Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვისი რეკომენდაციით ინიშნებიან ახალქალაქის საჯარო სამსახურებში?


ახალქალაქი
ახალქალაქი

ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩატარებული კონკურსის შედეგებს აპროტესტებენ. უკვე ყოფილი თანამშრომლები ირწმუნებიან, რომ მათი სამსახურიდან გაშვება ხელოვნურად მოხდა. ადგილობრივები იმასაც ამბობენ, რომ ჯავახეთში თანამშრომლებს ნათესაური და მეგობრული ნიშნით ასაქმებენ. სოფელ აფნიაში მცხოვრები მალხაზ ღორჯომელაძე, ასევე ყოფილ თანამშრომელ სირაკან შიპაქციანთან ერთად, საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის მოხვდნენ არასაპარლამენტო ოპოზიციის მხარდამჭერები. ბლოკის ლიდერი კახა კუკავა, ნეპოტიზმის გარდა, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს ხედავს და აღნიშნავს, რომ კონკურსები მთელი საქართველოს მასშტაბით დარღვევებით ჩატარდა.

კახა კუკავას მტკიცებით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მაჟორიტარი დეპუტატის გავლენით მიიღება. საქართველოს პარლამენტის წევრი ამ ბრალდებებს უარყოფს. სამველ პეტროსიანი არასაპარლამენტო ოპოზიციის განცხადებას სისულელეს უწოდებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი, ვინც კონკურსი წარმატებით გაიარა, უკვე დასაქმდა.

საჯარო მოხელეთა კონკურსი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ჩატარდა. შეტანილი განაცხადების რაოდენობა მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა გამოცხადებულ ვაკანსიებს. სამსახურის გარეშე დარჩენილი კონკურსანტები რეგიონის მასშტაბით არსებულ დარღვევებზე საუბრობენ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ილია ზარდიაშვილის თქმით, 14 იანვრიდან შერჩეული კანდიდატები ძირითად შტატში სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ.

ახალციხის თემში გასაუბრებაზე გასული 100 კონკურსანტიდან დადებითი შეფასება მხოლოდ 46-მა მიიღო. რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობებს, 24 პოზიციაზე კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა. ადგილობრივი თვითმმართველობა კონკურსის ხელახლა გამოცხადებას უახლოეს დღეებში აპირებს.

XS
SM
MD
LG