Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვკარგავთ თუ არა ვაკის პარკს


ვაკის პარკი
ვაკის პარკი
მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ ვაკის პარკში, ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე, ამავე სახელწოდების ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს და უახლოეს დღეებში მერიასთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს. მოძრაობის აქტივისტები ადგილზე ყოველდღე მორიგეობენ და, მშენებლობის განახლების შემთხვევაში, განგაშის ასატეხად მზად არიან. კომპანია „ტიფლის დიველოპმენტი“ კი, რომელიც ამ ტერიტორიის ახალი მფლობელია, მშენებლობის განახლებას რამდენიმე დღეში აპირებს და აცხადებს, რომ მათ მიერ ნაყიდი მიწა ვაკის პარკს არ ეკუთვნის.

ცოტა ხნის წინ გარემოსდაცვითმა არასამთავრობო ორგანიზაცია „უსაფრთხო სივრცემ“ ვაკის პარკის საზღვრებისა და ფართობის ცვლილების დინამიკის ამსახველი რუკა გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, 2002 წლიდან დღემდე როგორ მცირდება პარკის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი სივრცე და იკლებს მწვანე საფარი. ეს რუკა ბოლო დღეებში გარემოსდამცველებმა არაერთხელ მოიშველიეს წლიდან წლამდე ვაკის პარკის, როგორც რეკრეაციული ზონის, განადგურების დასტურად. ამჯერად სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილი, მათ შორის, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“, აპროტესტებს ვაკის პარკში მდებარე ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობას. ამ ადგილის ოფიციალურ მისამართად რეესტრში ჭავჭავაძის #68-აა მითითებული. მოძრაობის აქტივისტი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ მალე ორსართულიანი რესტორნის ადგილას შვიდსართულიანი სასტუმრო გაჩნდება. ორმო უკვე ამოთხრილია. ინვესტორის განცხადებით, მალე მშენებლობაც დაიწყება:

“ინვესტორი ამბობს, რომ ხუთსართულიანი შენობა აშენდება, მაგრამ როდესაც პროექტი ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ რეალურად ეს არის შვიდსართულიანი შენობა. მიწის დონიდან სიმაღლე 27 მეტრია, ეს კი არის გარეუბნებში მდგარი ცხრასართულიანი კორპუსის სიმაღლის შენობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ვაკის პარკის ეს კუთხე მთლიანად გადაიქცევა ამ სასტუმროს ეზოდ, რადგან ამხელა სასტუმროს შესაბამისი ინფრასტრუქტურაც დასჭირდება“.

ქალაქ თბილისის საკრებულოს, მერიისა და თბილისის არქიტექტურის სამსახურის სახელზე დაწერილი პეტიციის ხელმომწერები მოითხოვენ სასწრაფოდ შეჩერდეს 7 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში, თბილისის უმნიშვნელოვანეს სარეკრეაციო სივრცეში. მოთხოვნებს შორისაა სამართლებრივი აქტის მიღებაც, რომელიც მიმდინარე მშენებლობას შეაჩერებს და შესაძლებელს გახდის აღნიშნული ტერიტორია საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისად განვითარდეს. პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ თბილისის მერიამ ბოროტად გამოიყენა სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების უფლებამოსილება და საკრებულოს მხარდაჭერით გასცა ნებართვა მშენებლობაზე, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ვაკის პარკის სარეკრეაციო ზონას და საზოგადო სივრცის კერძო ინტერესებისათვის ბოროტად გამოყენების ფაქტს წარმოადგენს.
„ჩვენ მოვითხოვთ, რომ გადაიხედოს კანონი, რათა ასე მარტივად არ ეხსნებოდეს რეკრეაციულ ზონებს შესაბამისი სტატუსი, რომელიც მას იცავს და ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ასე თვითნებურად არ გვართმევდნენ ჩვენს კუთვნილ ტერიტორიას“, ამბობს ნატა ფერაძე.

ჩვენ პრეტენზია სწორედ ამ სპეციალური ზონალური შეთანხმების მიმართ გვაქვს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კანონმდებლობა არის ბუნდოვანი, ის მაინც ადგენს კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება ...
ერეკლე ურუშაძე
მოძრაობის აქტივისტი ერეკლე ურუშაძე განმარტავს, რომ, მართალია, მერიამ პარკის საზღვრები დღემდე ვერ დაადგინა, მაგრამ არსებობს სარეკრეაციო ზონა 2. აღნიშნული ნაკვეთი ვაკის პარკის სიღრმეში სწორედ ამ ზონის ფარგლებშია მოქცეული. რა შეიძლება აშენდეს და რა არა ასეთ ზონაში, ამას, ურუშაძის განმარტებით, დადგენილი წესები განსაზღვრავს. წარმოდგენილი სასტუმროს პროექტი კი, მისი თქმით, ამ წესებით დადგენილ კოეფიციენტებს არ შეესაბამება. შესაბამისად, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემის ერთადერთი სამართლებრივი საფუძველი იყო ქალაქის მაშინდელი მერის, გიგი უგულავას მიერ გაცემული სპეციალური ზონალური შეთანხმება, რომლის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ კიდეც სასამართლოს:

„ჩვენ პრეტენზია სწორედ ამ სპეციალური ზონალური შეთანხმების მიმართ გვაქვს, რადგანაც მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კანონმდებლობა არის ბუნდოვანი, ის მაინც ადგენს კრიტერიუმებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ეს სპეციალური ზონალური შეთანხმება. ეს ხდება მაშინ, როდესაც არსებობს კონკრეტული ტერიტორიის განვითარების საჭიროება, უნდა კომპენსირდებოდეს სხვა ღონისძიებებით ეს და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონის სამივე მოთხოვნა დარღვეულია და ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოში“.

სასტუმრო კი, რომელიც თავისთავად მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი არ არის, ამ აუცილებელ ფუნქციას, რომელიც პარკებს გააჩნია, აფერხებს. იქ აუცილებლად იქნება ხშირი საავტომობილო მისვლა-მოსვლა, რესტორანი, კაზინო...
ზურაბ ბაქრაძე
რადიო თავისუფლებამ ქალაქის დამგეგმარებელ ზურაბ ბაქრაძესაც ჰკითხა, ვაკის პარკის ტერიტორიაზე (თუმცა ინვესტორი აცხადებს, რომ ეს პარკის მიმდებარე ტერიტორიაა), სასტუმროს მშენებლობა არის თუ არა პარკისთვის ზიანის მომტანი. ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ სასტუმრო პარკში ვაკის პარკის ფუნქციონირებას შეაფერხებს:

„პარკი ხომ დასვენების, რეკრეაციის და ძალების აღდგენისთვის არსებობს ყველა ქალაქში, ამისთვის არის ის მოგონილი, აუცილებელი რამეა, რადგან ქალაქი ადამიანის გამოფიტვაზე მოქმედი წარმონაქმნია და ასეთ დროს მას აუცილებლად სჭირდება გაწონასწორება. სწორედ ამიტომ არსებობს ქალაქებში პარკების კულტურა, როგორც ურბანული მოვლენა. სასტუმრო კი, რომელიც თავისთავად მხოლოდ ღამის გასათევი ადგილი არ არის, ამ აუცილებელ ფუნქციას, რომელიც პარკებს გააჩნია, აფერხებს. იქ აუცილებლად იქნება ხშირი საავტომობილო მისვლა-მოსვლა, რესტორანი, კაზინო... ანუ ეს ყველაფერი შექმნის ატმოსფეროს გარშემო, რომელიც არ შემოიფარგლება სასტუმროს შენობით. ეს ატმოსფერო მთელ პარკზე გავრცელდება“.

ეს, რაც შეეხება გამოყენებით მხარეს. მეორე საფრთხე, ზურაბ ბაქრაძის შეფასებით, ზოგადად ქალაქის ეკოლოგიას უკავშირდება:

„ეჭვი მეპარება, რომ მხოლოდ იმ ცხრა ხის მოჭრა ეყოს ამ ამბავს, რომელზეც მერიამ გასცა ნებართვა. თუმცა რამდენი ხეც არ უნდა მოიჭრას პარკში, ეს თავისთავად უკვე ცუდი ფაქტია. პარკში, პირიქით, ხეებს უნდა რგავდნენ“.

და მესამე, ეს არის სივრცულ-ესთეტიკური მხარე:

„წარმოიდგინეთ, დაახლოებით 27 მეტრის სიმაღლის კორპუსის ტიპის შენობა, ჩადგმული ამ მწვანე სისტემაში. თანაც, ეს შენობა არ არის განაშენიანების სისტემის ნაწილი. ეს არის მწვანე საფარში ჩადგმული უცხო სხეული“.

როგორია ინვესტორის პასუხი?

