Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ ჯავახაძის დაობლებული საგნები


გამომცემლობა "ინტელექტმა" შარშან დაბეჭდა ვახტანგ ჯავახაძის ლექსების ახალი კრებული - "ელეგია და სხვა". ფაქტობრივად, წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. პირველში შედის "ელეგია: ყელსაბამი" და ორი წერილი მასზე, ხოლო მეორეში, წიგნის სახელწოდებას თუ დავესესხებით, "სხვა ლექსები". "ელეგია" და "სხვა ლექსები" პირდაპირი გაგებით არაა ერთმანეთისგან გამოყოფილი, თუმცა წიგნის დიზაინი და არქიტექტონიკა სწორედაც რომ აშორიშორებს მათ: ისინი ურთიერთპერპენდიკულარულადაა დაბეჭდილი - "სხვა ლექსების" სტრიქონები, როგორც წესია, ვერტიკალურად, ზემოდან ქვემოთ მიუყვება ერთმანეთს, ოცმარცვლიანი, ცამეტგვერდიანი "ელეგიის" განიერი სტრიქონები კი თარაზულად, მარცხნიდან მარჯვნივ და მის წასაკითხად წიგნის 90 გრადუსით შემობრუნებაა საჭირო. გარდა ამისა, "ელეგია: ყელსაბამი" მძივის მარცვალივით თითქოს გვირგვინშია ჩასმული ამ ორი სახოტბო წერილით. ეს ნაწარმოები, რომელიც ავტორმა გარდაცვლილი მეუღლის ხსოვნას მიუძღვნა, შარშან ზაფხულში გამოქვეყნდა "ლიტერატურულ გაზეთში", სოციალური ქსელებიც სწრაფად დაიპყრო და, თანამედროვე სივრცეში პოეტური ტექსტებისადმი შემცირებული ყურადღების ფონზე, გასაკვირად დიდი ინტერესი გამოწვია არა, უბრალოდ, ლიტერატორთა შორის, არამედ მკითხველთა ფართო წრეშიც (თუმცა "ფართო," ჩემი აზრით, დღევანდელ რეალობაში, მაინც არც ისე ფართოა და ტექსტი ასე თუ ისე თუ გასცდება სტაბილურ მკითხველთა ვიწრო წრეს, ეს ჩვენ, ლიტერატორებს, უკვე „ფართოს“ ილუზიას გვიქმნის და გვახარებს).

ვახტანგ ჯავახაძის დაობლებული საგნები
please wait

No media source currently available

0:00 0:08:57 0:00
გადმოწერა

კრებულზე საუბარი ვთხოვე კრიტიკოს ლევან ბრეგაძეს.

ლევან ბრეგაძე: "წიგნს ახლავს ორი წინასიტყვაობა. ერთის ავტორია ზვიად კვარაცხელია, მეორის - გია არგანაშვილი, და მათში ძალიან ზუსტად არის დახასიათებული ეს ლექსი. ორივემ შენიშნა ერთი მეტად საინტერესო თავისებურება "ელეგიისა", რომელიც ზვიად კვარაცხელიასთან ასეა ფორმულირებული: ამ ლექსში ჩვენ ვხედავთ, როგორ გარდაიქმნება ყოფითობა პოეზიად. და დაახლოებით იმავე აზრს გია არგანაშვილთან ასეთი სახე აქვს: ამ ლექსის დოკუმენტურობამ დაიტია თითქმის მთელი ჩვენი ეპოქა, ის დრო, რომელშიც მისი ავტორი, პოეტი ვახტანგ ჯავახაძე, ცხოვრობდა. ლექსის დახასიათება შეიძლება რამდენიმე ტერმინით, რომელსაც იყენებდნენ ადრეც ლიტერატურათმცოდნეობაში: სინამდვილის პოეზიას ეძახოდნენ ასეთ ლექსს, ფაქტის ლიტერატურას. ეს ტერმინები გაჩნდა ასი წლის წინ. მეოცე საუკუნის დასაწყისში იყო ამგვარი ტენდენცია პოეზიაში. მერე ეს შეიცვალა - მოდერნის პოეზია სხვანაირია, პოსტმოდერნის კიდევ უფრო სხვანაირი და ახლა რაღაც თავდება და რაღაც იწყება ახალი. ესეც შემჩნეული არის ლიტერატურული კრიტიკოსების მიერ. სხვა დახასიათება ამგვარი პოეზიისა არის ასეთი: ნატურალიზმი. მე ვიტყოდი - ნეონატურალიზმი თანამედროვე ლიტერატურაში და არა მარტო პოეზიაში. და ასეთ ლექსებში არა ლირიკული "მე"-ს შინაგანი განწყობილებაა გაბატონებული, როგორც ეს ადრე იყო, არამედ საგნები გადმოდიან წინა პლანზე.

