Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის სასამართლოში „ქართული ოცნების“ წევრის სასამართლო სხდომა გაიმართა


ზუგდიდი
ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დღეს „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, სერგო ჩაჩიბაიას წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა მტკიცებულებები წარმოადგინეს. განსასჯელის ადვოკატის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ბრალდების მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოა. ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა დაუშვებლად იქნეს მიჩნეული ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ცივი იარაღის ტარების შესახებ. დაცვის მხარის განცხადებით, ჩაჩიბაიას დაკავება მოხდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ასეთივე წესით მოხდა დანის მოპოვება და აღნიშნული ცივი იარაღი ვერ გახდება ჩაჩიბაიას მიმართ სისხლის სამართლის კუთხით საქმის აღძვრის მიზეზი. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, აღმკვეთი ღონისძიების შეცვლა გირაოთი (10 ათასი ლარის ოდენობით) და დაცვისა და ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი მოწმეების დაკითხვა ასევე არ დააკმაყოფილა მოსამართლე ირაკლი აფშილავამ. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის მოთხოვნა მოწმის სახით დაიკითხოს ელგუჯა გოგოხია, იმ ავტოსერვისის ერთ-ერთი თანამშრომელი, სადაც სერგო ჩაჩიბაია დააკავეს. შალვა შავგულიძემ პროცესზე განაცხადა, რომ ელგუჯა გოგოხიამ უარი თქვა დაცვის მხარესთან საუბარზე. შუამდგომლობების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ დაცვის მხარემ მოითხოვა მოსამართლის აცილება, რაც აგრეთვე არ დაკმაყოფილდა მოსამართლის მიერ. სერგო ჩაჩიბაიამ სასამართლო პროცესზე დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის დაკავებულია პოლიტიკური ნიშნით და რომ უდანაშაულოა.

სერგო ჩაჩიბაიას სასამართლო პროცესს ოჯახის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების” ლიდერები ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, ირაკლი ჩიქოვანი და საერთაშორისო ორგანიზაციების „ენდიაისა“ და „აირაის“ ოფისის ხელმძღვანელები საქართველოში - ლუის ნავარო და ანდრეა ქერბსი. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სერგო ჩაჩიბაია დააკავეს განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო და რომ ის პოლიტპატიმარია.

სერგო ჩაჩიბაიას საქმის არსებითი განხილვა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 8 მაისს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების “ წევრი სერგო ჩაჩიბაია 25 მარტს იქნა დაკავებული ზუგდიდში, ერთ-ერთ ავტოსერვისზე, ვინმე ოთარ ქეცბაიასთან სიტყვიერი შელაპარაკებისას.
XS
SM
MD
LG