Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

,,ვასილიოს N“–ის თავგადასავალი დასრულდა


"ვასილიოს N"-ის მეზღვაური გიორგი ყურაშვილი დედასთან, მანანა ამბალიასთან ერთად ბათუმში
"ვასილიოს N"-ის მეზღვაური გიორგი ყურაშვილი დედასთან, მანანა ამბალიასთან ერთად ბათუმში
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის, ,,ვასილიოს N“–ის თავგადასავალი დასრულდა. გემის მფლობელისა და ტვირთმფლობელის დავის გამო, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი საშუალება ,,ვასილიოს N“-ი 11 თვის მანძილზე ლიბიაში იყო დატყვევებული. კაპიტანმა მარტში, საომარი მოქმედებების გამძაფრებისას, მისრათის პორტიდან გემის გაყვანა და გაქცევა შეძლო. ეკიპაჟმა, მალტას, ვალეტას პორტს შეაფარა თავი. მიმდინარე წლის ივლისში მალტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეზღვაურებმა გემის გაყიდვის უფლება მოიპოვეს.

,,ვასილიოს N“–ის ეკიპაჟის 4 წევრი 1 სექტემბერს, სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი ყურაშვილი, ზურაბ გურალია, აკაკი ქაჯაია და ირაკლი დანელია სტამბოლი-ბათუმის რეისით დღის 16 საათზე ჩაფრინდნენ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. უკრაინელი მეზღვაურები კი სამშობლოში უფრო ადრე, 30 აგვისტოს დაბრუნდნენ. კაპიტანი ივერი ყურაშვილი პირადი საკითხების მოსაგვარებლად სტამბოლში დარჩა. მეზღვაურებმა კუთვნილი ხელფასები 29 აგვისტოს მიიღეს. მიღებული თანხის ოდენობით უკმაყოფილონი არიან, თუმცა დასძენენ, რომ უცხო ქვეყანაში მეტს ვერ დაიცდიდნენ. ,,არ მჯერა, რომ საქართველოში ვარ. გრძნობებს და ემოციებს ძლივს ვმალავ. ბედნიერი ვარ, რომ მეღირსა თავისუფლება. ვსუნქავ საქართველოს ჰაერით და ვდგავარ საქართველოს მიწაზე,“ –ამბობს მეზღვაური გიორგი ყურაშვილი.

,,ვასილიოს N“-ი უკვე ახალი მეპატრონის კუთვნილებაა. ეკიპაჟის წევრთათვის უცნობია მისი სამომავლო გეგმები. მეზღვაურები დღეს ამბობენ, რომ ბედნიერები არიან. გიორგი ყურაშვილმა კი პირობა შეასრულა და რადიო თავისუფლებას ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. ,,მადლობა რადიო თავისუფლებას. პირველები, ვინც დაგვეხმარნენ, სწორედ ,,თავისუფლების“ ჟურნალისტები იყვნენ. მადლობა მათ“, - ამბობს ის.

აღფრთოვანებას ვერ ფარავდნენ მეზღვაურების ახლობლები. ,,ამ წუთს დიდხანს ველოდი. დღეს ჩემი შვილი ჩემთანაა. მადლობა ყველას, ვინც გვერდით მედგა ამ თვეების განმავლობაში,“ - ამბობს გიორგი ყურაშვილის დედა, მანანა ამბალია, რომელსაც გემზე ოჯახის ორი წევრი ჰყავდა. ,,მეზღვაურების ოჯახებმა ბევრი გაჭირვება გადაიტანეს. უკვე დაგვიბრუნდენ. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა,“- ამბობს გიორგი ყურაშვილის ძმა, ირაკლი ყურაშვილი.

კითხვას, თუ რა გეგმები აქვთ, მეზღვაურები ვერ სცემენ პასუხს. ის, რაც ყველას საერთო აქვს და ზუსტად იციან, დასვენების სურვილია.
XS
SM
MD
LG