„ყველაფერი გათვალისწინებულია. 2017 წელს დაიწყება ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია. გაზაფხულის ბოლოს, მაქსიმუმ ზაფხულის დასაწყისში, ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება“, - ჯერ კიდევ 2016 წლის მიწურულს გააკეთა ეს განცხადება ზუგდიდის ყოფილმა მერმა, ირაკლი გოგოხიამ.
ასეთივე ოპტიმისტური იყო მისი განწყობა 2014 წელსაც, როცა ის ქალაქის მერი გახდა, თუმცა ისე ამოწურა ვადა, რომ დაპირება ვერ შეასრულა. მისი მერობის პერიოდში შემუშავდა მხოლოდ პროექტი, რომელიც მუნიციპალური განვითარების ფონდს გადაეგზავნა.
ამჯერად ბოტანიკური ბაღის აღდგენის იმედს ზუგდიდელებს ახალი მერი, ლაშა გოგია, აძლევს. ეს დაპირება მის წინასაარჩევნო კამპანიაშიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დაპირებიდან დაპირებამდე კი ზუგდიდელები იმის მოლოდინში არიან, თუ როდის აღადგენენ ქალაქის მთავარ, ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის, მეცხრამეტე საუკუნის ძეგლს, რომლის მდგომარეობაც წლიდან წლამდე უარესდება.
ქალაქის შუაგულში 26 ჰეტარამდე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ ბაღში ეკალ-ბარდები ხარობს. დაავადებისგან გამხმარია კოლხური ბზის დიდი ნაწილი, გასხვლას საჭიროებს ხე-მცენარეები. ზოგიერთი მათგანი სიძველისა და მოუვლელობის გამო მოსაჭრელია. ამორტიზებულია და შესაკეთებელი შენობები, სადაც წლების წინ ბაღის ადმინისტრაცია და ორანჟერეა იყო განთავსებული. ბოტანიკური ბაღი ქალაქის მოუვლელ ტყედ იქცა.
ჩემი ბავშვობა ამ ბაღში გამიტარებია და მახსოვს, აქ ფარშევანგები დადიოდნენ, ძალიან მოწესრიგებული იყო ყველაფერი და მუშაობდა. ახლა, როგორც ვიცი, დაიწყება მალე განახლება და ძალიან მოხარული ვარ მე და იქნება მთელი ზუგდიდი და მთელი საქართველო...
ზუგდიდელები რადიო თავისუფლებასთან საუბარში უკვე მერამდენედ გამოხატავენ გულისტკივილს ბაღის ამჟამინდელი მდგომარეობის გამო:
„ძალიან მოუწესრიგებელია და გული მწყდება. ეს მისატოვებელი ადგილი ნამდვილად არ არის, ყველასთვის საყვარელი ადგილია და გული დაგწყდება, უბრალოდ. აი, მართლა მესიამოვნება, წლების წინ რაც იყო, ის თუ არა, სანახევროდ მაინც თუ მოხდა მისი აღდგენა. ერთი დღე სიამოვნებით მოვალ დასუფთავებაზე, თუ ვიქენი საჭირო“;
„დაინგრა და ეს ვერ აღადგინეს. ეს ერთი პარკი გვაქვს ჩვენ, რომლითაც ვამაყობთ სამეგრელო და განსაკუთრებით ზუგდიდი და ახლა დანგრეულია. სასწაულია!“
„წინათ ლამაზი იყო, მოვლილი იყო ჩვენი ბაღი. ახლა არ არის ასეთ მდგომარეობაში“;
„მე ჩემი ბავშვობა ამ ბაღში გამიტარებია და მახსოვს, აქ ფარშევანგები დადიოდნენ, ძალიან მოწესრიგებული იყო ყველაფერი და მუშაობდა. ახლა, როგორც ვიცი, დაიწყება მალე განახლება და ძალიან მოხარული ვარ მე და იქნება მთელი ზუგდიდი და მთელი საქართველო. ეს ისტორიული მნიშვნელობის ბაღია და უნდა აღდგეს აუცილებლად“.
ზუგდიდელებს „მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ჰპირდება, რომ ბოტანიკური ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. როგორც რადიო თავისუფლებას ფონდის პრესსამსახურში განუმარტეს, მათ მიერ გამოცხადებულ ტენდერში უკვე გამოვლინდა გამარჯვებული, რომელიც ამ სამუშაოებს შეასრულებს. ფონდის წარმომადგენლები ზუგდიდში ჩამოსვლას და ამ თემაზე განცხადების ადგილზე გაკეთებას აპირებენ.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით კი, ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციის შესახებ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავაა“. საერთო ჯამში, ბაღის აღდგენას 11 მილიონ 974 ათას 436.72 ლარი უნდა მოხმარდეს.
სამუშაოების დამკვეთი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოა, შემსრულებელი - ააიპ „საქართველოს მუზეუმების ასოციაცია". შედეგად, ბოტანიკური ბაღის სრული აღდგენა იგეგმება. სამუშაოები დაწყებიდან 18 თვეში უნდა დასრულდეს.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი ქალაქ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეკონსტრუქციისთვის 6 ოქტომბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა სულ სამმა კომპანიამ მიიღო.