ამ ადგილზე ჩვენ პროექტის კორექტირების უფლებაც მოვითხოვეთ და მშენებლობის ნებართვაც. მივიღეთ კიდეც ეს ნებართვა, თუმცა იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩაივლის საახალწლო დღესასწაულები და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას...
გოგა ზაქაიძე
„ტიფლის დიველოპმენტის“ დირექტორი გოგა ზაქაიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ ყოფილი რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით მათ „პარტიზანული მებაღეობის“ ფეისბუკის გვერდზე სურდათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მათი გვერდი დაიბლოკა. გოგა ზაქაიძე ამბობს, რომ 2013 წლის შემოდგომაზე ჭავჭავაძის 68-ში კომპანიამ შპს ,,აგრო ლენდ ჯორჯიასაგან“ 2863 კვ.მ ფართი შეიძინა. მიწის ამ ნაკვეთზე განლაგებული იყო ხუთი შენობის ნანგრევი, რომლის ნაცვლად ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება:

„ის, რომ პარკში, გამწვანებულ ადგილას, ვაშენებთ სასტუმროს, სიცრუეა. ჩვენ ამ შენობას ვაშენებთ ძველი ნანგრევების ადგილას, იმ ყოფილი რესტორნის ნაცვლად, რაც საჯარო რეესტრში დამოწმებული საკადასტრო რუკებიდანაც კარგად ჩანს. ჩვენ, როგორც ამ მიწის შემძენმა კომპანიამ, დავანგრიეთ იქ არსებული ძველი შენობები და ვაშენებთ ახალს ისე, რომ ინფრასტრუქტურა შიგნით, შენობაში, იქნება განლაგებული“.

ზაქაიძე აცხადებს, რომ ეს ტერიტორია არასოდეს ყოფილა ვაკის პარკის ტერიტორია. შესაბამისად, არასწორია მოწოდებები, რომ ვაკის პარკი იჩეხება და იკარგება. ასევე არ არის სიმართლე, რომ იქ შვიდსართულიანი შენობა შენდება:

„ორი სართული მიწისქვეშაა იმისათვის, რომ მანქანები გარეთ არ იდგეს და არის კიდევ მანსარდა, რომელსაც სართულს ეძახიან. და კიდევ ერთი: ის ადამიანები, რომლებიც ვაკის პარკის ტერიტორიაზე სეირნობენ, მათი 99 % რესტორან „ბუდაპეშტის“ ტერიტორიამდე ასულიც კი არ არის“.

რაც შეეხება სამშენებლო ნებართვას, გოგა ზაქაიძე გვეუბნება, რომ ეს ნებართვა მათ თბილისის მერიის არქიტექტურული სამსახურისგან მიიღეს:

„ამ ადგილზე ჩვენ პროექტის კორექტირების უფლებაც მოვითხოვეთ და მშენებლობის ნებართვაც. მივიღეთ კიდეც ეს ნებართვა, თუმცა იყო გარკვეული შენიშვნები, რომლებიც ჩვენ გავითვალისწინეთ. ჩაივლის საახალწლო დღესასწაულები და ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას. ამის კანონით მონიჭებული ყველა უფლება გაგვაჩნია. ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება ხელი შეგვიშალოს, ის არის, თუ ვიღაც მოვა, დაგვიჭერს და წაგვართმევს ჩვენს ქონებას“.

„პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტებს და მათ თანამოაზრეებს მერიაში შეხვედრა 6 იანვარს აქვთ დაგეგმილი. მოძრაობის აქტივისტის, ნატა ფერაძის თქმით, მათ პრეტენზია ამ ეტაპზე, პირველ რიგში, კანონის და არა ინვესტორის მიმართ აქვთ. სასამართლოს გზითაც ისინი პასუხს მოსთხოვენ არა ინვესტორს, არამედ იმ უწყებას, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება გასცა. თუმცა რადგან მანამდე მშენებლობა, შესაძლოა, მაინც გაგრძელდეს, ნატა ფერაძე აცხადებს, რომ ერთადერთი ბერკეტი მის შესაჩერებლად სამოქალაქო საზოგადოების უწყვეტი პროტესტია, რაც, სხვათა შორის, ვერ მოხერხდა ე.წ. „ციყვების“ ტერიტორიაზე.

„ჩვენ მართლა არ ვაპირებთ ვაკის პარკის დათმობას. უკვე არაერთი ადამიანი გამოგვეხმაურა, რომელიც მხარში დაგვიდგება. მათ შორის, მუსიკალური ჯგუფები, მოცეკვავეები ერთად ვგეგმავთ, რომ იქ მუდმივად იმართებოდეს აქცია-კონცერტები, რათა ყველა საშუალებით დავიცვათ ვაკის პარკი. ეს უნდა იყოს არა სტანდარტული მიტინგები „ჯოს“ ძახილით, არამედ მთელი კამპანია იმ ნივთის დასაცავად, რომელსაც გვართმევენ“.

მორიგი საპროტესტო აქცია მერიასთან, მოთხოვნით - „ამოავსონ საძირკველი რესტორან „ბუდაპეშტის“ ადგილას“, 10 იანვარს არის დაგეგმილი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG