Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მართლმსაჯულების ხარვეზების შესწავლა უვადოდ გადაიდო


28 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაადასტურა ბოლო კვირებში მოარული ხმები იმის თაობაზე, რომ გაურკვეველი ვადით შეჩერდა ”მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის” შექმნა. უფლებადამცველების ერთი ნაწილისთვის მეტად შემაშფოთებელია იმ კანონპროექტის გვერდზე გადადება, რომლის დამტკიცებასაც საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი ელოდებოდა. ვინ და რატომ დარჩა გაწბილებული?

არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ არ შეიქმნება - დაახლოებით ამ შინაარსის არის იუსტიციის მინისტრის კომენტარი მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის თაობაზე. როგორც თეა წულუკიანმა უთხრა ჟურნალისტებს 28 ნოემბერს, კანონპროექტთან დაკავშირებული ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკას უკავშირდება:

”მთავრობის წევრებმა მიიჩნიეს, რომ, მართალია, მართლმსაჯულების ხარვეზების კომისიის შექმნას არავინ ეწინააღმდეგება, მაგრამ, თუკი ადამიანი გამართლებულად იქნება მიჩნეული, მას უჩნდება, რა თქმა უნდა, უკვე მატერიალური მოთხოვნის დაყენების უფლება სამოქალაქო წესით სასამართლოებში და ამისთვის დღეს ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა მზად არ არის. ამ ერთადერთი მიზეზის გამო ჩაითვალა, რომ ეს ამ ეტაპზე ნაადრევია”.

რა უნდა გადაიდოს?! ღირსების აღდგენა როგორ უნდა გადაიდოს სამომავლოდ?! ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ მის წინააღმდეგ თუკი ვინმეს რამე აქვს დაშავებული, იმას აპატიოს...
ნანა კაკაბაძე
თუ რა ვადით გადაიდო კომისიის შექმნა, თეა წულუკიანს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ თუკი კომენტარის შინაარსით ვიმსჯელებთ, პროცესი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებამდე, ანუ არც ისე მცირე დროით გადაიდო. შესაბამისად, გაურკვეველ დრომდე მოუწევს დაცდა იმ ათასობით ადამიანს, ვინც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალ ხელისუფლებას მიმართა საჩივრით, რადგან თვლის, რომ 2004-2012 წლებში უკანონოდ ან/და დაუსაბუთებლად იქნა მსჯავრდებული სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში. სწორედ ამ კატეგორიის ადამიანების სიმართლის დადგენის მიზნით შეიქმნა კანონპროექტი, რომლის ინიცირებითაც ახალმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი პატიმრისა თუ ყოფილი პატიმრის გული მოიგო. კანონპროექტის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ ეს ინიციატივა საჭირო იყო - ”ვინაიდან ასეთ პირთა მიმართ გამოტანილი განაჩენების დიდი უმრავლესობა კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით არ არსებობს მათი გასაჩივრების კანონიერი მექანიზმი”. ასევე ნათქვამია, რომ 9-წევრიანი კომისია თავდაპირველად 3 წლის ვადით შეიქმნებოდა, უფლებამოსილების გახანგრძლივების პერსპექტივით. კანონპროპექტის ბოლო ვარიანტის პრეამბულის თანახმად, მხედველობაში მიღებულია ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნაც.

მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნისა და ამოქმედების გადავადებას ”ხალხის მოტყუებას” უწოდებს ნანა კაკაბაძე - ხელმძღვანელი არასამთავრობო ორგანიზაციისა ”ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის”. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებამ არაფრად ჩააგდო სამართლიანობის აღდგენის ძლიერი სურვილი, რაც საზოგადოების დიდი ნაწილისთვის აწ უკვე გაურკვეველი დროით გადავადებულ კანონპროექტს უკავშირდებოდა:

”რა უნდა გადაიდოს?! ღირსების აღდგენა როგორ უნდა გადაიდოს სამომავლოდ?! ხელისუფლებას უფლება აქვს, რომ მის წინააღმდეგ თუკი ვინმეს რამე აქვს დაშავებული, იმას აპატიოს... მაგრამ ქართველ ხალხს და მთლიანად მოსახლეობას ღირსება რომ აყარეს, შიშით რომ აცხოვრეს 9 წელიწადი და უსახლკაროდ რომ დატოვეს ეს ხალხი, ვის მაგივრად პატიობს ეს ხელისუფლება, საინტერესოა?! ამას მისცა ხალხმა ხმა 1 ოქტომბერს?!”

ის არგუმენტი, რომ დღეს თანხა არ გვაქვს და ამას ვერ გავაკეთებთ, აბსოლუტურად არარელევანტურია. ბევრი ადამიანი შეიძლება დღესაც ციხეში ზის იმის გამო, რომ მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ასეთებისთვის თანხაზე უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლება...
კახა კოჟორიძე
ადამიანები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებოდნენ მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისიის შექმნას, უფლებადამცველებს საპატიმროებშიც ეგულებათ. ეს ის კატეგორიაა, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ სიმართლის დადგენა ვერა და ვერ შეძლო, ხოლო, მაგალითად, საყოველთაო ამნისტიამ მათი სასჯელი მხოლოდ შეამცირა.

დიდწილად სწორედ ამ კატეგორიის ადამიანებისთვის გასაჩივრების დამატებითი მექანიზმის შექმნას აუცილებლად მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ანუ შეიქმნებოდა კომისია თუ ეს სხვაგვარად მოხდებოდა, როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა საიას ხელმძღვანელმა კახა კოჟორიძემ, აუცილებელად მოსაგვარებლია ის, რაც, კანონპროექტის თანახმად, მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელ სახელმწიფო კომისიას უნდა მოეგვარებინა:

”ბევრი ადამიანი ამბობდა იმას, რომ უკანონო განაჩენით იქნა პასუხისგებაში მიცემული და არ საბუთდებოდა მათ მიერ დანაშაულის ჩადენა... და ამას, პატიმრების გარდა, ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობდნენ - როგორც არჩევნებამდე, ასევე არჩევნების შემდეგაც. და ის არგუმენტი, რომ დღეს თანხა არ გვაქვს და ამას ვერ გავაკეთებთ, აბსოლუტურად არარელევანტურია. ბევრი ადამიანი შეიძლება დღესაც ციხეში ზის იმის გამო, რომ მან ვერ ისარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ასეთებისთვის თანხაზე უფრო მნიშვნელოვანია თავისუფლება”.

საია მიიჩნევს, რომ, თუკი ეკონომიკური პრობლემების გამო ფერხდება, უმჯობესი იქნებოდა, სახელმწიფოს არა გასაჩივრების მექანიზმის ამოქმედება, არამედ საკომპენსაციო თანხების გაცემა გადაევადებინა.
როგორც კახა კოჟორიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომელიც ჩართული იყო კანონპროექტის შემუშავების პროცესში, ამ საკითხთან დაკავშირებით 29 ნოემბერს საგანგებო განცხადებას გააკეთებს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG