Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩხუბი ეთიკის კოდექსზე მუშაობის პარალელურად ზუგდიდის საკრებულოში


ზუგდიდი
ზუგდიდი

როგორ უნდა იქცეოდეს საკრებულოს წევრი, რა ვალდებულება ეკისრება მას, დარღვევის შემთხვევაში როგორი იქნება პასუხისმგებლობის ზომა - ზუგდიდის საკრებულომ ამ საკითხების მარეგულირებელი ეთიკის კოდექსის საჯარო განხილვები დაიწყო, უკვე ერთ საათში გამართულ სხდომაზე კი დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს წარმომადგენლობით ორგანოში მომხდარ ცემის ფაქტს, რომლის შედეგადაც სხეულზე მსუბუქი დაზიანებები მიიღეს „ევროპული საქართველოსა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა. დაპირისპირების დროს დაიმსხვრა სხდომათა დარბაზის მიკროფონიც, რომელიც ცემის დროს ერთგვარ იარაღად იყო გამოყენებული.

პოლიცია დაკითხავს საკრებულოს წევრებსა და ინციდენტის მონაწილეებს. დეპუტატების ცემის ფაქტი საუბრის მთავარი თემაა დღეს მოქალაქეებისთვისაც.

„ჩვენ ავირჩიეთ, დეპუტატები არიან და ასე არ უნდა მოიქცნენ“;

„ესენი თუ ასე იჩხუბებენ, სხვა, რიგითმა მოქალაქემ რა უნდა ქნას?!“

„ჩვენ უბრალო ხალხი ვართ და ჩვენ რომ ასე მოვიქცეთ, მტრისას!“

„ეს არის გაუნათლებლობის პიკი. ხალხისგან, რომელიც შუა სხდომაზე ასე ურტყამს ერთმანეთს, ჩვენ პირადად, ახალგაზრდებმა, რა მაგალითი უნდა ავიღოთ?“

„ამხელა სიძულვილი საიდან მოდის, ვგიჟდები ამაზე. განვიცდი, მაგრამ ვერაფერს ვერ ვცვლი“, - აცხადებენ რადიო თავისუფლების მიერ ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები.

ფიზიკური დაპირისპირება
ფიზიკური დაპირისპირება

22 მარტს გამართულ სხდომაზე დავა მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრის, გელა თოლორაიას, „ევროპულ საქართველოში“ გადანაცვლებისა და ამავე პარტიის ფრაქციაში გაწევრიანების საკითხს. გელა თოლორაია, რომელიც ჯერ საკრებულოს არც ერთ სხდომას არ დასწრებია, საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით გახდა. მან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პარტია დატოვა, ახლა კი, მასზე ამ ინფორმაციის გაჟღერების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ყოფილ თანაგუნდელებს უთხრა, რომ ისინი მმართველი პარტიის მიერ ფულით მოსყიდულები არიან. ამ სიტყვებმა დეპუტატების დაპირისპირება გამოიწვია. საბოლო ჯამში კი, „ევროპული საქართველოდან“ ბათლომე შელიამ და „ნაციონალური მოძრაობიდან“ მისმა მოგვარემ, დავით შელიამ, ერთმანეთს სცემეს.

„გვაქვს პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება, როგორც პოლიტიკურ პარტიას, და ძალიან ცუდია, რომ „ევროპული საქართველო“ ასეთი აგრესიით გამოირჩევა კრიტიკაზე და ცუდია, როცა ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ აქვთ სტატუსი პოლიტიკური მეძავების“, - ამბობს ანა წითლიძე.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზარალებულები
ფიზიკური დაპირისპირების შედეგად დაზარალებულები

თავად დავით შელიას მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელია კი ამბობს, რომ ეს იყო სამარცხვინო ქმედება ენმ-ის მხრიდან:

ჩვენ გვინახავს არაერთი მსგავსი ფაქტი ზუგდიდის საკრებულოში, წინა წლებშიც და პარლამენტშიც. ჩვენ დღეს ვართ ოცდამეერთე საუკუნეში, როცა მსგავსი ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს შორის არ უნდა იყოს.
არჩილ თოდუა

„მათ დაამტკიცეს, რომ მათ არ შეუძლიათ ნორმალური ოპონირება და ისინი მუშტებზე არიან გადასულები. ეს იყო სამარცხვინო ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან“, - განაცხადა ბათლომე შელიამ.

საკრებულოს თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიციამ წარმოაჩინა ურთიერთობის ის ფორმები, როგორითაც მოსახლეობას წლების განმავლობაში ეპყრობოდნენ:

„მომავალში კატეგორიული ვიქნები ასეთი საქციელის არდაშვების მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებზე, მეტადრე მაშინ, როცა რამდენიმე საათით ადრე განვიხილავდით ეთიკის კოდექსს“, - განმარტა მამუკა წოწერიამ.

ის, რაც ზუგდიდის საკრებულოში მოხდა, დაბალი პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელია, განუცხადა რადიო თავისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ:

„ჩვენ გვინახავს არაერთი მსგავსი ფაქტი ზუგდიდის საკრებულოში, წინა წლებშიც და პარლამენტშიც. ჩვენ დღეს ვართ ოცდამეერთე საუკუნეში, როცა მსგავსი ურთიერთობა პოლიტიკურ პარტიებს შორის არ უნდა იყოს“, - თქვა არჩილ თოდუამ.

საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG