Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაჯარიმება-დაყადაღებისა და აგვისტოს ომის კვირა


თბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო
გასულ კვირაში განსაკუთრებით აქტუალური იყო უკვე კარგად ნაცნობი და აპრობირებული დაყადაღებისა თუ დაჯარიმების საკითხი. გასულ კვირაშივე აღინიშნა 2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავი. 8 აგვისტოს ცხინვალში რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის დმიტრი მედვედევის ვიზიტს კი კვირის ბოლოს ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.

თუკი კვირის მიმოხილვას დაჯარიმების თემით დავიწყებთ, უნდა ვთქვათ, რომ აღსრულების ბიუროს წარომადგენლებმა ორშაბათ დილიდან მოსთხოვეს შპს ”ბურჯის” თანამშრომლებს კომპანიის კუთვნილი ობიექტების დაცლა. ერთი თვის წინ სასამართლომ შპს ”ბურჯი“, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, 8 მილიონ 600 ათასი ლარით დააჯარიმა და 2 აგვისტოს ის აუქციონზე გაიყიდა. როგორც შპს „ბურჯის“ ადვოკატმა ალა კახნიაურმა განაცხადა, შპს "ბურჯის" ობიექტებში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შევიდნენ. მისი ინფორმაციით, ინტერნეტაუქციონში ორი კომპანია მონაწილეობდა. კანონით დაწესებული პროცედურის მიხედვით, ახალმა მფლობელმა თანხა ათი დღის ვადაში უნდა გადაიხადოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მოსთხოვოს ძველ მფლობელს ტერიტორიის დაცლა:

”თანხის გადახდის შემდეგ გაიცემა განკარგულება ამ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის შესახებ, შემდეგ აღნიშნულ ქონებას რეესტრში თავის სახელზე იფორმებს ახალი მფლობელი, შემდეგ მიმართავს ძველ მესაკუთრეს, რათა მან გადასცეს ეს ქონება, ხოლო თუ ძველი მესაკუთრე უარს განაცხადებს ამ ქონების გადაცემაზე, შემდეგ მიდის აღსრულების სამსახური და მოითხოვს ფართის გათავისუფლებას.”

პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადების თანახმად, კომპანია ”ბურჯმა” 2012 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე პერიოდში შეიძინა 54 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლებიც უფასოდ ემსახურებოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პარტიებს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას”...

დაჯარიმების თემა, პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, გასული კვირის ბოლოსაც გააქტიურდა, თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვიტყვი. მანამდე უნდა აღინიშნოს ”ნაციონალური მოძრაობის” ერთი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც 7-8 აგვისტოს ორი დღით უნდა შეწყვეტილიყო საარჩევნო კამპანია, რათა გლოვის დღეებს ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გარეშე ჩაევლო. ამ ფაქტმა საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკური პარტიების ნაწილი გააღიზიანა. მათი განცხადებით, ომის მეოთხე წლისთავს ყველა პოლიტიკური პარტია ისე აღნიშნავს, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” კი ”ნაციონალების” წინადადებას წინადადებითვე უპასუხა და დუმილის შენარჩუნებისა და აგვისტოს დღეებში დატრიალებული ტრაგედიის გამო ბოდიშის მოხდისაკენ მოუწოდა.

მათ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა პოლიტიკური განცხადებებისაგან თავი შეეკავებინათ:

”ჩვენ ვაჩერებთ საარჩევნო კამპანიას ამ ორი დღის განმავლობაში. საარჩევნო კამპანიის ნაწილია ისიც, რომ ჩვენს ოპონენტებს ვუპასუხო. პასუხი გასაცემი ნამდვილად მაქვს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენივე ინიციატივა არ დავარღვიო, ამას გავაკეთებ 9 აგვისტოს.”

პასუხის ადრესატმა - ამ შემთხვევაში, კოალიცია ”ქართული ოცნების” პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ - 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლების ინიციატივას ასე უპასუხა:

”კოალიცია ”ქართულმა ოცნებამ” თავიდანვე ისე დაგეგმა საარჩევნო კამპანია, რომ ამ დღეებში არ გამართულიყო რაიმე მასობრივი ღონისძიება. რაც შეეხება ლოკალური მასშტაბის საარჩევნო შეხვედრების ჩატარებას და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას, ამ მხრივ ჩვენი შტაბები და კანდიდატები მუშაობას არ წყვეტენ. ხელისუფლებას კი მოვუწოდებთ, რომ, მართლაც, ამ ორი დღის განმავლობაში შეინარჩუნოს სრული დუმილი და ამით მაინც მოიბოდიშოს იმ უბედურებისათვის, რაც მათი უგუნური პოლიტიკის გამო ქვეყანას თავს დაატყდა.”

8 აგვისტოს, მიცვალებულთა სულების მოხსენიების დღეს, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავებთან მათი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ. საქართველოს სამხედროების ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალში ამჯერადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა, სხვა ოფიციალურმა პირებმა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა.
მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული 43 ქართველი ჯარისკაცია დაკრძალული. რამდენიმე საფლავის ქვა დღემდე უსახელოა, დაღუპული მეომრების ვინაობა - უცნობი. ნუნუ თენიეიშვილმა ომში დაღუპული შვილი ომიდან სამი თვის მერე დნმ-ის ანალიზის საშუალებით იპოვა. ზაურ თენიეიშვილი 21 წლის იყო:

”მე ამ დასაფლავებას მუხათგვერდის სასაფლაოზე ტელევიზორში ვუყურებდი და წამომცდა, ვაიმე, შვილო, შვილებო, რა მნიშვნელობა აქვს, ჩემი ხარ თუ სხვისი, ერთი ცრემლი ხომ უნდა ჩაგყოლოდათ ვიღაცის-მეთქი, და თურმე ჩემს შვილს მარხავდნენ.”

აქვე ვთქვათ იმის შესახებაც, რომ 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის პრემიერ- მინისტრის დმიტრი მედვედევის ცხინვალში ვიზიტი საქართველოში ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა 11 აგვისტოს ოფიციალური განცხადებით გააპროტესტა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ევროკავშირის წარმომადგენლობა მიიჩნევს, რომ ეს ვიზიტები არ შეესაბამება სახელმწიფოების სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.

"წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. წარმომადგენლობა ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას რეგიონში და მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს, ძალისხმევა გამოიჩინონ ამ მიმართულებით", - ნათქვამია ფილიპ დიმიტროვის განცხადებაში.

გასულ კვირაში გამოქვეყნდა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც კოალიცია ”ქართული ოცნების” რეიტინგი ერთი პროცენტით აღემატება ”ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგს. საუბარია ამერიკულ კომპანია ”პენ შონ ბერლანდის” მიერ წარმოდგენილ გამოკვლევაზე, რომელიც სხვადასხვა დროს არჩევნების პროცესში თანამშრომლობდა, მაგალითად, აშშ-ის ექს-პრეზიდენტ ბილ კლინტონთან, დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერ-მინისტრ ტონი ბლერთან თუ იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან.

გამოკვლევა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდა, მასში 2000-მდე რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, შედეგმა კი აჩვენა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 41% მიიღო, ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ სათვალავზე 42-მა პროცენტმა მოიყარა თავი.

”პენ შონ ბერლანდის” დირექტორი კრეგ სმიტი ყველანაირად ცდილობდა, რომ თავისი კომპანიის ავტორიტეტი წარმოეჩინა და ის საქართველოში არსებული პოლიტიკური ინტერესებისგან გაემიჯნა, თუმცა ჟურნალისტების ერთ ნაწილს აშკარად გაუჩნდა ეჭვები გამოკვლევის დამკვეთ და უშუალო შემსრულებელ კომპანიებთან დაკავშირებით. საქმე ის არის, რომ დამკვეთად სახელდება გერმანიაში მოქმედი ორგანიზაცია ”ევროპული პლატფორმა საქართველოს დემოკრატიისთვის”, რომლის დამფუძნებელი ბიძინა გიორგობიანია - ხელისუფლების მწვავე ოპონენტი, დაუსწრებლად პატიმრობამისჯილი პირი, კონსერვატიული პარტიის წარმომადგენელი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, ხოლო ”პენ შონ ბერლანდის” გამოკვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია ”ფსიქოპროექტის” ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი ზურაბ ბიგვავა გახლავთ. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, 1990 წელს დაარსებულ მის კომპანიას ჩატარებული აქვს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული 8 მასშტაბური სოციოლოგიური გამოკვლევა. მისივე განმარტებით, ის საერთოდ არ იცნობს ბიძინა გიორგობიანს და ამბობს, რომ”პენ შონ ბერლანდის” წარმომადგენლები მას უშუალოდ დაუკავშირდნენ. წარმოშობილი ეჭვების გაფანტვას ზურაბ ბიგვავა შემდეგნაირად შეეცადა:

”თუკი „პენ შონ ბერლანდი“ ამის ნებას დამრთავს, მონაცემთა მთელ ბაზას გამოვაქვეყნებ და გადამოწმების საშუალება ნებისმიერ ადამიანს მიეცემა. მზად ვარ დავუთმო მათ ყველა კითხვარი - გახსნილი, თავისი კონვერტებით, მთელი შედეგებით. ეს არის შესრულებული ძალიან პატიოსნად, ძალიან მაღალ დონეზე.”

თუკი კვლავ დაჯარიმებისა და დაყადაღების საკითხს დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ კვირის ბოლოს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პოლიტიკური პარტიის ანგარიშზე დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხების გადარიცხვის მოტივით, 16 პირი გადარიცხული თანხის ხუთმაგი ოდენობით დააჯარიმა. ამ 16 პირს შორისაა ბანკი ”ქართუს” 8 თანამშრომელი, მათ შორის - გენერალური დირექტორი ნოდარ ჯავახიშვილი.

85 000 ლარის გადახდა დაეკისრა, თავის მხრივ, ბანკ „ქართუს” დირექტორს ნოდარ ჯავახიშვილს. იგი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ 17 000 ლარი შესწირა, რაც, მისი მხრივ, ერთგვარი პროტესტი იყო ხელისუფლების მიერ „ქართუ ჯგუფის“ - მათ შორის, „ქართუ ბანკის“ დაყადაღების, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და ბანკში დროებითი მმართველების შეყვანის გამო.

10 აგვისტოსვე დააჯარიმა სასამართლომ კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრი კახი კალაძე. მას 17 მილიონამდე ლარის ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ კახი კალაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საკუთარი ანგარიშებიდან 3 388 992 ლარის ოდენობის ნაღდი ფულის მოხსნისა და ამ თანხის ხარჯვის შესახებ დასაბუთების წარუდგენლობის გამო ცნო. დაკისრებული ჯარიმა კახი კალაძემ 7 დღეში უნდა გადაიხადოს.

მომდევნო დღეს კი, 11 აგვისტოს, საქალაქო სასამართლომ მორიგი ჯარიმა დააკისრა კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და უკანონო შემოწირულებების განხორციელებისთვის 20 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის სამსახურის ოქმის საფუძველზე მიიღო, რომლის მიხედვითაც, ივანიშვილმა საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან გამოტანილი თანხა, ნაღდი ფულის სახით, "ქართული ოცნებისთვის" შესაწირად სხვადასხვა პირების დახმარებით გამოიყენა.
XS
SM
MD
LG