Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი მოსკოვს „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის“ შეთანხმების საკუთარ ვარიანტს სთავაზობს


თებერვალში მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეობისა და ინტეგრეციის“ შესახებ შეთანხმება გაფორმდება. დეკემბერში დე ფაქტო რესპუბლიკის სამოქალაქო სექტორისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის შეშფოთება გამოიწვია შეთანხმების პირველი ვარიანტის ტექსტმა, რომლის თანახმადაც, დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვანი უწყებები მთლიანად რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადადიოდა. ცხინვალელმა სამოქალაქო აქტივისტებმა საუბარი სუვერენიტეტის დაკარგვაზე დაიწყეს. მათი აზრით, ხელშეკრულების ეს ტექსტი დე ფაქტო რესპუბლიკის კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით ძირითადი პოლიტიკური ბრძოლა „სახალხო პარტიასა“ და „ედინაია ოსეტიას“ შორის მიმდინარეობდა. „ედინაია ოსეტია“ საპარლამენტო უმრავლესობას ფლობს, პარტიის ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე ანატოლი ბიბილოვი კი თავიდანვე აცხადებდა, რომ რუსეთთან უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მომხრეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტთან სამუშაო ჯგუფი მუშაობდა, რომელსაც შეთანხმების ტექსტის საკუთარი ვარიანტი უნდა მოემზადებინა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთში გასაგზავნად „სახალხო პარტიის“ ვარიანტი შეირჩა, თუმცა ტექსტი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია. დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის წავრი, იურისტი ზიტა ბესაევა ჩვენი რადიოს რუსულენოვანი პროგრამა „ეხო კავკაზასთვის“ მიცემულ ინტერვიუში იმ პროცედურებზე ლაპარაკობს, რომელიც ხელშეკრულების პროექტმა მხარეებს შორის უნდა გაიაროს. მისი თქმით, ცხინვალში შემუშავებული პროექტის ტექსტი მოსკოვში გაიგზავნება, იქ დამუშავდება და უკან დაბრუნდება. ამის შემდეგ ისევ განხილვა მოეწყობა და ვიდრე მხარეები საბოლოოდ არ შეთანხმდებიან, ეს პროცედურა გაგრძელდება, რასაც დოკუმენტზე ხელმოწერა მოჰყვება.

„ეხო კავკაზას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალში შემუშავებული პროექტის ტექსტი საიდუმლოვდება და ეს პირადად დე ფაქტო პრეზიდენტის ლეონიდ თიბილოვის დავალებაა. ცხინვალში ვარაუდობენ, რომ ეს ტექსტი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც კრემლის შესაბამის კაბინეტებს მოივლის და შენიშვნები აღარ იქნება. ოსურ მედიაში პროექტის პირველი ვარიანტის გამოჩენას ცხინვალში, განსაკუთრებით სამოქალაქო სექტორში, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა და ყველა ეგრეთ წოდებული სუვერენიტეტის დაკარგვაზე ალაპარაკდა. მათ შორის იყო საპარლამენტო „სახალხო პარტია“, რომელიც მხარს უჭერდა რუსეთის მიერ აფხაზეთთან გაფორმებული ხელშეკრულების ტექსტის ვარიანტს. პარტიის ლიდერი ალექსანდრ პლიევი დღეს აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს მიერ შემუშავებული ტექსტით კმაყოფილია და პრეტენზიები აღარ გააჩნია. მისი აზრით, ხელშეკრულების ეს ვარიანტი როგორც სამხრეთ ოსეთის, ისე რუსეთის ინტერესებში შედის.

ცხინვალში პოლიტსაბჭო დეკემბრის თვიდან 8-ჯერ შეიკრიბა და მუშაობატექსტის სამხრეთოსეთისთვის მისაღებ ვარიანტზე მიმდინარეობდა. ჩვენი რადიოს ინფორმაციით, საბჭოს მიერ მიღებული საბოლოო ვარიანტით უკმაყოფილო დარჩა პარტია „ედინაია ოსეტიას“ ლიდერი ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ბოლო სხდომაზე არ მისულა. პარლამენტის თავმჯდომარე ტექსტის პირველ ვარიანტს უჭერდა მხარს. მისი საარჩევნო პროგრამა რუსეთთან ინტეგრაციას ისახავს მიზნად და ბიბილოვი შეთანხმების პირველი ვარიანტის ავტორად ასახელებდა თავს, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ ვარიანტში გარკვეული ცვლილებები შევიდა. ახლა კრემლის ჩინოვნიკებზეა დამოკიდებული, მიიღებენ თუ არა ცხინვალში მომზადებული დოკუმენტის პროექტს.

XS
SM
MD
LG