მათთვის, ვინც ქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებს, ან, პირიქით, ზაფხულის ქუთაისში გატარებას გეგმავს, ქალაქის მერია მეშვიდე წელია პროექტ „ზაფხულის საღამოებს“ ახორციელებს, რომლის ფარგლებში, სხვადასხვა ადგილზე ღია ცის ქვეშ იმართება კულტურული და სახელოვნებო ღონისძიებები. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, მიმდინარე სეზონზე „ზაფხულის საღამოები“ ივლისის ბოლოს დაიწყება, რადგან ამ დრომდე ქალაქში ერთიანი ეროვნული გამოცდები სამ ცენტრში და ფინალური გამოცდები ორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს და ახალგაზრდების - და არამარტო მათი - ყურადღება ამ გამოცდებზეა გადატანილი. „ზაფხულის საღამოების“ ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ უბანსა და მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში დაგეგმილია კინოჩვენებები, ქუთაისური მუსიკალური ჯგუფების კონცერტები, Check in Georgia-ს ფარგლებში კი, თაკო გაჩეჩილაძის კონცერტი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.
მერიის მიერ ორგანიზებული „ზაფხულის საღამოების“ გასართობი და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები კინოკვირეულით გაიხსნება ქალაქის ისტორიულ უბანში, მონ პლაზირის თაღთან - იმ ადგილზე, სადაც ქუთაისში პირველი კინოდარბაზი ფუნქციონირებდა. როგორც მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი თამთა თურმანიძე განმარტავს, ლუკინო ვისკონტის, ფედერიკო ფელინის, ჩარლი ჩაპლინის, ოთარ იოსელიანის, ქართული კლასიკური კინოსა და სხვა კვირეულების შემდეგ, ამ ზაფხულს მაყურებელს აზიურ კონოშედევრებს სთავაზობენ. თამთა თურმანიძე კინოჩვენებების ღია ცის ქვეშ გამართვის დადებით მხარეებზე ლაპარაკობს.
როგორც თამთა თურმანიძე ამბობს, კინოჩვენებების შემდეგ დისკუსიები იმართება, რაც უფროსი ასაკის მაყურებელს საყვარელი ფილმების გახსენების, ახალგაზრდებს კი სიახლეების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.
კინოჩვენებებითა და მუსიკალური კონცერტებით ზაფხულის საღამოების გამრავალფეროვნებას დადებითად აფასებენ რადიო თავისუფლების ის რესპონდენტები, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველწლიურად ესწრებიან მერიის მიერ დაგეგმილ გასართობ, კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს.
„ზაფხულის საღამოების“ ტრადიცია მისაღებია იმ რესპონდენტებისთვისაც, რომლებიც ცხელ დღეებში დასვენებას ქალაქგარეთ ამჯობინებენ და იმათთვისაც, ვისაც მათ შესახებ ამ დრომდე არ სმენია.
პროექტ „ზაფხულის საღამოებს“ ქუთაისში 27 ივლისს ღია ცის ქვეშ აზიური ფილმების კვირეული გახსნის, რომლის შემდეგ დაგეგმილია გასული საუკუნის 90–იანი წლების ქუთაისური ანდეგრაუნდის როკშემსრულებელთა კონცერტები.