Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკან დედეს სუფიური ტრანსი


ბოლო ორი წლის მანძილზე მრავალი ქვეყანა მოვიარეთ – განგის ნაპირებზე ტრილოგ გურტუსა და რავი შანკარის რაგებს, ხოლო საჰარის დიუნებში ბერბერ მარიემ ჰასანისა და სუად მასის ბლუზს მოვუსინჯეთ გემო, აფრიკაში ჯეფრი ორიემამ და ალი იბრაჰიმ ტურემ გვიმასპინძლა, არგენტინაში მერსედეს სოსას ამბოხის მომსწრენი გავხდით, მარი ბოინეს წყალობით კი, სკანდინავების ნომადური იოკებით დავიტკბეთ სმენა... ჰოდა, დღესაც ვიმოგზაურებთ, ოღონდ ამჯერად შორს წასვლა არ მოგვიწევს – აქვე, მეზობლად, თურქეთის რესპუბლიკაში, მისტიკური ბგერების იმ სამყაროში ამოვყოფთ თავს, სუფიური კულტურის გემო რომ დაჰკრავს.

ეს თურქი დიჯეის, კომპოზიტორისა და მულტიინსტრუმენტალისტის მერკან დედეს ელექტრონული ნაფიქრალი გახლავთ. მერკან დედე მისი სასცენო ფსევდონიმია, სინამდვილეში კი ერკინ ილიკალი ბრძანდება. 1966 წელს თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ბურსაში დაიბადა. პატარაობისას პერკუსიულ საკრავზე – "ბენდირზე" - ავითარებდა რიტმის გრძნობასა და უნარებს. მოგვიანებით კი, თავისი ხელით "ნეი" დაამზადა, საკრავი, რომელიც ევროპული ფლეიტის თურქ ნათესავად მოიაზრება. საკუთარი ბავშვური ტექნიკა მოარგო და ეროვნულ მოტივებზე მარტივ კომპოზიციებს თხზავდა.

მერკან დედე თვითნასწავლი მუსიკოსი გახლავთ. მშობლებმა მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობაშივე კი შეამჩნიეს, მაგრამ მეტად უჭირდათ და, დიდი სურვილის მიუხედავად, შვილის განათლებაზე მაინც ვერ იზრუნეს. სამაგიეროდ, ისეთი საქმე გაუკეთეს, რამაც სამუდამოდ განსაზღვრა მისი მუსიკალური ხელწერა. პატარაობიდანვე სპარსელი პოეტისა და ფილოსოფოსის ჯალალ ედ-დინ რუმის ლექსებს უკითხავდნენ. ჰოდა, აწ უკვე მერკან დედედ ქცეულმა, 1998 წელს სადებიუტო ალბომი "Sufi Dreams" გამოსცა, რომელიც აღმოსავლური მუსიკალური ტრადიციების დასავლურ მუსიკალურ ფორმებთან მორგების არცთუ ურიგო მცდელობა გამოდგა. რა თქმა უნდა, რევოლუციური ამაში არაფერი გახლდათ, მაგრამ თავისებური გემო მაინც გამოარჩევდა – მერკან დედემ ელექტრონული ჟღერადობით სუფიების მისტიკური პოეზია აამეტყველა.

სიუჟეტის მზადებისას ერთი კრიტიკოსის რეცენზიას გადავეყარე, რომელმაც მერკან დედეს, მართალია, ქება-დიდება არ დააკლო, მაგრამ ისეთ პროექტებს შეადარა, როგორიცაა Enigma და Sacred Spirit. მის მუსიკაზე აუგს ვერც მე ვიტყვი, თუმცა ბოლო მოსაზრებაში ვერაფრით დავეთანხმები. მიზეზი მარტივია - Enigma და Sacred Spirit ჩემთვის თაღლითები და მწვალებლები ბრძანდებიან, მსოფლიოს ხალხთა მრავალფეროვან ფოლკლორს რომ შეურაცხყოფენ, საუკუნეებით ნაშენებ ულამაზეს მუსიკალურ ფორმებს მთელ ხიბლს უკარგავენ, კომერციულ ნაგვად აქცევენ და ასე ქმნიან დღენაკლულ მუსიკას. აი, მერკან დედეს ნამოქმედარი კი საკუთარი მუსიკალური ფესვებისა თუ ტრადიციების ცოდნითა და პატივისცემითაა სავსე, ელექტრონული ფორმით გადმოცემული მისტიკურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობაა, სადაც ტრანსში მყოფ მბრუნავ დერვიშებსაც გადაეყრები და ჯალალ ედ-დინ რუმის საიდუმლოებით მოცულ სუფიურ ლირიკასა და სულის გასაწმენდ ქადაგებებსაც მოისმენ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG