Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსი-თბილისი: გასული კვირა მთავარი აქცენტებით


გასული სამუშაო კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა აღმოსავლეთის პარტნიორობის ვილნიუსის სამიტი და საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება იყო. 29 ნოემბერს გამართულ ოფიციალურ ცერემონიაზე დოკუმენტის პარაფირება მოახდინეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონმა, ხოლო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ნაწილში - საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუხტმა. აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე ხელი მოეწერა ასევე ჩარჩო შეთანხმებას „ევროკავშირის სამოქალაქო მისიებსა და სამხედრო ოპერაციებში საქართველოს ჩართვის თაობაზე.“ სამიტზე დადებითად იქნა ასევე შეფასებული საქართველოს პროგრესი „სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების კუთხით და, გარდა ამისა, აღინიშნა საქართველოს მიერ ევროკავშირთან მიღწეული პროგრესი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და განათლების სფერო. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მიერ ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები აღინიშნა სამიტის დეკლარაციაშიც, რომელიც 14 გვერდიანია და 58 პუნქტს აერთიანებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის თანახმად, ვრცელი პასაჟებია მიძღვნილი ყველა იმ თემისადმი, რომელიც საქართველოს აღელვებს:

“ეს არის ძალის არგამოყენების შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ხელშეკრულების ამოქმედება სრულად, ეს არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გავრცელება სრულად, ეს არის ჟენევის მოლაპარაკებების მნიშვნელობის ხაზგასმა და აგრეთვე ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისის მნიშვნელობის ხაზგასმა“.

ვილნიუსის სამიტი, თავისი არსით და მნიშვნელობით, შეფასდა როგორც ისტორიული და საეტაპო. სამიტის მონაწილეები ამასთანავე მოელიან, რომ ევროკავშირის საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების დასკვნით ეტაპზე გადასვლა, ხელშეკრულების ხელმოწერის სახით, რაც შეიძლება მოკლე დროში, 2014 წლის განმავლობაში მოხდება. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა ევროკავშირის საქართველოსა და მოლდავეთთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა და, აქედან გამომდინარე, პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას:

“ამ შეთანხმებით ევროკავშირი, საქართველო და მოლდავეთი და მათი მოქალაქეები უფრო დაუახლოვდნენ ერთმანეთს მთელი რიგი მიმართულებებით. ეს არის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი და განათლება. ეს გააფართოებს სტაბილურობისა და კეთილდღეობის სივრცეს კონტინენტზე, რაც საშუალებას მოგვცემს საუკეთესოდ გამოვიყენოთ ჩვენი ერთობლივი პოტენციალი. ეს ასევე განამტკიცებს საერთო ღირებულებებს, რაზეც ჩვენი ურთიერთობაა დაფუძნებული და, იმედია, შეიტანს წვლილს ჩვენს ქვეყნებში არსებული კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. მე მსურს გავიხსენო ევროკავშირის უცვლელი მხარდაჭერა მოლდავეთისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის პარალელურად, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასაზღვრო უწყებების წარმომადგენლებმა ქარელის რაიონის სოფლებში დვანსა და ღოღეთში ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და მავთულხლართების მონტაჟი განაგრძეს. რაც შეხება საშინაო დავალებას, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან ხელმოწერამდე უნდა შეასრულოს, სახელმწიფო მინისტრის ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის თქმით, შემდეგია:

“ეს ეხება, პირველ რიგში, საკანონმდებლო ჰარმონიზაციას ევროკავშირთან და, მეორე, რაც მნიშვნელოვანია, შემდგომ ამ კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების იმპლიმენტაციას, ანუ რეფორმების განხორციელებას. ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესში ევროკავშირის დახმარება იქნება ძალიან აქტიური, ძალიან თვალნათელი და რეალურად ხელშესახები, როდესაც ჩვენ გვაქვს პრინციპი -„მეტი მეტისთვის - მეტი რეფორმები, მეტი მხარდაჭერა“.

საქართველოში მიმდინარე პროცესების პოზიტიურად შეფასების პარალელურად, გასულ სამუშაო კვირაში ცნობილი გახდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მკაცრი გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით შეხვედრები აღარ გაიმართება. საქმე კი ეხება რუსი დეპუტატების ვასილ ლიხაჩოვისა და სერგეი კალაშნიკოვის დამკვირვებლის მანდატით დაუშვებლობას საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებზე.

PACE-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბიურო გააუქმებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე ევროსაბჭოს ასამბლეის ეგიდით ჩასული წევრების თავისუფლად გადაადგილებას უზრუნველყოფს.

არჩევნები და წინასაარჩევნო სამზადისი კი, თავის მხრივ, მიმდინარე კვირაში საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესების ნაწილად იქცა. კერძოდ, საქმე ეხება ადგილობრივი თითმმართველობის კოდექსის პროექტის საკომიტეტო მოსმენების დაწყებას საქართველოს პარლამენტში და არასაპარლამენტო ოპოზიციის მოთხოვნით დანიშნულ შეხვედრას რეგიონალური განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან. არასაპარლამენტო ოპოზიცია, კერძოდ, უკმყოფილო იყო იმით, რომ თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გვერდის ავლით ხორციელდება.

საბოლოოდ, შეხვედრა შედგა, თუმცა იგი ხმაურისა და დაპირსპირების ფონზე წარიმართა. არასაპარლამენტო პარტიები მოლაპარაკებების მრავალპარტიულ ფორმატში გაგრძელებას ითხოვდნენ.

“მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა იმ პარტიის წარმომადგენელს, რომლებიც ბრძანდებიან პარლამენტში: დავსხდეთ, იქითა კვირაში შევხვდეთ და ამ შეხვედრაზე შევთანხმდეთ ფორმატზე“, განაცხადა ქრისტიან-დემოკრატმა ლევან ვეფხვაძემ.

პარლამენტის რეგიონალური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ჟორჟოლიანმა კი, თავის მხრივ, განმარტა:

“მე, როგორც კომიტეტის წარმომადგენელმა, შევთავაზე აქ წარმოდგენილ პოლიტიკურ პარტიებს, კომიტეტის ფორმატში და კომიტეტთან ერთად, აქტიური მუშაობა კანონპროექტზე როგორც საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში, ისე სამუშაო შეხვედრების წესით. მეც და კომიტეტის ხელმძღვანელობა, მთლიანად, მზად არის, რომ იმუშაოს პარტიებთან ამ ფორმატში“.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები კი მაინც ფიქრობენ, რომ თუ თვითმმართველობის რეფორმაზე მსჯელობა ინტერპარტიულ ფორმატში არ გაგრძელდა, კანონი ფართო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი კონსენსუსის პროდუქტი ვერ გახდება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც გასულ სამუშაო კვირაში განსაკუთრებული ვნებათაღელვის საგანი გახდა, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის შექმნის გაურკვეველი ვადით შეჩერებაა. როგორც 28 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, კომისიის შექმნის ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკას უკავშირდება:

“მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ, მართალია, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ, თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება უკვე, რა თქმა უნდა, მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ-ფინანსური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია“.

საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა ადამიანის უფლებების დამცველთა ნაწილისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ 2004-2012 წლებში უკანონოდ ან დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში.
XS
SM
MD
LG