აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ „შემზარავი ტრაგედია“ უწოდა მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფას აღმოსავლეთ უკრაინაში. „მსოფლიო თვალყურს ადევნებს რუსეთ-უკრაინის საზღვარზე ჩამოვარდნილი მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს. აშკარაა, რომ საშინელი ტრაგედია დატრიალდა.“ ობამას განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება ადგენს, იყვნენ თუ არა თვითმფრინავში ამერიკის მოქალაქეები. ეროვნული უსაფრთხოების აპარატს ობამამ უკრაინის მთავრობასთან მჭიდრო კონტაქტში ყოფნა დაავალა და აღნიშნა, რომ ამერიკელი სპეციალისტები მზად არიან, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზების დასადგენად უკრაინელ კოლეგებს ნებისმიერი სახის დახმარება გაუწიონ. აშშ-ის პრეზიდენტმა მიუსამძიმრა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
მალაიზიის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი 17 ივლისს ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის საზღვრის მახლობლად. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა, მყისვე გასცა ავიაკატასტროფის გამოძიების განკარგულება. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ თვითმფრინავი „მიწა-ჰაერის“ კლასის რაკეტამ ჩამოაგდო. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 295-ვე პირი: 280 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. ექსპეტთა ცნობით, ამსტერდამიდან კუალა ლუმპურის მიმართულებით მიმავალი „ბოინგ 777“ ათი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, როცა მას რაკეტა მოხვდა.
აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მიერ გამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ბოროდაი ირწმუნება, რომ თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს. 17 ივლისს უფრო ადრე, კიევმა რუსი სამხედროები დაადანაშაულა უკრაინის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში. რუსეთი ამ ბრალდებას უარყოფს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მალაიზიის „ბოინგის“ კატასტროფისთვის პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს. „უდავოა, რომ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა ეს, პასუხს აგებს ამ საშინელი ტრაგედიისთვის, - განაცხადა პუტინმა. მისივე თქმით, ტრაგედია არ მოხდებოდა, ამ მიწაზე მშვიდობა რომ იყოს და აღმოსავლეთ უკრაინაში არ მიმდინარეობდეს საომარი მოქმედებები. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობას დაავალა, ყოველი ღონე იხმაროს კატასტროფის „ობიექტური სურათის დასადგენად“.
როგორც აშშ-ის უშიშროების სამსახურების სპეციალისტები მიიჩნევენ, „ბოინგ-777“ ჩამოგდებულ იქნა რაკეტით „მიწა-ჰაერი“. ახლა სპეციალისტები იმის დადგენას ცდილობენ, ვინ გაუშვა რაკეტა. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ თვითმფრინავი, რომელიც ათი კილომეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, შეიძლებოდა ჩამოეგდოთ მხოლოდ სარაკეტო კომპლექს შბუკით“ „ეს-300“-ის ტიპის საზენიტო კომპლექსით. ასეთ სისტემებს რუსეთიც ფლობს და უკრაინაც.