Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის განხილვას შეუდგა


საქართველოს პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დღეს უმრავლესობის სხდომაზე დაიწყო. სხდომაზე გადაწყდა, რომ პროექტს დამუშავება და დახვეწა სჭირდება. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ კოდექსის საპარლამენტო განხილვამდე მასზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს. კონსულტაციებში ჩართვას ითხოვს არასაპარლამენტო ოპოზიციაც.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტი საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია. მიუხედავად იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილი დრო არ ითმენს, ჯერჯერობით ბუნდოვანია, როდის შეძლებს პარლამენტი კანონის მიღებას. ოპტიმალური გათვლებით, კანონპროექტის პლენარული მოსმენა დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება. როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა მედიასაშუალებებს განუცხადა, პარლამენტში განსახილველად შესული ვარიანტი განსხვავდება პირველადი ვარიანტისაგან:

“ვფიქრობ, რომ უფრო მეტად არის დაცული რაღაცა ტიპის საფრთხეები, მაგრამ, მოდი, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ. ყველას შეგვიძლია ვნახოთ პროექტი, რომელიც არის საკმაოდ სქელტანიანი და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებასაც, არასამთავრობო სექტორსაც - ყველას შეუძლია აქტიური მონაწილეობა“.

ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, ფინანსური რესურსებიდან დაწყებული, საგადასახადო სისტემაში ცვლილებებით. მეორე, ეს არის ოპტიმიზება, ანუ თვითმმართველი ერთეულების ზრდა. პირველ რიგში, ეს არის თვითმმართველი ქალაქები...
გია ჟორჟოლიანი
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის თანახმად, მერები და გამგებლები აირჩევიან პირდაპირი წესით, გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, გუბერნატორების ადმინისტრაციებთან შეიქმნება ადგილობრივი საკრებულოების კოლეგიური საბჭოები, სამოქალაქო ჩართულობის მიზნით შეიქმნება საზოგადოებრივი საბჭოები და სხვ. კანონპროექტი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ და ფინანსურ საფუძვლებს, თვითმმართველობის ორგანოების არჩევითობას, მათი საქმიანობის წესს და მათ საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის პრინციპებს. ის, რასაც ყველა ცალსახად უჭერს მხარს, დეპუტატ გია ჟორჟოლიანის თანახმად, თვითმმართველი ერთეულების ავტონომიურობის ზრდაა, თუმცა ამ პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით კანონში გაწერილი რეგულაციების მიმართ ცალკეული კითხვები მაინც ჩნდება.

“ამას სჭირდება შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, ფინანსური რესურსებიდან დაწყებული, საგადასახადო სისტემაში ცვლილებებით. მეორე, ეს არის ოპტიმიზება, ანუ თვითმმართველი ერთეულების ზრდა. პირველ რიგში, ეს არის თვითმმართველი ქალაქები. ამასაც პრინციპულად აქვს მხარდაჭერა, მაგრამ შემდგომი ოპტიმიზება როგორ წარიმართება, ეს ზოგიერთ კითხვას ბადებს. თუმცა ეს არ არის ამ ეტაპის გადასაწყვეტი ამოცანა“, ამბობს რეგიონალური თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი.

პრაქტიკულად ჩვენსა და ხელისუფლებას შორის უკვე მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ წავიმუშავებთ ერთად ამ კოდექსზე. ამიტომ რაღაცა მზა რეცეპტებით ახლა წინასწარ საინფორმაციო ველში ვილაპარაკოთ, შესაძლოა მაინცდამაინც კორექტული არ გამოგვივიდეს...
ჯონდი ბაღათურია
ჟორჟოლიანისგან განსხვავებით, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მათი ჩართვა პროექტზე მუშაობის პროცესში სწორედ რომ ამ ეტაპზე გადასაწყვეტი ამოცანაა და, ამ მხრივ, მთავრობამ დააგვიანა კიდეც. საქმე ისაა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ მალავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობის პროცესში რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ჩართულობა არ უზრუნველყო. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის კოდექსის ღია ფორმატში განხილვას მოითხოვენ და მასზე მსჯელობის დაწყებას მხოლოდ ვენეციის კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის შემდეგ მიიჩნევენ მიზანშეწონილად. კანონპროექტზე მუშაობისას პოლიტიკური სპექტრის იგნორირებას ერთგვარად წერტილი დაესმება შაბათს, 30 ნოემბერს. ამ დღეს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის საკითხზე სადისკუსიოდ არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს იწვევს. როგორც „ქართული დასის“ თავმჯდომარე ჯონდი ბაღათურია აღნიშნავს, ხელისუფლებასთან შეხვედრაზე არასაპარლამენტო ოპოზიცია თვითმმართველობის კოდექსის საკუთარი პროექტით მივა:

“პრაქტიკულად ჩვენსა და ხელისუფლებას შორის უკვე მოხდა შეთანხმება, რომ ჩვენ წავიმუშავებთ ერთად ამ კოდექსზე. ამიტომ რაღაცა მზა რეცეპტებით ახლა წინასწარ საინფორმაციო ველში ვილაპარაკოთ, შესაძლოა მაინცდამაინც კორექტული არ გამოგვივიდეს. ამიტომ მთავარი ის არის, რომ შაბათს შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი არგუმენტებით მივალთ და მოვისმენთ მათ არგუმენტებსაც შინაარსობრივ ნაწილზე. მაგრამ მთავარი, რაზეც უნდა მოხდეს შეთანხმება შაბათს, ეს არის ფორმატი მუშაობის და ეს არის გრაფიკი“.

მნიშვნელოვანია ძალიან, რომ, კომპეტენციების დეცენტრალიზაციასთან ერთად, ზუსტად დავინახოთ ფისკალური დეცენტრალიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ კოდექსიდან არ ჩანს. და მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზებული ქონება იყოს ხელშეუხებელი სახელმწიფოს მხრიდან...
მამუკა კაციტაძე
ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ რადგან, კონსტიტუციის თანახმად, თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს, უნდა შედგეს ინტენსიური თანამშრომლობის გრაფიკი.

მემარჯვენე მამუკა კაციტაძე კი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის, მისი აზრით, გაუმართავ და სადავო პრინციპებს შორის ჩამოთვლის სასოფლო და საუბნო საბჭოების შექმნას, ახალი თვითმმართველობის თვითკმარობის პრობლემას და სხვ.:

“მნიშვნელოვანია ძალიან, რომ, კომპეტენციების დეცენტრალიზაციასთან ერთად, ზუსტად დავინახოთ ფისკალური დეცენტრალიზაცია, რომელიც, სამწუხაროდ, ამ კოდექსიდან არ ჩანს. და მნიშვნელოვანია, რომ დეცენტრალიზებული ქონება იყოს ხელშეუხებელი სახელმწიფოს მხრიდან. მხედველობაში მაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება, რაც, სამწუხაროდ, არ არის ხელშეუხებელი და იქ არის ერთი ჩანაწერი, რომელიც მთლიანად ანგრევს თვითმმართველობის ქონების ხელშეუხებლობას“.

ამ და სხვა საკითხებზე დისკუსიაში რეგიონალური განვითარებისა და თვითმმართველობის სამინისტროში 30 ნოემბერს, სავარაუდოდ, 12 არასაპარლამენტო პარტია ჩაერთვება. დღეს კი, 28 ნოემბერს, უმრავლესობის გარდა, თვითმმართველობის კოდექსზე რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG