Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი „ნაციონალების“ ახალი ნათლობა


პარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი

მას შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის 59-მა წევრმა - მათ შორის, პარლამენტის 21-მა დეპუტატმა - დატოვა, მათ საპარლამენტო ფრაქცია ”ნაციონალურ მოძრაობასაც” გადაარქვეს სახელი და ”ევროპული საქართველო” უწოდეს. 13 იანვარს ნიკა მელიას ნაცვლად ფრაქციის ახალი თავმჯდომარეც აირჩიეს - სერგო რატიანი. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ დეპუტატების ნაწილმა საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ მეორე ფრაქციაში გადაინაცვლა და ამ გზით ფრაქციის დაშლაც გამოირიცხა.

ყოფილი „ნაციონალების“ ახალი ნათლობა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:23 0:00
გადმოწერა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსულმა 21-მა დეპუტატმა საპარლამენტო ფრაქციების ხელახლა ფორმირება დაიწყო. ფრაქციას, რომელსაც აქამდე „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა და ნიკა მელია ხელმძღვანელობდა, სახელიც გადაერქვა და თავმჯდომარეც შეეცვალა. ფრაქციის სხდომის დასრულების შემდეგ ეს სიახლეები მედიას გიგი წერეთელმა გააცნო:

„მთავარი, რაც დღევანდელი ფრაქციის სხდომაზე გადაწყდა, ის არის, რომ ფრაქციას აქვს ახალი სახელი, „ევროპული საქართველო“, და ჰყავს ახალი თავმჯდომარე - სერგო რატიანი“.

ხათუნა გოგორიშვილი კი, უკვე ასევე ყოფილი „ნაციონალი“ მიიჩნევს, რომ ნიკა მელია ვეღარ იქნებოდა იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის წევრებსაც პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებდა:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელია არ შეიძლება იყოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის წევრებსაც ტელევიზიების საშუალებით ელაპარაკება და შეურაცხყოფას აყენებს, და, რაც მთავარია, ვერ იქნება იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომლის წევრებსაც პარლამენტის დატოვებისაკენ მოუწოდებს“.

არ დაიშლება არც ფრაქცია, უკვე ყოფილი სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის”, რომელსაც ამ დრომდე ელენე ხოშტარია ხელმძღვანელობს და რომელშიც ასევე შედიან ოთარ კახიძე და გიორგი ტუღუში. მას მხოლოდ სახელი შეეცვლება და, როგორც ელენე ხოშტარიამ განაცხადა, მის დასახელებაში აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ „ევროპული საქართველო - უკეთესი მომავლისთვის“. სწორედ ამ ფრაქციაში გადაინაცვლეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ სიით მოხვედრილმა დეპუტატებმა, ირაკლი აბესაძემ და თენგიზ გუნავამ. ამავე ფრაქციაში არიან ჯერჯერობით სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე, რომლებიც პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში დარჩნენ. ამ ფრაქციის ახალი წევრი, ირაკლი აბესაძე, აცხადებს, რომ საპარლამენტო გადაჯგუფება რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს:

„ეს იმისთვის არის საჭირო, რომ გავაგრძელოთ ხელისუფლების აქტიური კრიტიკა და ოპონირება, რადგან მან ამ დღეებშიც დაამტკიცა, რომ მათ შეუძლიათ ძალიან მოკლე დროში, თუნდაც ახალი წლის დღეებში, გადადგან ქვეყნისთვის მავნებლური ნაბიჯები“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

პარტიის სამომავლო გეგმებმე მედიასთან ილაპარაკა გიგა ბოკერიამაც, რომელმაც განაცხადა, რომ მზად არიან ითანამშრომლონ ნებისმიერ პროდასავლურ პარტიასთან, ვინც ბიძინა ივანიშვილთან არ არის შეკრული:

„ჩვენი ამოცანა იყო, არის და იქნება ივანიშვილის რეჟიმის დემოკრატიული გზით შეცვლა და ამის შემდეგ იმ უზარმაზარ გამოწვევებთან გამკლავება, რომელთა წინაშეც საქართველო დგას და რომლებიც კიდევ უფრო გააღრმავა და დაამძიმა ივანიშვილმა თავისი პოლიტიკით“.

ფრაქციის სხდომას არ დასწრებიან „ნაციონალურ მოძრაობაში“დარჩენილი დეპუტატები. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა, თინათინ ბოკუჩვამ, განაცხადა, ისინი ახლა 20 იანვარს დაგეგმილი ყრილობის მზადებით არიან დაკავებულნი:

„ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები, ვფიქრობ, ძალიან დიდ დროს უთმობენ მათივე პირველივე დამოუკიდებელი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისას ადგილების დანაწილებას. ჩვენთვის ეს არ არის ამოსავალი, რის გამოცა არ ვიღებთ მონაწილეობას ფრაქციის სხდომაში. ჩვენ ახლა ორინეტირებულები ვართ, რომ ჩავატაროთ ძალიან დიდი მასშტაბის დემოკრატიული ყრილობა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ფაზაშია და სწორედ ამაზე ვხარჯავთ დროს“.

მისი თანაგუნდელი ზურაბ მელიქიშვილი კი განმარტავს, რომ პარლამენტში „ნაციონალურ მოძრაობას“ აუცილებლად ეყოლება ცალკე ფრაქცია. ის არ იქნება დღევანდელი უმცირესობის შემადგენლობაში და აქტიურად გამოიყენებს საპარლამენტო ტრიბუნას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრები ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ რა სახელიც უნდა დაირქვას „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ეს სურათს არსებითად არ ცვლის და მმართველი პარტია არც მათთან თანამშრომლობას აპირებს.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG