Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალა


„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოფისი
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოფისი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმეთვიანი შიდადაპირისპირების შემდეგ, გაიყო. ამის თაობაზე საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ. „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა პოლიტიკოსთა იმ ჯგუფმა, რომელიც პარტიის 20 იანვრის ყრილობას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ნაციონალური მოძრაობა - დაშლა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:25 0:00
გადმოწერა

საგანგებო ბრიფინგს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოფისის წინ ჩატარდა, პარტიის საპარლამენტო დეპუტაციის უმრავლესობა ესწრებოდა. პირველად სიტყვით პოლიტსაბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე გამოვიდა და განაცხადა, რომ ჯგუფი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნის. მისი სიტყვებით, იმ კამათმა და დისკუსიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით მიმდინარეობდა, მიიღო სრულიად მახინჯი და არასწორი ფორმა. ვითარება, მისი სიტყვებით, განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამწვავდა. უთანხმოება პარტიის სამომავლო სტრატეგიასა და ტაქტიკას შეეხებოდა. ახალი პოლიტიკური გუნდი, ემიჯნება რა „ნაციონალურ მოძრაობას“, ქვეყანაში ახალი რეალობის შექმნას იწყებს:

„დღეიდან ეს პოლიტიკური ძალა და ეს პოლიტიკური გუნდი იწყებს ბრძოლის ახალ ეტაპს, რომლის ამოცანაც იქნება საქართველოში ვითარების შეცვლა უკეთესობისკენ, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის რეჟიმის მშვიდობიანი გზით დასრულება და ქვეყნის განვითარების და პროგრესის დაბრუნება. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც აქვს ცოდნა და კომპეტენტურობა“.

დავით ბაქრაძე მიკროფონთან გიგი უგულავამ შეცვალა. თბილისის ყოფილი მერი საპატიმროდან გასულ კვირაში გათავისუფლდა. გიგი უგულავას თქმით, პასუხისმგებლობა პარტიის დანგრევაზე ეკისრება ერთ ადამიანს და ეს ის ადამიანია, რომელმაც ეს პარტია დააფუძნა, თუმცა, მისივე სიტყვებით, ეს ადამიანი - მიხელ სააკაშვილი - უკვე „აღარ ასხივებს ლიდერობას“, მაგრამ ის დღეს ქვეყნისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს:

გიგი უგულავა
გიგი უგულავა

„იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს საქართველოს პრობლემა არის ბიძინა ივანიშვილი და მისი არაფორმალური მმართველობა. მიხეილ სააკაშვილი დღეს არის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა, მიხეილ სააკაშვილი თითოეული ჩვენგანისთვის არის დღეს ადამიანური ტკივილი. ეს ადამიანი დღეს აღარ ასხივებს ლიდერობას. მე ამას ვამბობ გულისტკივილით, იმიტომ რომ ეს არ არის მიშა სააკაშვილი, რომელიც ხალხს აერთიანებდა 2002 წელს. ჩვენ, პოლიტიკოსები, ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ. როდესაც მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ ის მანქანა კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო და მოუარო როგორც ანტიკვარს და თუ ის ანტიკვარად არ იქცა და თუ ის ისევ გაწუხებს, მაშინ მეორე გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო - ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში. ყველა პოლიტიკოსი ვართ ამ არჩევანის წინაშე“.

ბრიფინგს „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული დეპუტატები ესწრებოდნენ, მათ შორის: გიგა ბოკერია, პარტიის აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი, ელენე ხოშტარია, უმცირესობაში შემავალი 6-წევრიანი ფრაქციის ლიდერი, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ხათუნა გოგორიშვილი, გიორგი ტუღუში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ოთარ კახიძე, გიორგი ღვინიაშვილი, თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ირაკლი აბესაძე, ლელა ქებურია, მამუკა ჩიქოვანი და, ასევე, გიორგი კანდელაკი.

”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული წევრები საქმიანობას გააგრძელებენ ”ევროპულ საქართველოში”, რომელიც ”ნაციონალურ მოძრაობასთან” საარჩევნო ბლოკის სახით არჩევნებში მონაწილეობდა. ამის თაობაზე ბრიფინგამდე მედიასთან საუბარში განაცხადა ირმა ნადირაშვილმა, რომლის სიტყვებითაც, პარტია დატოვა 27-კაციანი დეპუტაციის 21-მა წევრმა:

„პარლამენტის 21 წევრი დატოვებს პარტიას, პარტიას ტოვებს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეც და ძალიან ბევრი რეგიონული თავმჯდომარეც ჩვენს გუნდში იქნება, მათ შორის თბილისის 14 თავმჯდომარიდან ამ გაყოფის პროცესში 9 ჩვენ დაგვიჭერს მხარს“.

ნიკა მელია
ნიკა მელია

ახალ გუნდს არ უერთდება და „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება 21 დეპუტატისგან შემდგარი საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა მელია. მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღეს
რომან გოცირიძემ, თინა ბოკუჩავამ, სალომე სამადაშვილმა. ნიკა მელიამ პარტიიდან წასულ გუნდს მოგვიანებით განცხადებითვე უპასუხა:

„ვცემთ პატივს მათ აზრს. წამსვლელი წავიდა. უბრალოდ, ძალიან მოულოდნელი იყო და ძალიან გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მთელი თავიანთი დრო დაუთმეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და პრეზიდენტ სააკაშვილის ლანძღვა-გინებას“.

გუნდს, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, თავისი ფეისბუკის გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომლის თქმით, პარტია ახლა უფრო ძლიერია, ვინაიდან მასზე კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა. მისივე სიტყვებით, „განდგომილების” რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო ”ნაციონალური მოძრაობის” მრავალრიცხოვნებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა“.

პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გამონაკლისი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინაიდან ახერხებდა ლიდერის წასვლის შემდეგ ერთიანობის შენარჩუნებას, თუმცა ეს ბოლომდე ვერ შეძლო და, როგორც ჩანს, ის ახლა უფრო პატარა ჯგუფებად დაიყოფა. ამ რეალობის გათვალისწინებით, ამბობს კორნელი კაკაჩია, ცხადი გახდა, რომ ელექტორატიც გაიყოფა და ამ ახალ ჯგუფს ამომრჩეველთა ხმებისთვისაც მოუწევს ბრძოლა.

„ნაციონალური მოძრაობიდან“ გამოყოფილი ჯგუფი პირველი რიგის ამოცანად ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებას ასახელებს. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, როგორ გადაწყდება „ნაციონალური მოძრაობის“ ქონებრივი რესურსების გაყოფის საკითხი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG