საკრებულოს უმრავლესობამ, საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურების შესახებ პირველი იანვრიდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეების ნაწილს ხელფასი გაეზარდოს. შედეგად, თანამდებობრივი სარგო გაეზარდა სამსახურებისა და განყოფილებების უფროსებს და მთავარ სპეციალისტებს. ამასთან, ამავე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოში შეიქმნა ახალი, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, პოზიცია, რასაც, უმრავლესობის დეპუტატების განმარტებით, პარლამენტის მიერ მიღებული საჯარო სამსახურის შესახებ კანონი არეგულირებს.
რაც შეეხება საჯარო მოხელეთა ნაწილისთვის ანაზღაურების მომატებას, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას განცხადებით, ხელფასების ზრდა კონკრეტულ კოეფიციენტებზეა დამოკიდებული და მატება მოხდა 100-200 ლარით. ამასთან, ის ირწმუნება, რომ, გასულ წელთან შედარებით, გაერთიანებული მუნიციპალიტეტის სახელფასო ფონდი არათუ გაიზარდა, 527 ათასი ლარით შემცირდა.
როდესაც ჩვენი თანაქალაქელების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ვერც ერთი საარჩევნო დაპირების შესრულება, ამ ფონზე ხელფასების გაზრდა არის ძალიან ცუდი...ანა წითლიძე
„მე ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვიცი მათი დატვირთული გრაფიკი, მათი პასუხისმგებლობა. ეს ჩვენ, საკრებულოს წევრებს, კიდევ ერთხელ გვაძლევს საფუძველს, რომ კიდევ მეტი კონტროლი გავუწიოთ მათ ეფექტურობას, მათ მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარიხს.მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, და ასევე ჩვენი ფრაქცია გავუწევთ ზედამხედველობას, რათა ისინი მაქსიმალურად იყვნენ ეფექტურები და გაამართლონ ის სახელფასო ანაზღაურება, რაც მათ კანონით განესაზღვრათ“, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.
ცვლილებებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე ანა წითლიძემ აღნიშნა, რომ კარგად ესმის, საჯარო მოხელის მაღალი ხელფასი რომ რეალურად ამცირებს კორუფციის რისკს, მაგრამ იმ პირობებში, როცა ქალაქში არაერთი პრობლემაა, შრომის ანაზღაურების გაზრდა სწორ ნაბიჯად არ მიაჩნია:
„როდესაც ჩვენი თანაქალაქელების სოციალური მდგომარეობა მძიმეა და როდესაც მთელი ამ ხნის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო ვერც ერთი საარჩევნო დაპირების შესრულება, ამ ფონზე ხელფასების გაზრდა არის ძალიან ცუდი და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი არის საკუთარი კეთილდღეობა და არა ზუგდიდელების“.
იმავე მიზეზით უარი თქვა გადაწყვეტილების მხრდაჭერაზე „ევროპულმა საქართველომაც“.
„ასეთი პრობლემების ფონზე კიდევ ხელფასების ზრდას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვერ დავუჭერდით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, ბათლომე შელიამ.
საბოლოო ჯამში, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სამსახურების უფროსების ანაზღაურება 2 300 ლარით განისაზღვრა, მათი მოადგილეებისა - 2 ათასით. რაც შეეხებათ განყოფილების უფროსებს, ხელფასი ამ პოზიციაზე 1800 ლარია. საკრებულოში შექმნილ ახალ პოზიციაზე - ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე - მყოფები შრომით ანაზღაურებას 1250 ლარის ოდენობით მიიღებენ.