დადიანების სამუზეუმო კომპლექსი, რომელიც შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა, და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან, ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობაა.
მიუხედავად იმისა, რომ, საერთო ჯამში, კომპლექსში შემავალი ობიექტები საერთაშორისო სტანდარტებს მხოლოდ ნაწილობრივ უპასუხებს, ბოტანიკური ბაღი კი სავალალო მდგომარეობაშია, დამთვალიერებელი ჰყავს, როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსული სასკოლო ექსკურსიების, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახით.
ამ ეტაპზე სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ ეკატერინე დედოფლის სასახლეში დაცული ნივთები დაათვალიერონ. რაც შეეხება ნიკოსეულ სასახლეს, აქ სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო შესვლა აკრძალულია. მეცხრამეტე საუკუნეში აშენებული ორსართულიანი შენობა, სასწრაფო სარემონტო სამუშაოებს საჭიროებდა და 2015 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით ეს პროცესი დაიწყო. სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ რეკონსტრუქცია, საბოლოო ჯამში, გულისხმობს შენობის სრულ გაჯანსაღებას. ის მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:
„საბჭოთა პერიოდში ძალიან ბევრი გადაკეთებები იყო, იყო ჩატარებული ისეთი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნიდა შენობას, მათ შორის, კონსტრუქციული მდგრადობის თვალსაზრისით. აბსოლუტურად ყველაფერი გამოიცვალა, რაც კი დაზიანებული იყო. მათ შორის, გაიხსნა საძირკვლები, აღდგა განიავების სისტემა, რომელიც დახშული იყო. ანუ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
მისივე ინფორმაციით, ნიკოსეული სასახლის სრული რეკონსტრუქცია 1 მილიონ 700 ათას ლარამდე ჯდება. თანხის ნაწილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა, ნაწილი კი ფონდმა „ქართუმ“ გაიღო.
თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ამჟამად მოქმედი ეკატერინე დედოფლის სასახლეც საჭიროებს. 2015 წელს აქ მხოლოდ სახურავი გამოიცვალა და მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა. ნიკოლოზ ანთიძის თქმით, დადიანების სამუზეუმო კომპლექსის რეკონსტრუქციის ფარგლებში სამუშაოები აქაც დაიწყება, ოღონოდ მას შემდეგ, რაც ნიკოს სასახლის აღდგენა დასრულდება.
სწორედ ე.წ. დედოფლისეულ სასახლეშია განთავსებული დადიანების ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, სადაც 50 000- მდე ექსპონატი ინახება - მათ შორის, მართლმადიდებლური სიწმინდეები, ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული, XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთები და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები. მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I-ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომლითაც, მუზეუმის დირექტორის, ლილი ბერაიას, თქმით, უცხოელი სტუმრები ინტერესდებიან. როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, შენობა სრულად არა, მაგრამ მიახლოებულია მუზეუმების საერთაშორისო სტანდარტებს:
„საქართველოში მუზეუმები მაღალ დონეზე არ დგანან. ზუგდიდის მუზეუმი კი საშუალო დონის არის. ნიკოს სასახლის რეაბილიტაციის შემდეგ მოხდება დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაცია. შემდეგ ორივე სასახლე ერთ კომპლექსში ჩაჯდება და იქნება ორი მუზეუმი - დაიწყება არქეოლოგია-ეთნოგრაფიით და დამთავრდება მეოცე საუკუნით, თანამედროვე მხატვრების ნამუშევრებით. ჩვენ, როგორც იქნა, შევძელით და 2 დარბაზში გვაქვს კლიმატკონტროლი. ჩვენ, ასეა თუ ისე, დავუახლოვდით ამ თანამედროვე სტანდარტს“, - განაცხადა ლილი ბერაიამ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში ირწმუნებიან, რომ უახლოეს სამ წელიწადში დადიანების კომპლექსს - მათ შორის, ბოტანიკურ ბაღს - რეკონსტრუქცია ჩაუტარდება და განახლდება.