Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნი და მუსიკა - ფესტივალი მაჭკატებითა და ბურბურახით


ფესტივალი
ფესტივალი

22-24 მაისს თბილისში „ივენთ ჰოლი“ მასპინძლობს წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალს, რომლის ორგანიზატორებიც არიან „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და „ქარჩხაძის გამომცემლობა“. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესთავაზებენ მნიშვნელოვან ფასდაკლებებს წიგნებზე, ახალი წიგნების პრეზენტაციებსა და საჯარო ლექციებს. პარალელურად, ფესტივალზე მისულ მკითხველსა და დამთვალიერებელს საშუალება ექნება მოუსმინოს ცოცხალ მუსიკას სხვადასხვა ბენდის შესრულებით და დააგემოვნოს ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი რეცეპტებით დამზადებული კერძები.

გოეთეს „ფაუსტი“, მაქს ფრიშის „ჰომო ფაბერი“, სიუზენ კოლინზის „შიმშილის თამაშები“ და კიდევ რამდენიმე წიგნი - 19 წლის არჩილ ელისაშვილს იმ წიგნების სია აქვს ჩამოწერილი, რომლებიც „წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალზე“ უნდა შეიძინოს. თბილისის „ივენთ ჰოლის“ შესასვლელში დგას და კარის გაღებას ელოდება. მასთან ერთად დგანან წიგნის საგაზაფხულო ფესტივალზე ნაადრევად მისული სხვა მყიდველებიც, მკითხველები თუ დამთვალიერებლები. შუშის კარი 12 საათზე უნდა გაიღოს. შუშის კარს ეყრდნობა შუბლით 67 წლის ნათელა ჯორბენაძე. ხელჩანთაში სხვადასხვა გამომცემლობის კატალოგები უდევს. მხარზე აქვს გადაკიდებული ნაჭრის ცარიელი ჩანთა. ეს ჩანთა წიგნებისთვისაა. ძირითადად სამეცნიერო და კულინარიულ ლიტერატურას კითხულობს. წიგნების მაღაზიებს იშვიათად სტუმრობს, რადგან, როგორც მეუბნება, იქ წიგნები ძვირია. ახლა კი ფიქრობს, რომ სასურველ წიგნებს ფასდაკლებით შეიძენს. წიგნების შეგროვება 90-იანი წლებიდან დაიწყო, რადგან რამდენიმე წლით ადრე წიგნები ერთი სურვილის გამო გაყიდა: „1988 წელს ოცნება მქონდა წავსულიყავი კრუიზში, ხმელთაშუა ზღვაზე. გასაყიდი სხვა არაფერი მქონდა გარდა წიგნებისა და წავიღე ისინი და ბუკინისტებში ჩავაბარე. მას მერე ვცდილობ, რომ ისევ აღვადგინო ჩემი ბიბლიოთეკა“, - მეუბნება ნათელა ჯორბენაძე.

წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალს ელოდა 23 წლის გიორგი ზამბახიძე. თბილისის „ივენთ ჰოლის“ ტერიტორიაზე გაშლილ ფერად დახლებს შორის დადის და სასურველ წიგნებს ეძებს: „კითხვა მიყვარს და მაინტერესებს. ეს ახალი ფესტივალია. ჩემთვის ძალიან საინტერესოა და მიხარია. ვნახავ ახლა როგორი არჩევანია. წინასწარ არ გადამიხედავს ფასდაკლებებისთვის, მაგრამ მგონია, აუცილებლად ვიპოვი ჩემთვის საინტერესო წიგნებს“, - ამბობს გიორგი ზამბახიძე.

ფესტივალი
ფესტივალი

საგაზაფხულო ფესტივალი „წიგნი და მუსიკა“ 22 მაისს გაიხსნა და 24 მაისის ჩათვლით გასტანს. ფესტივალის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაა“. როგორც გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი გვეუბნება, ისეთი ფესტივალის შექმნის იდეა, რომელიც წიგნსა და მუსიკას გააერთიანებდა, მას დიდი ხანია ჰქონდა, მას შემდეგ კი, რაც „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ და „ქარჩხაძის გამომცემლობამ“ საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია აზრთა სხვადასხვაობის გამო დატოვეს, მათ საგაზაფხულო ფესტივალის შექმნა დამოუკიდებლად გადაწყვიტეს: „ამ სინთეზზე დიდი ხანია ვფიქრობდი და ჩემი ერთგვარი ოცნება იყო, რომ ეს ორი სფერო რამენაირად ერთმანეთთან დამეკავშირებინა. ჩემს მეგობარ და კოლეგა გია ქარჩხაძესთან ერთად დავგეგმეთ სწორედ ასეთი ფესტივალი, სადაც ერთმანეთს შეენაცვლება წიგნების პრეზენტაციები, ლექციები და მუსიკა. რაც უფრო მეტი ფესტივალი თუ ლიტერატურული მოვლენა იქნება, მით უკეთესია, რადგან მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს ჩაერთოს ამ პროცესში“, - ამბობს თინა მამულაშვილი.

წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალს 15-მდე მონაწილე ჰყავს - როგორც გამომცემლობები, ისე წიგნის მაღაზიები. ბაკურ სულაკაურისა და ქარჩხაძის გამომცემლობების გარდა, ფესტივალზე მისულ მკითხველს საშუალება აქვს გაეცნოს ელექტრონული წიგნის სახლის „საბას“, „ლოგოს პრესის“, „არეტეს“, ლიტერატურული მუზეუმის, წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსას“, „ბუქსითის“ და სხვა გამომცემლობებისა თუ წიგნის მაღაზიების სტენდებს. წიგნები დაახლოებით 250 კვადრატულ მეტრზეა გაშლილი და იქ ნებისმიერი გემოვნებისა და ასაკის მკითხველი იპოვის სათავისო საკითხავს და, რაც მთავარია, როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება საჯარო ლექციები ლიტერატურაზე, ახალი წიგნების პრეზენტაციები.

გია ქარჩხაძე
გია ქარჩხაძე

გია ქარჩხაძე ფესტივალის გახსნამდე ბოლო დეტალებს ამოწმებს. „ივენთ ჰოლის“ სცენაზე, პარალელურად, ხმას ამოწმებენ მუსიკალურ ჯგუფ mellow-ს წევრები. ბიჭებმა რამდენიმე საათში ფესტივალზე მისული მკითხველისა თუ დამთვალიერებლისთვის უნდა იმღერონ. ამიტომ გია ქარჩხაძეს რადიო თავისუფლების მიკროფონში ხმამაღლა უწევს ლაპარაკი: „მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ყველაფერს სჭირდება განვითარება, რაღაც ახლის მოფიქრება, სრულიად ახალი ნაბიჯების გადადგმა. სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ამიტომაც დავაფუძნეთ ასეთი ფესტივალი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფესტივალი კარგად ჩაჯდება ქართულ საფესტივალო სივრცეში, კარგად შემოვა ქართული წიგნის სფეროში და ეს უკვე ჩანს კიდეც. საკმაოდ ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს“, - ამბობს გია ქარჩხაძე.

რაკი მუსიკალური ჯგუფი Mellow ვახსენეთ, მის ერთ-ერთ წევრს, გიტარისტ-ვოკალისტ ნიკა ჩოხელსაც უნდა მოვუსმინოთ. ის და მისი ბენდი მსგავსი ტიპის ფესტივალში პირველად მონაწილეობენ. წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალი მას საინტერესო ექსპერიმენტად მიაჩნია, რომელიც აუცილებლად მოიპოვებს საზოგადოების სიყვარულს - მით უმეტეს, რომ მისი აზრით, მუსიკა კარგი გზაა ადამიანებისათვის წიგნებთან დასაახლოებლად და პირიქით. როგორც ნიკა მეუბნება, ხშირად სიმღერის ტექსტის ინსპირაცია სწორედ ახლად წაკითხული წიგნიდან მოდის - ისევე როგორც ერთ-ერთი მისი სიმღერის ტექსტი, რომელიც მან ბიბლიის წაკითხვის შემდეგ დაწერა. სიმღერას კი ასე ჰქვია: „Not your blood“. სწორედ ამ სიმღერის რეპეტიციას გადის ახლა ჯგუფი: „დამაინტერესა ისეთი ადამიანის ცხოვრებამ, რომელიც თავს სწირავს ვიღაცებისთვის, მიზნისთვის. ტექსტების წერის დროს ინსპირაციას ძირითადად სწორედ წიგნებიდან ვიღებ. ინტენსიურად ვეძებთ ხოლმე წიგნებში საინტერესო თემებს, ამიტომ რეპერტუარის შერჩევა არც გაგვჭირვებია. უბრალოდ, ჩვენ შევარჩიეთ ჟღერადობა და ვუკრავთ აკუსტიკურად და არ ვუკრავთ ისე მძიმედ და ხმაურიანად, როგორც გვჩვევია ხოლმე სხვა ლაივებზე“, - ამბობს ნიკა ჩოხელი. გარდა ჯგუფისა Mellow, წიგნისა და მუსიკის საგაზაფხულო ფესტივალზე დაუკრავს ჯგუფი blue sun, „პეჩო“ , „ძია ნოდარის ბენდი“ და სხვა.

ფესტივალის სტუმრებს „ივენთ ჰოლის“ ცენტრში ერთი განსაკუთრებული სიურპრიზიც ელით, რომელსაც მათ სახელოვნო კაფე „ამო რამე“ სთავაზობს. ალბათ, ბავშვობისას, „პეპი გრძელი წინდას“ კითხვისას, ხშირად გიფიქრიათ გაგესინჯათ პეპის ცნობილი მაჭკატები. იმაზე კი არ გიფიქრიათ, ნეტა როგორი გემო აქვს გუფთებს, ასე ხარბად რომ ყლაპავდა სახურავის ბინადარი კარლსონიო? და ბურბურახზე რაღას იტყვით, „ჰარი პოტერიდან“? მარიამ ხარანაული, „ამო რამეს“ მენეჯერი, და მისი დამხმარეები გაუმასპინძლდებიან სტუმრებს საყვარელ წიგნებში ამოკითხული რეცეპტების მიხედვით დამზადებული კერძებით: „ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ იყოს სახელოვნო კაფე „ამო რამეს“ პატარა კუთხე, სადაც გაიყიდება ყველასათვის საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟების საყვარელი კერძები. მათ შორის, პეპის მაჭკატები, კაკაო, კარლსონის გუფთები, კასტორის ნამცხვარი და „ჰარი პოტერიდან“ ბურბურახი. დარწმუნებული ვარ, ყველა კერძზე განსაკუთრებული მოთხოვნა იქნება“, - ამბობს მარიამ ხარანაული.

ფესტივალის ორგანიზატორები განსაკუთრებულ კუთხეს უწყობენ პატარა მკითველებსაც. იქ გაიმართება კითხვის საათები და, ამავე დროს, პატარები საკუთარი ხელით დაამზადებენ წიგნებსა და მისალოც ბარათებს.

XS
SM
MD
LG