Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დარღვეული კენჭისყრის პროცედურები და ურთიერთბრალდებები ქუთაისში


ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, დილის 8 საათზე, ქალაქში გაიხსნა 124 საარჩევნო უბანი, მათ შორის ერთი სპეციალური, რომელიც სასჯელაღსრულების ნომერ მეორე დაწესებულებაშია განთავსებული. საოლქო საარჩევნო კომისიისავე ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ამ დრომდე კენჭისყრის პროცესი განსაკუთრებული დარღვევების გარეშე მიმდინარეობს და მხოლოდ რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა პროცედურული ხარვეზი, რომელზეც შესაბამისი ოქმები შედგა. ამ დროისთვის კომისიაში 10-მდე საჩივარია შესული.

არჩევნების პროცესი ქუთაისში

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება":

  • ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება
  • საჩივრების დიდი ნაწილი შედგენილია საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილად შევსებისთვის
  • ამ დრომდე დაფიქსირებული საჩივრები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს
  • ქალაქის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს

არჩევნების სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ - რეგიონალური კოორდინატორის, თეონა გოგიშვილის, განცხადებით, ორგანიზაციას ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანზე ჰყავს წარმომადგენელი და ამ დროისთვის საოლქო კომისიაში 6 საჩივარი შეიტანეს, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება. მათ შორის საჩივრების დიდი ნაწილი შედგენილია საკონტროლო ფურცლის არასრულყოფილად შევსებისთვის, რაც გასულ წლებშიც არაერთხელ დაფიქსირდა. როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს, ამ დრომდე დაფიქსირებული საჩივრები პროცედურულ დარღვევევბს ეხება და არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. თეონა გოგიშვილისავე შეფასებით, ქალაქის მასშტაბით საარჩევნო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს.

ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა დღის განმავლობაში მცირე ინციდენტი და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ნომერ 119-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკოლოზ ნარსიასა, და“ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის. როგორც ნიკოლოზ ნარსია აცხადებს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები საარჩევნო უბნების მიმდებარედ სიებით დგანან და ამომრჩეველთა მობილიზებას ახდენენ. ნიკოლოზ ნარსია ლაპარაკობს ასევე იმ დარღვევებზე, რომლებიც პარტიის დამკვირვებლებმა დააფიქსირეს:

„ყველა უბანზე, სადაც დავდივართ, ყველგან დგანან სიებით, მობილიზებულნი არიან აქტივისტები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ჩვენმა დამკვირვებლებმა მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ორმა ადამიანმა ხმა მისცა ერთდროულად 29-ე და 30-ე საარჩევნო უბნებზე, ანუ ატრიალებენ ე.წ. კარუსელს. პრევენციის მიზნით დავდივარ ყველა უბანზე და ვიცავ ყველა ხმას“.

ნიკოლოზ ნარსიას ბრალდებებს არ იზიარებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ჭეიშვილი და აცხადებს, რომ ნიკოლოზ ნარსია ადამიანების პროვოცირებას ცდილობს:

„ნიკოლოზ ნარსიამ მოიარა მთელი მაჟორიტარული ოლქი, ყველგან ცდილობს, რომ პროვოკაციაზე წამოაგოს ხალხი. აქ უამრავი ადამიანია ჩვენი მხარდამჭერი, რომლებიც მოდიან, მეგობრები არიან, ნახულობენ ერთმანეთს და თავის აზრებს უზიარებენ. ამას კანონი არ კრძალავს. პროვოკაციის გარდა, მათ არაფერი დარჩენიათ, იციან, რომ წაგებული აქვთ არჩევნები“.

კენჭისყრის მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესის ხელისშემშლელი ინციდენტი არ დაფიქსირებულა თავად საარჩევნო უბნებზე. როგორც რადიო თავისუფლებას რამდენიმე საარჩევნო უბანზე განუცხადეს, უბანი დროულად გაიხსნა და ამომრჩეველი დღის პირველ ნახევარში განსაკუთრებით აქტიური იყო.

რადიო თავისუფლების რესპონდენტთა პოლიტიკურად აქტიური ნაწილი, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა, ამბობს, რომ ხმა ქალაქის უკეთეს მომავალს და განვითარებას მისცა. ამომრჩევლები თანაქალაქელებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ საკუთარი არჩევანი ხმის უფლების მქონე ყველა მოქალაქემ უნდა დააფიქსიროს, რათა მათი ხმა არ დაიკარგოს. რესპონდენტთა შორის არიან ისეთებიც, ვინც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ამბობს, რომ ცვლილებების იმედი არა აქვს.

თავად კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა შეფასებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ქუთაისში რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი. მოქალაქეები, რომლებსაც კენჭისყრაში მონაწილეობა გადაწყვეტილი აქვთ, ხმის მიცემას საღამოს 8 საათის ჩათვლით შეძლებენ.

XS
SM
MD
LG