Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ და რაზე აისახება ვენეციის კომისიის რჩევები


საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი
ჯერჯერობით დაუზუსტებელია, თუ როგორ აისახება ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებებზე. სადავო თემად კვლავაც რჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი და შეკითხვა, უნდა დაითხოვონ თუ არა საბჭოს ამჟამინდელი წევრები უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მთავრობა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, - უთხრა 12 მარტს ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ. მთავრობის სხვა წარმომადგენლების მსგავსად, ისიც კმაყოფილია ვენეციის კომისიის შეფასებით, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონისთვის მომზადებული ცვლილებები ამ კანონს „ევროპულ სტანდარტებს უახლოებს“ და წარმოადგენს წინსვლას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებლობისთვის.

ვენეციის კომისია თავის დასკვნაში გამოყოფს 4 ძირითად მიმართულებას, რომლებსაც ის გაუმჯობესებისკენ გადადგმულ საგანგებო ნაბიჯებად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებით: 1. პრეზიდენტი აღარ დანიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს; 2. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რვა წევრს აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია თავად მოსამართლეთა შეთავაზების მიხედვით; 3. საბჭოს 6 წევრს აირჩევს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან. ისინი არ იქნებიან პოლიტიკოსები, როგორც ეს ამჟამად არის და 4. ცვლილებების თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ფარული კენჭისყრის გზით აირჩევიან.

”გარკვეული რეკომენდაციები არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედ წევრებთან დაკავშირებით, მაგალითად, ის, რომ წევრი არ უნდა იყოს ან შეზღუდული უნდა იყოს მისი თავმჯდომარეობა სასამართლოში; აგრეთვე, წევრი უნდა იყოს არჩეული მოსამართლეთა კონფერენციის მიერ”.
იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ წევრებმა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადა...
ვენეციის კომისია

თავის კომენტარში ალექსანდრე ბარამიძე ვენეციის კომისიის იმ რეკომენდაციებს უსვამს ხაზს, რომელთა მიხედვითაც სასამართლოების მოქმედ თავმჯდომარეებს მოუწევთ არჩევანის გაკეთება ამ პოსტსა და იუსტიციის საბჭოს წევრობას შორის. ამასთან, კომისიის მიერ შემოთავაზებული სარეკომენდაციო ვარიანტის მიხედვით, მოსამართლეთა კონფერენციას უნდა მიეცეს უფლება, რომ დაამტკიცოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული წევრები. ეს შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ რვა წევრს, რომლებიც მოსამართლეები არიან და რომელთაგან სამს დღემდე ადმინისტრაციული კომიტეტი ირჩევს.

თუმცა თუკი ხელისუფლება სრულად გაითვალისწინებს ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ასახულ რეკომენდაციებს, მას მოუწევს გადახედოს პირველი მოსმენით უკვე დამტკიცებული კანონპროექტის მთავარ არსს, რომ იუსტიციის საბჭოს მოქმედ სრულ შემადგენლობას ვადამდე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება. სწორედ ეს აქცენტი წარმოადგენს მთავარ სადავო თემას საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის. უმცირესობა მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ვადაზე ადრე დათხოვნა იქნება პოლიტიკური ზეგავლენა სასამართლო სისტემაზე, საპარლამენტო უმრავლესობის აზრით კი, საბჭოს შემადგენლობის გამოცვლა ერთადერთი გზაა სასამართლოს წინა ხელისუფლების პოლიტიკური მარწუხებისაგან დასახსნელად. 11 მარტს, გვიან საღამოს გამოქვეყნებულ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ვენეციის კომისიას აქვს ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლების წინაშე მდგარი დილემის შესახებ და, ამის მიუხედავად, ასკვნის:

„იმ შემთხვევაშიც კი, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, რომ წევრებმა დაასრულონ თავიანთი უფლებამოსილების ვადა”.

ასეთი რეკომენდაციის მოცემისას, ვენეციის კომისია ითვალისწინებს არასახარბიელო პრეცედენტის შექმნის საფრთხეს, რომელზე დაყრდნობითაც ნებისმიერ ახალ მთავრობასა თუ პარლამენტს შეეძლება საბჭოს უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა. ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამგვარი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით მოკლე დროში მიღებული, აღძრავს ეჭვს, რომ ის მიზნად ისახავს ზეგავლენის მოხდენას საბჭოს საქმიანობაზე.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრის უფლებამოსილება ერთად არ შეწყდეს და ეს მოხდეს ეტაპობრივად. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სხვა...
ეკა გიგაური

საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეთა პოზიციების დაახლოების აუცილებლობაზე ლაპარაკობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. როგორც მან უთხრა 12 მარტს რადიო თავისუფლებას, ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახული რეკომენდაციების მაქსიმალურად გათვალისწინება კანონპროექტის სწორად კორექტირების საუკეთესო საშუალება იქნებოდა. ეკა გიგაური, არაერთი კოლეგის მსგავსად, ფიქრობს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა სრულად არ უნდა გამოიცვალოს:

”ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა წევრის უფლებამოსილება ერთად არ შეწყდეს და ეს მოხდეს ეტაპობრივად. იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრების მიმართ დამოკიდებულება უნდა იყოს სხვა და მათ უნდა მიეცეთ საბჭოში დარჩენის საშუალება - განსაკუთრებით იმათ, ვის დანიშვნაშიც მონაწილეობა მიიღო მოსამართლეთა კონფერენციამ. ჩვენ ამას, ასე ვთქვათ, ყოველთვის ვლობირებდით. რაც შეეხება დანარჩენ წევრებს, შესაძლებელია, რომ სხვა წევრები შეიცვალოს, რადგანაც მათი დანიშვნის წესი შეიცვლება”.

ვენეციის კომიის რეკომენდაციები, ცხადია, სავალდებულო სახეს არ ატარებს, მაგრამ მათი საგანგებო მნიშვნელობა მხარეებს 12 მარტს შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმაც შეახსენა:

”ეს არის ამჟამად მეტად მნიშვნელოვანი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ვენეციის კომისია გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი საერთაშორისო სტრუქტურა და მისი რეკომენდაციები ძალზე ღირებული და წონიანია. მჯერა, რომ მის რეკომენდაციებს ორივე მხარე შეისწავლის და ნაპოვნი იქნება კომპრომისული გადაწყვეტილება სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად”.

თუკი მხარეები კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებას შეძლებენ, ეს მიმდინარე კვირაში უნდა გამოჩნდეს. ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში მეორე მოსმენით სწორედ ამ კვირაში განიხილება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG