ჯანსაღ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების სურვილი ყველას აქვს, ასეთ გარემოს კი უმთავრესად რომ მწვანე საფარი ქმნის, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ რა კეთდება საიმისოდ, რომ არსებული ბაღები, ტყე-პარკები, სკვერები, ზოგადად ნარგავები მოვლილი იყოს და ახლით შეივსოს?
როგორც კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CENN) წარმომადგენელი, მაია კოდუა, აცხადებს,ბოლო რამდენიმე წელია ზუგდიდში ხეები არ დარგულა, მხოლოდ სკვერები შეივსოყვავილებითა და დეკორატიული მცენარეებით. ამასთან, დაპირებების მიუხედავად, კვლავ მძიმე მდგომარეობაში რჩება ზუგდიდის მთავარი კულტურულ-ისტორიული ღირსშესანიშნაობა, ქალაქში ჟანგბადის მნიშვნელოვანი წყარო - ბოტანიკური ბაღი. ის ქალაქში განთავსებულ პატარა სკვერებსა და ბაღებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია - ეკატერინე ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნიდან საგანგებოდ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეების ნაწილი უკვე განადგურებულია.
როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში ზუგდიდის ქუჩებში გამოკითხული რესპონდენტები აცხადებენ, მთავარი პრობლემა სწორედ ბოტანიკური ბაღია, პატარა სკვერების მოვლას კი ქალაქის ხელმძღვანელობა მეტ-ნაკლებად ახერხებს:
„ბავშვი რომ დაგეკარგოს, ალბათ, ვერ იპოვი, ისეა გაველურებული. ყველაზე სამწუხარო, ალბათ, ის არის, რომ ამაზე არა მარტო ხელისუფლება, ჩვენც, ზუგდიდელებიც,ყველაზე ნაკლებს ვფიქრობთ“;
„აი, სისუფთავის მხრივ მომწონს. ერთადერთი, ბავშვს ვატარებ ბოტანიკურ ბაღში და ძალიან მწყდება გული. ბოტანიკური ბაღი, მართლაც, არაჩვეულებრივი გვაქვს და ეს არის მოსავლელი და მისახედი“;
„უფრო მეტი უნდა გაკეთდეს ზუგდიდისთვის, ქალაქისთვის. ეს ადამიანებზეც არის დამოკიდებული“;
„თბილისთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა, ხეებს მაინც არ ჭრიან“, - ამბობენ რესპონდენტები.
კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელში აცხადებენ, რომ ბოტანიკურ ბაღში საფრთხის შემცველი ხეების ნაწილი მოიჭრა, მაგრამ ამ დრომდე კიდევ რჩება ნარგავები, რომლებიც სასწრაფოდ მოსაშორებელია.
„როცა აპრილის თვეში ექსპერტები გვყავდა მოწვეული მწვანე ნარგავების მოვლასთან დაკავშირებით, მაშინაც დავათვალიერეთ ჩვენ ბოტანიკური ბაღი ექსპერტებთან ერთად და დავაფიქსირეთ რამდენიმე ისეთი ხე, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას“.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ბოტანიკური ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროექტი უკვე მზად არის და მის დასრულებულ ვერსიას საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობენ. თუ როდის დაიწყება უშუალოდ აღდგენითი სამუშაოები, ამ ეტაპზე არ კონკრეტდება.
ბაღში არსებული მძიმე მდგომარეობის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მაია კოდუა, საქართველოში მცენარეების მოვლის მავნე პრაქტიკაზე ლაპარაკობს, რაც, მთლიანობაში, გარემოს აზიანებს. მისი სიტყვებით, არ არსებობს ერთიანი წესი, საკანონმდებლო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც უნდა ხდებოდესმცენარეების გასხვლა-ფორმირება:
„ძალიან ხშირად არასწორი მეთოდებით ხდებოდა მოვლა, სხვლა, ფორმირებაც. აი, მაგალითად, ძალიან მახინჯი პრაქტიკაა ხეების გადაბელვა. ეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია მიზანშეწონილი, მაგრამ ჩვენს სინამდვილეში - ჩვენს ქალაქში და სხვაგანაც - ბევრი შემთხვევაა, როცა ხდება ხეების გადაბელვა. ეს ხეს აზიანებს, მის ჯანმრთელობას, ფორმას აზიანებს. სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მოკლედ, მთლიანობაში, ძალიან დიდ ზიანს აყენებს მას“.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც ადგენს, თუ რომელი ხე-მცენარე ექვემდებარება მოჭრას ან გადაბელვას. როგორც ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის ცენტრის“ გამწვანების განყოფილების უფროსი ფრიდონ წიფურია აცხადებს, მწვანე საფარის მოვლის თვალსაზრისით, ქალაქში ბევრი რამ უკვე გაკეთდა. მაგალითისთვის ფრიდონ წიფურია მიმდინარე წელს ყვავილების დარგვისა და მცენარეების შეწამვლით სამუშაოებს ასახელებს. მისი ცნობით, მიმდინარე წელს გამწვანების განყოფილებას 25 ათასი ლარი აქვს განსაზღვრული ამ ღონისძიებებისთვის:
„სკვერებს, ნარგავებს თითქმის ყოვედღიური მოვლა-პატრონობა სჭირდება. ხდება მათი მონიტორინგი - რომელია გამხმარი და რომელია დაზიანებული. ხდება მათი მორწყვა, შეკრეჭა-ფორმირება ხდება აგროვადებში. ასევე ხდება დასუფთავება-ბალახის გაკრეჭა-გათიბვა“.
ამასთან, ფრიდონ წიფურია არ ეთანხმება მათ, ვინც ამბობს, რომ ხეები არ დარგულა. მისი სიტყვებით, გამწვანების განყოფილებამ დევნილთა ახალი დასახლების ეზოში წელს ათი ძირი კაკლი ხე, გასულ წელს კი მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში 70 ძირი ცაცხვის ხე დარგო.
„კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლის თქმით, ხშირად პრობლემებს ქმნიან მოქალაქეები, რომლებიცბალახის საფარს და მცენარეებს აზიანებენ.