Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ფრენსის შერვუდ როულენდი


ფ. შერვუდ როულენდი
ფ. შერვუდ როულენდი
10 მარტს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი მეცნიერი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფრენკ შერვუდ როულენდი, რომლის ნაშრომებმა წარმოაჩინა დედამიწის დამცავი ოზონის ფენის გათხელებაში ადამიანის როლი.

როგორც ირვინის კალიფორნიის უნივერსიტეტმა განაცხადა, სადაც ის მუშაობდა, როულენდი პარკინსონის დაავადებით გარდაიცვალა.

როულენდი ერთ-ერთი იყო იმ სამი მეცნიერიდან, რომელთაც 1995 წელს მიენიჭათ ქიმიის დარგში ნობელის პრემია იმის ახსნისთვის, თუ რა გავლენას ახდენს ოზონის ფენაზე ატმოსფეროში მიმდინარე ქიმიური პროცესები, მათ შორის, ადამიანის მიერ ფრეონების გამოყენება.

ოზონის ფენის გათხელების შედეგად სუსტდება ულტრაიისფერი რადიაციისგან დედამიწის დაცვა. როულენდმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რა წვლილი შეაქვს ადამიანის მიერ შექმნილ დანადგარებს ოზონის მოლეკულების დაშლაში.

70-იანი წლების დამდეგს, როცა მეცნიერებმა მათი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს, ფრეონებს საოჯახო მომსახურების მრავალ დანადგარში იყენებდნენ - დაწყებული თმის სპრეიდან და დამთავრებული მაცივრებით. მეცნიერებმა იწინასწარმეტყველეს, რომ თუკი ფრეონების ხმარება იმავე ტემპით გაგრძელდებოდა, ოზონის ფენა რამდენიმე ათწლეულში გათხელდებოდა.

მეცნიერთა ამ კვლევას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდა შეერთებული შტატების ქიმიის სფეროს მუშაკთა მხრიდან, რომელთაც მასში დაინახეს საფრთხე მილიარდობით დოლარის მოცულობის ქიმიური მრეწველობისთვის.

ფრეონების წარმოების ლიდერმა დიუპონმა აქტიური სარეკლამო კამპანია წამოიწყო როულენდის წინააღმდეგ და ფრეონების პრობლემას ჰიპოთეზა უწოდა.

ჟურნალმა "Aerosol Age"-მა საერთოდ ვარაუდიც კი გამოთქვა, რომ როულენდი საბჭოთა კგბ-ს აგენტი უნდა ყოფილიყო.

იყო დრო, როცა მიაჩნდათ, რომ ფრეონები - ეს არამომწამვლავი გაზები - გარემოსთვის უსაფრთხოა.

მაგრამ როულენდისა და სხვათა გამოკვლევები მათმა კოლეგებმა დაადასტურეს შემდგომი კვლევებით. და როულენდისა და მისი კოლეგების ნაშრომებმა ფართო აღიარება მოიპოვა მას მერე, რაც დედამიწის პოლარული რეგიონის თავზე ოზონის ხვრელი აღმოჩნდა.

80-იანი წლების ბოლოს მრეწველობამ ეტაპობრივად დაიწყო ფრეონებზე უარის თქმა. 1987 წელს ხელი მოეწერა - მათ შორის, შეერთებული შტატების მიერაც - ე.წ. მონრეალის ოქმს.

როგორც ირვინის უნივერსიტეტის ფიზიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, კენეთ იანდას განცხადებაშია ნათქვამი, როულენდის მოღვაწეობამ მსოფლიო იხსნა უზარმაზარი კატასტროფისგან, რომელიც შეიძლება გამოეწვია ფრეონების უკონტროლო გამოყენებას.

როულენდის მოღვაწეობამ ამავე დროს დამატებითი იმპულსი შესძინა გარემოს დამცველთა მოძრაობას და იმის გაცნობიერებას, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს გლობალური დათბობისთვის ადამიანის მიერ ატმოსფეროში სახიფათო გაზების ემისიას.

„მე ვფიქრობ, დღესდღეობით საზოგადოების დიდი ნაწილი იზიარებს აზრს, რომ გლობალური დათბობა მართლაც ხდება, რომ ის გაუარესდება და რომ ბევრი არაფერია ცნობილი იმაზე, თუ რა ეშველება ამას,“ განაცხადა როულენდმა ერთ-ერთ გამოსვლაში კალიფორნიის უნივერსიტეტში.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG