Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დაფინანსების წყაროების ძიებაში – მუზეუმების ყოფა ქუთაისში


ქუთაისი
ქუთაისი

ქუთაისში მოქმედი 5 მუზეუმიდან ყველაზე ძველია საუკუნის წინ დაარსებული ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, რომელიც წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მდებარე ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებდა. 5 წლის წინ მუზეუმი ქალაქის ისტორიულ უბანში განთავსდა, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობაში, რომელიც თავად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია. როგორც მუზეუმის ადამიანური რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნონა ქარციძე, განმარტავს, მუზეუმის ფონდში 230 ათასი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ექსპონატია დაცული და მათგან ყველაზე ძველი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მერვე საუკუნეში შექმნილი მამაკაცის ითიფალური ქანდაკებაა. მუზეუმში დაცულია, ასევე, მსოფლიოში ერთადერთი კოლხური დიდრაქმა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება და ამჟამად მუზეუმის ლოგოა.

გადმოწერა

ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დღეს ორი საექსპოზიციო დარბაზი ფუნქციონირებს, თუმცა ასეულობით უნიკალური ექსპონატი საცავში ინახება და მუზეუმის სტუმრებს მათი დათვალიერება არ შეუძლიათ. ნონა ქარციძის ინფორმაციით, უკვე შემუშავდა პროექტი, რომელიც მუზეუმის გაფართოებასა და საგამოფენო სივრცეების დამატებას გულისხმობს. როგორც ნონა ქარციძე ამბობს, ვიზიტორთა რაოდენობა მუზეუმში ყოველწლიურად იზრდება და გასულ წელს ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცული ეროვნული საგანძური 5 ათასამდე დამთვალიერებელმა მოინახულა, მათ შორის მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტები. ნონა ქარციძისავე ინფორმაციით, მუზეუმის სიცოცხლისუნარიანობის გასაზრდელად და პოპულარიზაციისთვის მუდმივ გამოფენებთან ერთად დროებითი და გაცვლითი გამოფენები ეწყობა. მუზეუმი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებით ფუნქციონირებს და ბოლო წლების განმავლობაში ეტაპობრივად მიმდინარეობს იქ დაცული ექსპონატების რესტავრაცია. რესტავრირებული ნივთების ერთ გამოფენას მუზეუმმა 2013 წელს უმასპინძლა და მალე მეორე გამოფენა უნდა გაიმართოს. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში დაცულია ტემპერატურული რეჟიმი, რაც ექსპონატების შესანახად მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუმცა მუზეუმის არსებობისთვის დამატებით თანხის მოძიებაა აუცილებელი და სხვადასხვა ფონდებში ყოველწლიურად წარადგენენ პროექტებს.

ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინომატიანის მუზეუმი, რომელიც 24 წელია ფუნქციონირებს და ბოლო ერთი წელია, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე შენობაში დაიდო ბინა. 2008 წელს, ქუთაისის ისტორიული უბანში მრავალწლიანი ფუნქციონირების შემდეგ, შენობების რეკონსტრუქციის მოტივით კუთვნილი ფართიდან გამოსახლებული მუზეუმი 8 წლის განმავლობაში კულტურული და სახელოვნებო დაწესებულებების ერთ-ერთ ოთახში იყო განთავსებული. მუზეუმის ხელმძღვანელის, რამაზ მორჩაძის, განცხადებით, მუზეუმი ამჟამად განთავსებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობაში და მისი ფართი მუზეუმის ფუნქციონირებისთვის საკმარისია. რამაზ მორჩაძის ინფორმაციით, მუზეუმში ამჟამად დაცულია სამუზეუმო წესით დამუშავებული 20-მდე სხვადასხვა ჟანრის 3 132 ფოტოსურათი. აქედან ყველაზე ძველი 1870 წლით თარიღდება. ამჟამად ფოტოები ციფრულ ფორმატში ინახება. რამაზ მორჩაძის განცხადებით, მუზეუმში შესვლა უფასოა და მის დამთვალიერებელთა დიდი ნაწილი უცხოელი ტურისტია:

როგორც რამაზ მორჩაძე ამბობს, უცხოელ ტურისტთა სიმრავლის გამო გადაწყდა მუზეუმში მუდმივმოქმედი გამოფენა შეიქმნას და საგამოფენო დარბაზში გამოიფინოს 30 უნიკალური ფოტო, მათ შორის გასულ საუკუნეში გადაღებული პორტრეტები, პეიზაჟები და ისტორიული უბნების ხედები.

ქუთაისში მოქმედი კიდევ ერთი მუზეუმი, რომელიც უცხოელი დამთვალიერებლების სიმრავლით გამოირჩევა, საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმია. ისიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. როგორც მუზეუმის კურატორი მურმან დემეტრაძე ამბობს, 30-წლიანი ფუნქციონირების შედეგად მუზეუმში დაცულია 3 500 ექსპონატი, მათ შორისაა მეორე მსოფლიო ომის ამსახველი სურათები და პლაკატები, ორდენები, მედლები და ვეტერანების ხვა პირადი ნივთები. მუზეუმში შავ-თეთრი ფოტოების გვერდით ფერადი ფოტოებიცაა გამოფენილი. მათი ნაწილი აფხაზეთის ომს, 2008 წლის რუსეთის აგრესიასა და ქართველი ჯარისკაცების საერთაშორიო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას ასახავს. მუზეუმის დათვალიერება მნახველს უფასოდ შეუძლია, თანამშრომლების ხელფასი კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მუზეუმს სხვა შემოსავალი არა აქვს. მურმან დემეტრაძისავე განცხადებით, 300 კვადრატული მეტრი საგამოფენო სივრცე ექსპონატების გამოსაფენად საკმარისია, თუმცა მუზეუმი შენობის პირველ სართულზეა განთავსებული და მისი ქვის იატაკი ზამთარში გაუსაძლის პირობებს უქმნის როგორც თანამშრომლებს, ასევე დამთვალიერებელს .

ქუთაისში, საბრძოლო დიდების ეროვნული მუზეუმის მიმდებარედ, სპორტის მუზეუმი ფუნქციონირებს, რომელსაც ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა აფინანსებს. ქალაქის ცენტრშია განთავსებული დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაც, რომელის ფონდებში ქართველი და უცხოელი მხატვრების უნიკალური ტილოებია დაცული.

XS
SM
MD
LG