Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსმენენ სისტემატურად, ძალადობენ არასისტემატურად


"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ანგარიში

ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRIDC) გამოაქვეყნა ვრცელი ანგარიში, რომელიც წარმოაჩენს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას საქართველოში 2016 წელს. ანგარიში მოიცავს ძირითად ტენდენციებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის საკანონმდებლო ცვლილებები, პენიტენციური სისტემა, პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება, რელიგიისა და მედიის თავისუფლების საკითხები, უმცირესობათა უფლებები და ქალთა მიმართ ძალადობა.

გადმოწერა

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში მოხვდა უკანონო მოსმენებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის ფაქტები, რასაც აქტიურად აპროტესტებდა სამოქალაქო სექტორი. კამპანია „ეს შენ გეხებას“ ფარგლებში თბილისსა და რეგიონებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ლოზუნგით „არა ფარულ ჩანაწერებს! არა სხვისი პირადი ცხოვრების გადაღებასა და გარცელებას!“

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში შევიდა 2016 წლის განმავლობაში ოპოზიციის ცალკეული ლიდერებისა და მედიის წარმომადგენელთა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების რამდენიმე ფაქტი, რომელიც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, სათანადო რეაგირების გარეშე დარჩა. ანგარიშის მიხედვით, კვლავინდებურად არ არსებობს საგამოძიებო მოქმედებების კონტროლი და კვლავინდებურად ძალოვანი უწყებების ხელშია ფარული თვალთვალისა და მიყურადების ყველა ბერკეტი, რის გამოც მაღალია უკანანო მიყურადებისა და ჩანაწერების შენახვა-გავრცელების რისკი. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, 2016 წელს ხშირი იყო, ასევე, მოქალაქეებზე პოლიციელთა ძალადობის ფაქტები. მაგალითად, 2016 წლის 23 იანვარს პანკისის ხეობის მკვიდრი ასლან წუწუნაშვილი სასტიკად იქნა ნაცემი ახმეტის პოლიციის მიერ.

„სახალხო დამცველიც მიუთითებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში შეინიშნება ზრდა მოქალაქეთა უფლებების შელახვის. ჩვენს წარმოებაში არის 20-მდე საქმე, სადაც გამოხატულია პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები“, უთხრა რადიო თავისუფლებას ალეკო ცქიტიშვილმა, რომლის თქმითაც, ანგარიშში შევიდა, ასევე, რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევის ფაქტები: სოფელ მოხეში მუსლიმებისათივს ლოცვის ხელშეშლა, რელიგიური დაპირისპირება ადიგენში. ლგბტ პირთა უფლებების თავში კი ვკითხულობთ:

„2016 წლის 17 მაისს აქტივისტთა დაკავება განხორციელდა უხეში ფორმებით, სიძულვილის ენის გამოყენებით, ყოველგვარი განმარტების გარეშე. 2016 წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში ტრანსგენდერ ქალს სცემა ორმა პირმა, რის შედეგადაც 23 ნოემბერს ტრანსგენდერი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა“.

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" პრეზენტაცია
"ადამიანის უფლებათა ცენტრის" პრეზენტაცია

ალეკო ცქიტიშვილის თქმით, 2016 წელს ცენტრმა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით 6 ათასი იურიდიული კონსულტაცია გაუწია ბენეფიციარებს, რომელთა შორისაც იყვნენ მსჯავრდებულები და ბრალდებულები სხვადასხვა სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან:

„არის საკითხები, რომლებზეც არაეფექტურად ხდება რეაგირება სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან. არის შემთხვევები, როცა ჩვენ მოვითხოვეთ კომპენსაციის გადახდა სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან დაზარალებული პირების მიმართ. ერთ შემთხვევაში სამინისტრომ პროცესის დასრულებამდე გადაწყვიტა, რომ მორიგების გზით დათანხმებოდა ჩვენს მოთხოვნას და 20 ათასი ლარის მოცულობის თანხა გადაურიცხა დაზარალებულ პირს პირად ანგარიშზე და, ამავე დროს, ჩვენ სხვა საქმეებზეც ვაგრძელებთ მუშაობას, რაზეც სხვადასხვაგვარი პოზიცია აქვს სასჯელაღსრულების სამინისტროს, თუმცა სამინისტროს აქვს საინტერესო მიდგომა: როცა კომპენსაციას უხდის დაზარალებულს, შემდეგ ცდილობს მსჯავრდებულებისგან, ვინც განახორციელა წამება წარსულ წლებში, მათგან ამოიღოს თანხა და მათ დააკისროს ამ თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“.

ანგარიშის ავტორი თამარ ავალიანიც ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესწავლას:

„ვერ ვიტყვით, რომ 2013 წლის შემდეგ ცემა, წამება და არაადამიანური მოპყრობა არის დამახასიათებელი მართვის სტილი პენიტენციურ სისტემაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონკრეტული ფაქტები კონკრეტულ დაწესებულებეში არ ფიქსირდება. არის ცალკეული ფაქტები, თუმცა ეს არ არის სისტემური მასშტაბური ხასიათის. რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემაში არის არსებითი გაუმჯობესება როგორც ინსტიტუციური, ასევე პრაქტიკული მიმართულებით“.

თამარ ავალიანის თქმით, ვითარება გაუარესდა პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოებში. 2015 წლიდან დაიწყო მომატება არასათანადო მოპყრობის ფაქტებმა და ეს ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა. ამასთან, ასევე პრობლემად რჩება ამ ფაქტებზე სათანადო რეაგიების მექანიზმის არარსებობა.

„ზუსტად ამიტომაც წამოიჭრა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხი, რომელიც გამოიძიებდა პენიტენციურ დაწესებულებებში და სამართლადმცველთა მხრიდან ჩადენილ სავარაუდო გადაცდომებს. თუ ჩვენ შევხედავთ, ასევე, მიმართვიანობას ადამიანის უფლებათა სასამართლოში, 2015-2016 წლებში არსებითად არის მომატებული მიმართვიანობა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში, მაშინ როცა 2013-2014 წლებში მიმართვიანობა იყო ძალიან დაბალი. ევროპის სასამართლოში საჩივრები შედის ძირითადად არაეფექტურ გამოძიებაზე იმ დანაშაულებისა, რომლებიც ეხება პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ გადაცდომებს. ქვეყნის შიგნით არ არის ეფექტური მექანიზმი, რომელიც გამოიძიებდა ამ ტიპის დანაშაულებს“, თქვა თამარ ავალიანმა.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG