Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სისასტიკე, კანონიერი ძალა და მანდატი


თავისუფალი სირიის არმიის მეომარი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლას უყერებს დამასკში ოჯახის წევრებთან ერთად
თავისუფალი სირიის არმიის მეომარი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლას უყერებს დამასკში ოჯახის წევრებთან ერთად
ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე ქვეყნის ლიდერები და ისინიც სიფრთხილით გამოეხმაურნენ ბარაკ ობამას შაბათის განცხადებას, რომლის თანახმად, აშშ-ის ლიდერი კონგრესს მიმართავს სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გადაწყვეტილების მხარდასაჭერად. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მთავრობის სახელით განაცხადა, რომ დააკვირდებიან, თუ როგორ წარიმართება და რით დასრულდება დებატები აშშ-ის კონგრესში.

თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ობამას განცხადებამ გაახარა სირიის ოპოზიცია. მოჰამედ აბოუდი, სირიის თავისუფალი არმიის აღმოსავლეთის გაერთიანებული სარდლის მოადგილე, მიესალმა ობამას მხარდაჭერას სამხედრო ინტერვენციის დაწყებაზე.

„ამ გადაწყვეტილებას ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ველოდით. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამისთვის გარკვეული დრო დასჭირდა, მათ საბოლოოდ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. სირიელი ხალხი და თავისუფლებისათვის მეომრები ძალიან გახარებულნი ვართ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა, მისი ნათქვამიდან ჩვენ ვხვდებით, რომ კონგრესში ამ საკითხზე კამათი იქნება.“

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ კი გააკრიტიკა ობამა იმის გამო, რომ იგი შაბათის განცხადებით გვერდს უვლის გაეროს უშიშროების საბჭოს.

ამ საკითხზე, თუ რამდენად შეიძლება სამხედრო ძალის გამოყენება გაეროს მანდატის გარეშე, ჩვენი რადიო დაუკავშირდა ჯეფრი რობერტსონს, ცნობილ სამართალმცოდნეს საერთაშორისო სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების დარგში. რობერტსონმა მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსა და გაეროს სამხედრო ტრიბუნალის ის გახმაურებული საქმეები გაიხსენა, როდესაც სამხედრო იერიშების დაწყებას სხვა ქვეყანაზე არ სჭირდებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს მანდატი.

„უფლება სამხედრო ჩარევისა, რათა შეწყდეს ანდა თავიდან იქნეს აცილებული კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული, არსებობდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, გაეროს შექმნამდე და გაეროს შექმნის შემდეგაც“.

უგანდის პრეზიდენტი, იდი ამინი, რომელმაცსაკუთარი ქვეყნის 75 ათასი მოაქალაქე დახოცა, დამხობილ იქნა სავსებით ლეგიტიმური სამხედრო ინტერვენციით, რომელსაც არ ჰქონია გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა...
ჯეფრი რობერტსონი
ვიდრე 1945 წელს გაერო შეიქმნებოდა, დიდ ბრიტანეთს არ სჭირდებოდა არავითარი ნებართვა იმისათვის, რომ დაებომბა საერთაშორისო პორტები მონებით ვაჭრობის აღსაკვეთად, ანდა წინ წაძღოლოდა კოალიციას, რომელმაც ბოლო მოუღო ოსმალეთის იმპერიის სისასტიკეს და გაათავისუფლა საბერძნეთი.

ჯეფრი რობერტსონი გაეროს შექმნის შემდეგ ცალმხრივი, თუმცა სავსებით ლეგიტიმური სამხედრო მოქმედებების ასეთ მაგალითებს ჩამოთვლის.

„უგანდის პრეზიდენტი, იდი ამინი, რომელმაცსაკუთარი ქვეყნის 75 ათასი მოაქალაქე დახოცა, დამხობილ იქნა სავსებით ლეგიტიმური სამხედრო ინტერვენციით, რომელსაც არ ჰქონია გაეროს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერა. მასობრივი გაუპატიურება ბანგლადეშში 1971 წელს ასევე დასრულდა სამხედრო ინტერვენციით, რასაც არ ჰქონია უშიშროების საბჭოს მანდატი.“

აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შაბათის განცხადებაშიც ყურადღება სწორედ ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სისასტიკეზეა გამახვილებული. ქიმიური იარაღის გამოყენებით განხორციელებული იერიშით სირიის ხელისუფლებამ ხელი აღმართა „ადამიანურ ღირსებაზე“.

„კაცობრიობა შეძრწუნებული ადევნებდა თვალს, თუ როგორ მასობრივად იხოცებოდნენ ქალები, მამაკაცები და ბავშვები სირიაში, 21-ე საუკუნეში ყველაზე უსაშინლესი ქიმიური იარაღით განხორციელებული იერიშის შედეგად. 30 აგვისტოს აშშ-მა მძლავრი ფაქტები წარმოადგინა იმის თაობაზე, რომ სირიის ხელისუფლებაა პასუხისმგებელი საკუთარ ხალხზე განხორციელებულ თავდასხმაზე. ჩვენმა დაზვერვამ აჩვენა, რომ ასადის რეჟიმი და მისი სამხედრო ძალები ემზადებოდნენ ქიმიური იარაღის გამოსაყენებლად, უშენდნენ რაკეტებს დამასკის მჭიდროდ დასახლებულ რაიონებს, რაც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა ქიმიური იარაღის გამოყენებას. ყოველივე ამას ემატება ის, რაც მსოფლიოს ტკივილით შეუძლია იხილოს მსხვერპლით გადატვირთული საავადმყოფოებისა და სიკვდილის შემზარავი სურათების სახით. საყოველთაო აზრით, ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე ასეული მათგანი ბავშვები იყვნენ - ბიჭები და გოგოები, რომლებიც მათმა მთავრობამ სასიკვდილო გაზით მოწამლა.“

ქიმიური იარაღის გამოყენაბაში სირიის მთავრობის დადანაშაულებას ბარაკ ობამას განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „სრული სისულელე“ უწოდა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც სირიის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგია.

თუკი გვინდა არსებობდეს წესი ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ, მაშინ უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამ იარაღს იყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ქიმერა და იგი არ ეღირება იმ ქაღალდის ფასადაც კი, რომელზეც იგია დაბეჭდილი...
ჯეფრი რობერტსონი
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ალექსეი პუშკოვი, რომელმაც საკუთარი მოსაზრება ტვიტერით გაავრცელა, მიიჩნევს, რომ ობამა კონგრესისადმი მიმართვით ცდილობს, „ომის დაწყებას გარკვეული ლეგიტიმური საფუძველი შეუქმნას.“

ცნობილი სამართალმცოდნე ჯეფრი რობერტსონი სირიის ვითარებასთან ყველაზე ახლო მდგარ მაგალითად მიიჩნევს კოსოვოს პრეცედენტს, რომელსაც სამართლის სპეციალისტები და თეთრი სახლი სწავლობენ. 1999 წლის ნატოს საავიაციო კამპანია კოსოვოში, რამაც ბოლო მოუღო ალბანელთა ეთნიკურ წმენდას იუგოსლავიის არმიის მიერ, არ ყოფილა ნებადართული გაეროს უშიშროების საბჭოს მხრიდან. თუმცა, მოგვიანებით სამხედრო ძალის გამოყენება „ლეგიტიმურად“ ჩათვალა კოსოვოს თაობაზე შექმნილმა დამოუკიდებელმა საეთაშორისო კომისიამ.

გარდა ამისა, რობერტსონი ყურადღებას ამახვილებს 1925 წლის ჟენევის ოქმზე, რომელიც კრძალავს ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას, რომელსაც სირიამაც მოაწერა ხელი. თუმცა, სირიას არ მოუწერია ხელი ქიმიური იარაღის შესახებ კონვენციისთვის.

„თუკი გვინდა არსებობდეს წესი ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ, მაშინ უნდა დაისაჯოს ის, ვინც ამ იარაღს იყენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ქიმერა და იგი არ ეღირება იმ ქაღალდის ფასადაც კი, რომელზეც იგია დაბეჭდილი.“

ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის შესაჩერებლად სამხედრო ოპერაციის ჩატარების ნებართვა ბარაკ ობამამ აშშ-ის კონგრესიდან ითხოვა და მას კვირას თეთრი სახლიდან გადაუგზავნეს კიდეც ოპერაციის გეგმის პროექტი. რაკი დებატები კონგრესში 9 სექტემბერს დაიწყება, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, თუ რას გადაწყვეტენ ამერიკელი კანონმდებლები. თუმცა, ბაშარ ალ ასადის რეჟიმი უკვე ემზადება საპასუხო ქმედებისათვის. სირიის პრემიერ-მინისტრ ვაილ ალ ჰალყის თქმით სირიის არმია „სრულ მზადყოფნაშია“, რათა პასუხი გასცეს აშშ-ის სამხედრო მოქმედებას. ირანის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის თავმჯდომარემ, მოჰამედ ალი ჯაფარიმ კი „ილუზია“ უწოდა განცხადებას, თითქოს აშშ-ის მხრიდან „სამხედრო ინტერვენცია სირიაში შეზღუდული იქნება.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG