეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ გვჯერა ამ ქალების, რომლებიც ამბობენ, რომ ზვიად დევდარიანი მათ სექსუალურად ავიწროებდა“, - ამბობს ანა არგანაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი, ქალთა სექსუალურ შევიწროებაში „ქალთა მოძრაობამ“ დაადანაშაულა. სპეციალურ განცხადებაში „ქალთა მოძრაობა“ მიუთითებდა, რომ 16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი დაასახელა, „ქალთა მოძრაობის“ სამუშაო ჯგუფში „მოძრაობის“ წევრები მისი მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ. სექსუალური სკანდალის შემდეგ ზვიად დევდარიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში თავისი კანდიდატურა მოხსნა და „სიდა“ დატოვა. 3 აპრილს მან განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ დასრულდება გამოძიება, არც „სიდას“ და არც სამოქალაქო სექტორს აღარ დაუბრუნდება, მომხდარის შესახებ კი აუცილებლად დაწერს წიგნს.