Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

გაიზარდა აფხაზეთიდან ზუგდიდში პაციენტების მომართვიანობა


ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გრიპით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის ერთს, გალიდან გადმოყვანილ 68 წლის ქალბატონს, დაუდგინდა H1N1 ვირუსი, მეორეზე კი, დაგვიანების გამო, ამის დადასტურება ვერ მოხერხდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის ნანა ოდიშარიას განცხადებით, H1N1 ვირუსის დიაგნოზით მკურნალობას განაგრძობს კიდევ ორი პაციენტი, რომლებიც ასევე აფხაზეთიდან შემოიყვანეს.

„შემოიყვანეს პაციენტი ოჩამჩირის რაიონიდან. ეს უკვე მესამე შემთხვევაა აფხაზეთიდან პაციენტის შემოყვანის. სამივე დაგვიანებული შემთხვევა იყო. ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა გარდაცვალების ფაქტს. ერთი გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. მესამე პაციენტის, რომელიც გუშინ შემოიყვანეს, მდგომარეობა კრიტიკულია. პაციენტი გადაყვანილ იქნა ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის რეჟიმზე. ამჟამად მკურნალობს, მაგრამ მდგომარეობა საკმაოდ კრიტიკულია“, - აცხადებს ნანა ოდიშარია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმითვე, ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში ექიმისთვის მომართვა იყო დაგვიანებული და მდგომარეობის გამწვავება, სავარაუდოდ, გრიპის გართულებასთან ერთად, თანმდევმა ქრონიკულმა დაავადებებმაც გამოიწვია.

გრიპის ნიშნებით აფხაზეთიდან ზუგდიდში რომ პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა, ადასტურებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობაშიც. სამსახურის უფროსის ალექსანდრე ჩიკვაიძის განცხადებით, მარტო 25 იანვრის მონაცემებით, აფხაზეთიდან თორმეტმა პაციენტმა დარეკა იმის გასარვევად, თუ რა სახის სამედიცინო მომსახურების შეთავაზება შეუძლიათ ზუგდიდში.

ალექსანდრე ჩიკვაიძისავე განცხადებით, ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო დაწესებულებები ტექნიკურად არ არის საიმისოდ აღჭურვილი, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს უმკურნალონ. მიუხედავად ამისა, ის აფხაზეთიდან გადმოსულ პაციენტებში გრიპის გართულების შემთხვევებს მოსახლეობის არაინფორმირებულობას უფრო უკავშირებს, ვიდრე არასათანადო მკურნალობას:

„თვითონ მოსახლეობაც არაინფორმირებულია, იმიტომ რომ თვითონ მოსახლეობა აგვიანებს ექიმთან მისვლას. ახლა ჩვენთან რომ ვრცელდება ინფორმაცია, ეგრევე ექიმს მიაკითხეთო და ა.შ., იქ ასე არ არის. თვითონ იქ მიდიან გვიან, სოხუმში. ნუ, ახლა იქ ჩვენი დონის დახმარება არ არის, მაგრამ რაღაც რაღაცებს აკეთებენ. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში შედეგი ლეტალურია“.

ალექსანდრე ჩიკვაიძის სიტყვებით, როცა საუბარია მძიმე პაციენტის გადმოყვანაზე, სასწრაფო დახმარების მანქანა იგზავნება ენგურის ხიდზე. ტრანსპორტი ამ შემთხვევაში მიდის აფხაზეთის ე.წ. გამშვებ პუნქტთან, სადაც მას სოხუმის სასწრაფო დახმარების მანქანით მოყვანილი ავადმყოფი ელოდება. მისივე თქმით, ადმინისტრაციულ საზღვარზე მგზავრებს - განსაკუთრებით კი, ავადმყოფებს - შეფერხება არ ჰქონიათ:

„მე დღეს ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც მქონდა საუბარი. ამ ეტაპზე არავითარი ცვლილება არ შეინიშნება ე.წ. „პროპუსკების“ გაცემაზე. ჩვეულებრივ გასცემენ, განსაკუთრებით კი, ავადმყოფებზე. მე გუშინ დამირეკეს და დღეს უკვე მოჰყავთ ორი. მომართვიანობა არის ძალიან დიდი. ეთნიკურად აფხაზებზე მაქვს მე ამ შემთხვევაში საუბარი“, - განმარტა ალექსანდრე ჩიკვაიძემ.

აფხაზური ტელევიზია „აბაზა.ტვ-ეს“ ინფორმაციით, გასულ კვირაში H1N1 ვირუსით სოხუმში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ გრიპით დაავადება არ აჭარბებს ეპიდემიურ ზღვარს, აფხაზეთის სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში კარანტინი გამოცხადდა. კარანტინი დღეს დაიწყო და 15 თებერვლამდე გასტანს.

რაც შეეხება ზუგდიდს, მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქის საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია.

XS
SM
MD
LG