Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უვადო პატიმრობა ნარკოტიკების შენახვისთვის


კიდევ ერთი ახალგაზრდა დააკავეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მუსიკალური ფესტივალის, „ჯემ ფესტის“, ტერიტორიაზე ბოლო 4 დღეში ამ ბრალდებით სულ 5 ადამიანია დაკავებული. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ნაწილი ამას სახელმწიფოს მხრიდან "კაბალური ნარკოპოლიტიკის გაგრძელებას" უწოდებს. მათ პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას ითვალისწინებს.

გადმოწერა

ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით ზუგდიის რაიონულმა სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტს, ბაქარ კორშიას.

როგორც მისი ადვოკატი, ნანა დარჩია, ამბობს, კორშია დანაშაულს აღიარებს და გასაჩივრებას არ აპირებს:

"ეს მუხლი ითვალისწინებს უვადო პატიმრობას, ამიტომ არა მგონია, აპელაციამ რამე შედეგი მოგვცეს. ჩვენი ამოცანაა, მან მინიმალური სასჯელი მიიღოს, რომ რაც შეიძლება მალე დატოვოს საპატიმრო".

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბაქარ კორშია 3 აგვისტოს ანაკლიაში, მუსიკალური ფესტივალის - "ჯემ ფესტის" - ტერიტორიაზე, დააკავეს. მას ბრალი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ამას "მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის მატარებელ დანაშაულს" უწოდებს:

"პროკურატურის პოზიცია ასეთი კატეგორიის დანაშაულებზე არის ყოველთვის შედარებით მკაცრი".

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 4 დღის განმავლობაში განმუხურში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია სულ 5 ადამიანი. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტი, გურამ იმნაძე, ამბობს, რომ ეს არის სახელმწიფოს მხრიდან "კაბალური ნარკოპოლიტიკის გაგრძელება":

გურამ იმნაძე
გურამ იმნაძე

"არ აქვს მნიშვნელობა, ფესტივალზე დააკავებენ თუ სხვაგან, რადგან დღეს ჩვენი კანონმდებლობა და ნარკოპოლიტიკა უშვებს შესაძლებლობას, რომ ადამიანები ძალიან მკაცრად დაისაჯონ მოხმარებისთვისაც და ნარკოტიკული ნივთიერების ფლობისთვისაც, მათ შორის, პირადი მოხმარების მიზნით, როდესაც გასაღების მიზანი არ არის დამტკიცებული".

"ნარკოპოლიტიკის პლატფორმამ" და მასში შემავალმა ორგანიზაციებმა პარლამენტში უკვე დაარეგისტრირეს კანონპროექტი, რომელიც კანონმდებლობის შემსუბუქებას ითვალისწინებს. როგორც გურამ იმნაძე ამბობს, პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა, კანონმდებლობა პირველ რიგში ითვალისწინებდეს ადამიანის ინტერესებს და რეპრესიით, დაპატიმრებით და სხვა მსგავსი მეთოდებით ნარკოტიკების პრობლემა ქვეყანაში არათუ გვარდება, არამედ კიდევ უფრო მძიმდებაო.

XS
SM
MD
LG