ეს საგნები დაობლებული საგნები არიან და თითქოს ავტორი განიცდის ამ საგნების მაგივრად მათ ობლობას და ჩვენც, მკითხველებიც, განვიცდით ამ ობლობას...
ლევან ბრეგაძე

დაცარიელდა კაბა, საწოლი, სარკე, სათვალე, ქოლგა ─ შენები
ყველაზე მეტად ყელსაბამს უჭირს, მაგრამ მე ვეღარ შევეშველები.
ყველგან შენ ხარ და შენ აღარა ხარ, ყველა ნივთი და ყველა საგანი ─
შენ მიიზიდე, შენ მიითვისე, შენ ამოავსე ჩვენი საკანი.

ეს საგნები დაობლებული საგნები არიან და თითქოს ავტორი განიცდის ამ საგნების მაგივრად მათ ობლობას და ჩვენც, მკითხველებიც, განვიცდით ამ ობლობას".

ლევან ბრეგაძის ნათქვამმა მაშინვე 1963 წელს დაწერილი ბროდსკის "დიდი ელეგია ჯონ დონს" გამახსენა, სადაც "საგნების წინა პლანზე გადმოსვლა" სრული მაქსიმალიზმით და ინტენსივობითაა განხორციელებული და შესატყვის დახვეწილ მხატვრულ ფორმაშიცაა მოქცეული. ანუ ამ მხრივ ზემოთ ნახსენებ პოეტიკას მინიმუმ თავისი ნახევარი საუკუნის წინანდელი სრულყოფილი ნიმუშები მოეძებნება. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ისაა საინტერესო, ხანგრძლივი პოეტური გამოცდილების მქონე ავტორის ესთეტიკა რამდენად აისახა ამ ტექსტის ფაქტურაზე. "ელეგიის" დაბეჭდვიდან მოყოლებული, ბევრისგან გავიგონე ფრაზა, რომ ეს "ვახტანგ ჯავახაძის სხვანაირი ლექსია" (თუ პოემაა). სხვანაირობის განცდას გარკვეულწილად, შესაძლოა, მისი ჟანრი, თემატიკა იწვევდეს, რაც ირონიულ-პაროდიულ ლექსთან, რომელიც ამ ავტორთან ასოცირდება, შესაბამისობაში ვერ მოდის. მაგრამ ეს, ალბათ, ტექსტის ზედაპირული ხედვაა. ჩემი დაკვირვებით, ვახტანგ ჯავახაძე სწორედაც რომ ერთგული რჩება საკუთარი პოეტური მეთოდების და მათი მეშვეობით ცდილობს თავისი მძაფრი განცდებისა და ტრაგიკულობის გამოხატვას. ეს კი გაორებულ განწყობილებას აჩენს ტექსტის კითხვისას: ერთი მხრივ, მკითხველი ერთვება ამ თანაგანცდაში, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს თანაგანცდა არაა უწყვეტი - სევდა, რომელიც გარკვეულ სტრიქონებს მოაქვს, ქრება, მერე ისევ ბრუნდება და ა.შ., ბოლომდე. ამას კი იწვევს ის, რომ პოეტი არ რჩება გარდაცვლილ მეუღლესთან იდუმალ დიალოგში, არ რჩება ინტიმში. მას სცენაზე ბევრი ადამიანი შემოჰყავს, ინტერტექსტუალურს ხდის ნაწერს და, რაც მთავარია, წერის პროცესი, რომელიც დიდხანს გრძელდება, მას ითრევს, სიტყვა ჩვეულ სტიქიაში აგდებს და ისიც უკვე ძველებურად ეთამაშება მას, რაღაცნაირად ადრინდელივით მხიარულად რითმავს, პოულობს კალამბურებს, ამიტომ ლექსის ინტონაციაც ხშირად მსუბუქდება. ანუ ერთგან შეიძლება ის წერდეს:

"ამიერიდან სალხინებელის ცალმხრივ ტრასაზე უნდა გეძიო
და, რაკი ვეღარ მომიბრუნდები, მე თვითონ უნდა წამოგეწიო"

რამდენიმე სტრიქონის მერე კი ასე ჩაახუჭუჭოს:

"უარი ნარდის მღერას და ბანქოს! - მარაოიან-მუარებიან
ვარჰალალოებს ვეუარები: აუარება უარებია".

ყოველივე ეს დისტანცირების ეფექტს ახდენს, შეიძლება ბრეხტისეული გაუცხოებაც გაგვახსენდეს, საბოლოო ჯამში კი, ფსიქიკის თვითდამცავ ბუნებაზეც მეტყველებდეს, როდესაც მძიმე ტრაგედიის ჟამს ადამიანის ფსიქიკა პერიოდულად გაურბის მომხდარზე ფიქრს და სხვა რამით ანაცვლებს მას.

მოვუსმინოთ კვლავ ლევან ბრეგაძეს.

ლევან ბრეგაძე
ლევან ბრეგაძე

ლევან ბრეგაძე: "აქ, ამ ლექსში, რომელიც ძალიან განსხვავდება ვახტანგ ჯავახაძის ადრეული ლექსებისაგან ორივე პერიოდში: 60-იან წლებში ის წერდა სულ სხვანაირ ლექსს, 70-80-იან წლებში სულ სხვანაირს და დღემდე სულ სხვანაირ ლექსებს და ამგვარი ლექსები არის ამ წიგნში შესული. ყველა ამგვარი ლექსია, გარდა ამ პირველი ლექსისა. რაღაც ახალი იწყება ამ ლექსით არა მარტო ვახტანგ ჯავახაძის შემოქმედებაში, როგორც ჩანს, საზოგადოდ, და რა არის ეს? ამგვარ ლექსში პოეზია უფრო მეტად ხდება ფაბულური. დოკუმენტურობა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოენატრა მკითხველს მას შემდეგ, რაც პოეტური ფანტაზიის დიდი აბობოქრების ხანა იდგა და ჩამთავრდა, ოღონდ ეს ის ნატურალიზმი არ არის, მე-19 საუკუნის ბოლოს ნატურალიზმი რომ იყო. ამიტომ მინდა, რომ მას თავში დავუმატოთ ნეო. ნეონატურალიზმი, რომლის ნიშნები უკვე მკაფიოდ შეინიშნება თანამედროვე ქართულ პოეზიაში. ფაქტები, რომლებიც ხდებოდა პოეტის ცხოვრებაში, ადამიანები, სახელებით და გვარებით დასახელებულები, რომლებიც მის გარშემო ტრიალებდნენ. იქნება ეს გურამ დოჩანაშვილი თუ მერაბ ბერძენიშვილი, დავით წერედიანი თუ ელგუჯა ამაშუკელი, შვილი მათი - ირაკლი თუ მისი მეგობრები, შემოდიან და ქმნიან იმ არაჩვეულებრივ გარემოს, რომელიც ასახულია ამ ლექსში. ერთი თანამედროვე კრიტიკოსი ძალიან ზუსტად ახასიათებს ამგვარ პოეზიას: "პოეტური ფრაზა ამგვარ ლექსებში იჩრდილება საგნობრივი სამყაროს ვიზუალური კონკრეტულობით. აზრის დამაჯერებლობას სურათის დამაჯერებლობა ენაცვლება". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი".

რაც შეეხება "სხვა ლექსებს", აქ ვახტანგ ჯავახაძე ძველებური დიდოსტატობით ახერხებს თავისი კალამბურები თუ მაჯამური რითმები მხოლოდ გარეგნული ეფექტისთვის კი არ შექმნას, არამედ აზრიც ჩადოს, თავისებური რაკურსით დაგვანახვოს რაღაც მოვლენები. აი, მაგალითად, აქ:

"უფალო, მომიტინგე-მოაქციეს
ნუ დასჯი, არამედ მოაქციე".

ან აქ:

"ერქვა ესესერი!
არის უსუსური!"

XS
SM
MD
LG