Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კორონავირუსი: ახალი გლობალური საფრთხე?


კორონავირუსი მიკროსკოპში
კორონავირუსი მიკროსკოპში
ერთი ათწლეულის წინ აზიის ქვეყნებს გადაუარა მწვავე რესპირატორულმა სინდრომმა, რომელმაც 775 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და გლობალური პანდემიის შიში გააჩინა.

ახლა ჰორიზონტზე გამოჩნდა ახალი, მსგავსი ვირუსი, სახელწოდებით კორონავირუსი, რომელიც არაბეთის ნახევარკუნძულზე გაჩნდა შარშან შემოდგომაზე. სიმპტომებით ის ფილტვების ანთებას ჰგავს, აზიანებს თირკმელებსა და სხვა ორგანოებს.

ჩვენი რადიო ჟენევაში დაუკავშირდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომელს, გრეგორი ჰერტლს:

„ეს ვირუსი იმავე ოჯახიდანაა, რომელსაც განეკუთვნება ჩვეულებრივი გაციების ვირუსი და მწვავე რესპირატორული სინდრომის ვირუსი. ეს ვირუსი ოდნავ განხვავდება ამ ორისგან. ჯერჯერობით ისეთი პირი უჩანს, რომ ის უფრო ნაკლებად გადამდებია, ვიდრე გაციების და რესპირატორული სინდრომის ვირუსები, მაგრამ ამ მომენტისთვის ზემოხსენებულ ორ ვირუსზე აშკარად უფრო მომაკვდინებელია.“

კორონავირუსის დადგენილი შემთხვევები ჯერჯერობით შედარებით მცირეა - 34. ისინი აღირიცხა კატარში, საუდის არაბეთში, იორდანიაში, პაკისტანში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში.

მაგრამ ამ ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა დაავადებულთა ნახევარს აღემატება. შედარებისთვის - მწვავე რესპირატორული სინდრომის შემთხვევაში სიკვდილიანობა მხოლოდ ათი პროცენტია.

ვირუსის წყარო უცნობია, თუმცა მიიჩნევა, რომ ის მომდინარეობს ცხოველებისგან, სავარაუდოდ ღამურებისგან, თხებისგან ან აქლემებისგან. მაგრამ მეცნიერთა თანახმად, კორონავირუსი შეიძლება ადამიანიდან ადამიანს გადაეცეს, რაც უფრო აადვილებს მის გავრცელებას.

ადამიანიდან ადამიანზე ვირუსის გადასვლის თაობაზე შიშები განსაკუთრებით გაძლიერდა მას მერე, რაც გასული კვირის ბოლოს საფრანგეთში ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთ საავადმყოფოში ეს ვირუსი აღმოაჩნდა პაციენტს, რომელიც ერთ ოთახში იყო მეორე პაციენტთან ერთად, რომელსაც დუბაიში მოგზაურობის შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდა.

ჰერტლის თქმით, ვირუსს არ შეუძლია ერთდროულად ადამიანთა დიდი ჯგუფის დაავადება:

„უნდა იყოთ მომვლელი ან დაავადებულთან განსაკუთრებით ხშირი კონტაქტი უნდა გქონდეთ ამ ვირუსით რომ დაავადდეთ. თუკი ქუჩაში მისეირნობთ და ჩაუვლით ვირუსით დაავადებულ პირს, ძალზე, ძალზე დიდი ალბათობაა იმისა, რომ ვირუსი არ შეგეყრებათ. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ ვირუსი არ ვრცელდება ფართო საზოგადოებაში.“

მიუხედავად ამისა შიშობენ, რომ ახალმა ვირუსმა მწვავე რესპირატორული სინდრომის მსგავსი შედეგები შეიძლება გამოიწვიოს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსს „მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევა“ უწოდა და რიგი რეკომენდაციები გამოაქვეყნა მისი გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად. მათ შორის მთავარია ხელების ხშირი ბანა და ინფიცირებულ პაციენტებთან ურთიერთობისას ნიღბის ხმარება.

კორონავირუსის შესახებ ცნობები დაემთხვა კიდევ ერთი სასიკვდილო დაავადების, ფრინველის გრიპის ახალი შემთხვევების გამოვლენას ჩინეთში. შიშობენ, რომ სახიფათო ვირუსები გლობალურ პანდემიაში შეიძლება გადაიზარდოს.

მაგრამ ჩვენი გამოშვება მაინც ოპტიმისტურად დავასრულოთ. როგორც აბერდინის უნივერსიტეტის ემერიტირებულმა პროფესორმა, ჰიუ პენინგტონმა უთხრა ჩვენს რადიოს, ასეთი ვირუსები სახიფათოა, მაგრამ ისინი პანიკის მიზეზს არ წარმოდგენს. მისი თქმით, საქმე ისე არ გამოიყურება, თითქოს დღესდღეობით გარემოში მეტი ვირუსი იყოს, ანდა გლობალური მობილურობა უწყობდეს განსაკუთრებით ხელს მათ გავრცელებას. ადამიანები ათასწლეულების განმავლობაში გადაადგილდებოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე. ვირუსები ყოველთვის იყო გარემოში, მაგრამ ჩვენ მათ იოლად ვპოულობთ, ვინაიდან საამისო საშუალებები მოგვეპოვება, თანაც ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან სწრაფად ვრცელდება მასმედიის გზითო, ამბობს პენინგტონი.
  • 16x9 Image

    ბიძინა რამიშვილი

    ჟურნალისტი და რედაქტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის, მედიის ენისა და სტანდარტების საკითხებზე. რადიო თავისუფლების თანამშრომელია 1991 წლიდან.

XS
SM
MD
LG