ცხინვალის რეგიონში მწვავე პრობლემად რჩება ე.წ. ძალოვან უწყებათა განუკითხაობა, რასაც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც აღიარებს. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის, „ეხო კავკაზას“, ცნობით, ბიბილოვმა თავის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრს, იგორ ნანიევს, დაავალა აღჭურვოს პატრული და მილიციის თანამშრომლები ვიდეოკამერებით, რათა თავიდან იქნეს აცილებული უფლებამოსილების გადამეტების მომრავლებული შემთხვევები.
პრობლემის ფესვებს მივყავართ 1991 წლამდე, როცა ქალაქის საავადმყოფოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაუსამართლებლად დახვრიტეს ორი ეჭვმიტანილი. საუბარია ქარხნის ძარცვაში ეჭვმიტანილ პირებზე...თემურ ცხურბათი
„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის, მურატ გუკემუხოვის, შეფასებით, ბიბილოვის საყვედურის ადრესატი გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. შესაძლებელი იყო საყვედურის გამოცხადება ადგილობრივი კა-გე-ბესათვის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის გამო, მაგრამ ეს ამბავი უკვე კვალიფიცირდა „ეროვნული ინტერესების დაცვად“ და გადასინჯვას აღარ ექვემდებარება.
ბიბილოვი თვითაღიარებული რესპუბლიკის მეოთხე პრეზიდენტია. შესაბამისად, ოთხჯერ შეიცვალა მმართველი გუნდი, მაგრამ, როგორც ცხინვალის მკვიდრი და ადგილობრივი აქტივისტი თემურ ცხურბათი ამბობს, მთელი ამ დროის განმავლობაში საჭირბოროტო პრობლემად დარჩა სამართალდამცავი სტრუქტურების განუკითხაობა. ცხურბათის თქმით, ამ განუკითხაობის ისტორიას, ისვე როგორც ყველაფერს, თავისი დასაწყისი აქვს: „პრობლემის ფესვებს მივყავართ 1991 წლამდე, როცა ქალაქის საავადმყოფოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა გაუსამართლებლად დახვრიტეს ორი ეჭვმიტანილი. საუბარია ქარხნის ძარცვაში ეჭვმიტანილ პირებზე, რომლებმაც გაძარცვისას მოკლეს ერთ-ერთი მილიციელი, თავად კი მძიმე ჭრილობებით მოხვდნენ საავადმყოფოში. სწორედ ეს ადამიანები ჩახოცეს საავადმყოფოს საწოლებში, შემდეგ კი გამოვიდნენ ტელევიზიით და განაცხადეს, ასე მოუვა ყველას, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს მილიციის საგანგებო რაზმსო. ერთი წლის შემდეგ ამ რაზმის მეთაურს მოკლავენ ასევე განუკითხავად და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ ანატოლი ბიბილოვს ეყოფა გამბედაობა და ბოლოს მოუღებს ამ განუკითხაობას“.
ძალოვანთა თვითნებობა მნიშვნელოვან პრობლემად მიაჩნია ცხინვალელ პოლიტოლოგ დინა ალბოროვასაც:
„ესაა სისტემური პრობლემა და მიდგომაც სისტემური უნდა იყოს. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ცემა არ შეიძლება! მოქალაქის დამნაშავეობას და მისი დასჯის ხარისხს მხოლოდ სასამართლო ადგენს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეს ჩვენი საომარი წარსულის გამოძახილია, სამართალდამცავებს უჭირთ სამშვიდობო რელსებზე გადასვლა, მაგრამ უკვე დადგა დრო, როცა ხალხი ხელისუფლებისგან კანონის დაცვას მოითხოვს“.