Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდის მერიას თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდის გამო საყვედურობენ


ზუგდიდი
ზუგდიდი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის მერიას სიცრუეში ადანაშაულებს. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხელისუფლებამ იცრუა, როცა მუნიციპალიტეტების გაერთიანებისას თანამშრომელთა შემცირება და ბიუჯეტის უფრო ეფექტური ხარჯვა დააანონსა.

ანა წითლიძის თქმით, ახალი მერიისა და საკრებულოს დაკომპლექტების შემდეგ სამი თვის თავზე თვითმმართველობაში დასაქმებულთა რაოდენობა, საერთო ჯამში, 500-ით გაიზარდა და გახდა 2 300. პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თანამშრომლებზე გაცემულმა ხელფასმა მილიონ 500 ათას ლარზე მეტი შეადგინა.

ხელფასებმა ამ სამ თვეში შეადგინა მილიონ 500 ათას ლარზე მეტი. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 108 ათასი ლარი წელიწადში, ხოლო დევნილებისთვის მხოლოდ 41 ათასი ლარი...
ანა წითლიძე

„აქ არის მთლიანად მერია, საკრებულო და ააიპ-ები. გაიზარდა თანამშრომლები 500-ზე მეტით და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული ეს დანიშვნები. ხელფასებმა ამ სამ თვეში შეადგინა მილიონ 500 ათას ლარზე მეტი. ეს მაშინ, როდესაც ზუგდიდის ბიუჯეტში სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილია მხოლოდ 108 ათასი ლარი წელიწადში, ხოლო დევნილებისთვის მხოლოდ 41 ათასი ლარი“, - ეს ინფორმაცია წითლიძემ ფრაქცია ენმ-ის წევრებთან ერთად მიაწოდა ჟურნალისტებს პარტიის ადგილობრივ ოფისში.

მანამდე მერიაში თანამშრომელთა გაზრდაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა ინტერნეტგამოცემა „ლაივპრესმა“. მედიასაშუალებამ მერიის დაქვემდებარებაში არსებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიულ პირებში თანამშრომელთა რაოდენობაზე მერიიდანვე გამოთხოვილი ინფორმაცია გასული წლის ანალოგიურ პეროდში იმავე მონაცემებს შეადარა. შედეგად მხოლოდ ააიპ-ებში 500 თანამშრომლით ზრდა დაფიქსირდა და ეს მაშინ, როცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე გაუქმებული თემისა და ქალაქის ააიპების გაერთიანებისას თანამშრომელთა შემცირება დააანონსა.

როგორც „ლაივპრესს“ მერიაში განუცხადეს, 2017 წლის იანვარში თანამშრომელთა რაოდენობა 1 634-ს შეადგენდა, წლის ბოლოსთვის კი ეს ციფრი 2 154-ით შეიცვალა.სწორედ ამ მონაცემთან შედარებითაა ამჟამად ააიპ-ებში დასაქმებული 22-ით ნაკლები პირი.

ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი ზუგდიდის მერმა გააკეთა. ლაშა გოგიას მტკიცებით, მერიაში, საერთო ჯამში, დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა.

ლაშა გოგია
ლაშა გოგია

„გაერთიანების შემდეგ 61 ადამიანი დარჩა მერიის გარეთ და სადღაც 50-მდე თანამშრომლით, ზუსტი ციფრი არ ვიცი, შემცირდა ააიპ-ებში. ასე რომ, ქალბატონ ანის არასწორი ინფორმაცია გააჩნია“, - განმარტა მერმა.

რადიო თავისუფლების შენიშვნაზე, თუ დღევანდელ მონაცემებს არა გასული წლის ბოლოს, არამედ ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, თანამშრომელთა რაოდენობა არა შემცირებული, არამედ 500-ით არის გაზრდილიო, მერმა აღნიშნა:

„ჩვენ განვათავსეთ ინფორმაცია, რა იყო გაერთიანებამდე და რა არის ახლა, გაერთიანების შემდეგ. ასე რომ, ციფრები შეგიძლიათ აიღოთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდანო“.

კითხვაზე, შარშან კონკრეტულად რა პერიოდში და რის საფუძველზე გაიზარდა ააიპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის 500-ითო, მერიაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG