Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wizz Air და Myway Airlines გამოეხმაურნენ ავიაკომპანიის შეზღუდვის შესახებ განცხადებას


„ვიზეარი“ თავისი განცხადებით „ჰაბ ჯორჯიას“ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ "საქართველოს მთავრობა ავიაკომპანია "ვიზეარის" საქართველოს ბაზრიდან გაშვებას გეგმავს".

„Wizz Air იშვიათად აკეთებს კომენტარს ავიაკომპანიის შესახებ გავრცელებულ სპეკულაციებზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ Wizz Air იყო პირველი საერთაშორისო ავიაკომპანია, რომელმაც ქუთაისის აეროპორტში 2012 წელს რეისი განახორციელა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ავიაკომპანიამ საქართველოს ქსელში არსებული რეისებით 1,5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო 13 ქვეყნის 20 მიმართულებით. ამასთან, Wizz Air-მა 2018 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 9 ახალი ავიამიმართულება დაამატა.“ - წერია ავიაკომპანიის განცხადებაში

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ვიზეარის“ საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “ვიზეარის“ საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

„ვიზეარში“ ამბობენ, რომ კომპანიის მიზანია გააფართოოს საქართველოში არსებული ქსელი და უფრო მეტი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულება დანიშნოს. აღნიშნულია, რომ 2018 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში განათავსა მეორე ბაზირებული ავიახომალდიც, რომელიც 100 მილიონ დოლარზე მეტ ინვესტიციას წარმოადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში უარყოფენ არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციას:

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ “ვიზეარის“ საქმიანობაზე შეზღუდვის დაწესება არ იგეგმება და არც არასდროს დამდგარა დღის წესრიგში. პირიქით, ხდება “ვიზეარის“ საქმიანობის ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან, კომპანია წლიდან წლამდე ფართოვდება, რაც მომავალშიც გაგრძელდება.“

ეს შეფასებები მოჰყვა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორის ვასილ ურუშაძის განცხადებას, სადაც ის აცხადებს, რომ ავიაკომპანია „ვიზეარის“ ბაზრიდან გაშვება იგეგმება.

„როგორც წყარომ გვაცნობა, ოქტომბრის ბოლოს, როდესაც ხდებოდა ავიაკომპანია ,,ვიზეარისთვის“ ზამთრის განრიგის დამტკიცება, სამოქალაქო ავიაციის დროებით ხელმძღვანელობაზე ეკონომიკის მინისტრის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა, რომ არ მომხდარიყო ამ ავიაკომპანიისთვის განრიგის დამტკიცება, რაზეც მან უარი მიიღო. შემდეგ ეს გადაწყვეტილება გადაიდო არჩევნების გამო და მისი დასრულების შემდეგ კვლავ განახლდება. რეალურად ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილი აქვს, რომ ავიაკომპანია "ვიზეარი" ქართული ბაზრიდან გაუშვას.“

ვასილ ურუშაძე
ვასილ ურუშაძე

„ჰაბ ჯორჯია“ ასევე საუბრობს მეორე ავიაკომპანიის შეზღუდვაზეც - „მაივეი ეარლაინზს“არ აძლევენ სიხშირეებს რუსეთის მიმართულებით ფრენებზე. მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა".

სამინისტროს განცხადებით შევიწროებას ადგილი არ ჰქონია არც კომპანია „მაივეის“ შემთხვევაში: „საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის შეთანხმების შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ "მაივეი ეარლაინზს“ დანიშნულია რუსეთის ფედერაციის ხუთი მიმართულებით. დღემდე აღნიშნულ ავიაკომპანიას სიხშირეების მინიჭების შესახებ განაცხადი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში არ წარმოუდგენია."

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინზის“ კომერციული დირექტორი იგორ აფციაური რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, თუ რას გულისხმობდა „ჰაბ ჯორჯია“:

ეს კომპანიები მუდმივად ითხოვენ საავიაციო პოლიტიკის გადახედვას, სურთ რომ ეროვნულ კომპანიას მიენიჭოს ფლაგმანის სტატუსი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ სად იფრენს და დაგეგმავს საავიაციო პოლიტიკას, ასე იყო 1990-იან წლებში...
იგორ აფციაური

„ჩვენ პრობლემები გვქონდა წლის დასაწყისში. ახალგაზრდა კომპანია ვართ და ფრენების დასაწყებად ლიცენზიების მიღების და რეისების დანიშვნის პროცესი გაიწელა. ახლა არანაირი პრობლემა არ გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან, პირიქით გვერდში გვიდგანან.“

იგორ აფციაური ამბობს, რომ კონკურენტი ავიაკომპანიების მხრიდან ხდება ზეწოლა ეკონომიკის სამინისტროზე, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ლიბერალურ პოლიტიკას და არ სურთ ახალი მოთამაშეების შემოსვლა საავიაციო ბაზარზე:

„ეს კომპანიები მუდმივად ითხოვენ საავიაციო პოლიტიკის გადახედვას, სურთ რომ ეროვნულ კომპანიას მიენიჭოს ფლაგმანის სტატუსი, რომელიც გადაწყვეტს, ვინ სად იფრენს და დაგეგმავს საავიაციო პოლიტიკას, ასე იყო 1990-იან წლებში. ითხოვენ, რომ „მათ რეისებზე“ არავინ შევიდეს. აქედან გამომდინარე, სამინისტროს უწევს ზეწოლის ქვეშ ყოფნა.“

აფციაურის თქმით, 5 რეისი მართლაც დანიშნულია რუსეთის მიმართულებით, მაგრამ ის, რასაც გულისხმობდა „ჰაბ ჯორჯია“ ეს იყო სიხშირეების დამატება მოსკოვის მიმართულებით.

„ჩვენ არ მიგვიმართავს ეკონომიკის სამინისტროსთვის წერილით, რადგან სიხშირეს ვერ მოგვცემენ, სანამ არ დაამატებენ ახალს. მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ამ ეტაპზე ყველა სიხშირე დაკავებულია და ერთი წელია ველოდებით ამ საშუალებას რომ ვიფრინოთ.“

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG