Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის ანგარიში და დახურულ სხდომაზე დასმული კითხვები


სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2016 წლის ანგარიში წარადგინა
სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2016 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტის სამმა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე მოისმინა, ნათქვამია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მზარდი მილიტარიზაცია და დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტის არსებობა ქართული სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. ანგარიში დეპუტატებსა და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ გააცნო. მოხსენების შემდეგ სხდომა მედიისა და სამოქალაქო სექტორისთვის დაიხურა, რასაც ოპოზიციური სპექტრის უკმაყოფილება მოჰყვა.

გადმოწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიშში სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა ზოგადი ინფორმაციით ისეთი პრიორიტეტების მიხედვით წარმოჩნდა, როგორიცაა: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალის არსებობა და მისგან მომავალი საფრთხეები; ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობა; კორუფციითა და სამოხელეო დანაშაულიდან მომდინარე საფრთხეები და გამოწვევები; საერთაშორისო ტერორიზმი; ჰიბრიდული და კონვენციური ომის წარმოშობის საფრთხეები; ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული მასალების გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეები და სხვა. როგორც ანგარიშის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განუცხადა მედიას, ანგარიშის ირგვლივ დასმული შეკითხვებიდან, კანონით განსაზღვრული რეგულაციების გათვალისწინებით, მხოლოდ ნაწილს უპასუხა:

კითხვები ეხება რუსეთის ეგრეთ წოდებულ რბილ ძალას და თუ როგორ იყენებს რუსეთი სხვადასხვა ინსტიტუციებს იმისთვის, რომ განავითაროს საკუთარი პროპაგანდა და მიმართოს მთელი რიგი ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ..
გიორგი ტუღუში

“გაცემული იქნა იმ დოზით საკითხები, რასაც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა, იმიტომ რომ მკაცრად არის განსაზღვრული, თუნდაც კონტრდაზვერვის შესახებ კანონში გაწერილი, რომ ის, რისი თქმის უფლებაც არ გვაქვს, რაც არის სრულიად საიდუმლო, ამას ჩვენ გაერთიანებულ დეპუტაციასთანაც ვერ ვიტყვით“.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კი ოპოზიციის, კერძოდ, სუსის ანგარიშის წარდგენის შემდეგ სხდომის დახურვის მოწინააღმდეგეთა მისამართით ამბობს, რომ არ შეიძლება მასკარადის მოწყობა ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების ხარჯზე:

“საქართველო ამ სამყაროში მარტო არ არის და არაკეთილმოსურნეც არსებობს ჩვენი ქვეყნის მიმართ. პასუხისმგებლობა მოითხოვს იმას, რომ მასკარადები არ უნდა მოაწყო კამერების წინ და შოუ არ უნდა დადგა, როდესაც უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშს ისმენ“.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა კი, თავის მხრივ, სუსის ანგარიშის საკითხზე სხდომის დახურვა კრიტიკული შეკითხვებიდან გაქცევის მცდელობად შეაფასეს. დეპუტატმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა:

“კითხვები ეხება რუსეთის ეგრეთ წოდებულ რბილ ძალას და თუ როგორ იყენებს რუსეთი სხვადასხვა ინსტიტუციებს იმისთვის, რომ განავითაროს საკუთარი პროპაგანდა და მიმართოს მთელი რიგი ღონისძიებები საქართველოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, დავსვით, რა თქმა უნდა, შეკითხვები იმაზე, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ხდება მსგავსი საინფორმაციო საშუალებების და სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ჩართულნი არიან რუსული რბილი ძალის ეგრეთ წოდებული გავლენების გავრცელებაში“.

ეს არის იმ შეკითხვების ნაწილი,რომლებიც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუსვეს ალექსანდრე ტაბატაძეს. გივი თარგამაძემ კი სუსის უფროსის მოადგილეს სხდომის დასრულების შემდეგ პარლამენტის დერეფანში მედიის თანდასწრებით ჰკითხა, რატომ არ იძიებს გასული წლის 4 ოქტომბერს მისი ავტომანქანის აფეთქების საქმეს უსაფრთხოების სამსახური და რატომ არ ენიჭება საქმეს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია:

“მე ვიყავი იმ მომენტში მოქმედი დეპუტატი და ასევე საქმეზე იკვეთებიან პირები, რომლებიც წარსულში გეგმავდნენ და ახორციელებდნენ ტერორისტულ აქტებს, სამხედრო ამბოხს, პოლიციელების და პროკურორის მკვლელობას და, ასევე, ნარკოტიკებით ვაჭრობას. რატომ არ ეძლევა ამ საქმეს, თქვენი აზრით, ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია?

“კვალიფიკაციას, გივი, მე როგორ მივცემ? კვალიფიკაცია მიცემულია, გამოძიება დაწყებულია და ბრალდებულის სახით მიცემულია კონკრეტული პირი პასუხისგებაში. რამდენადაც არ უნდა დავინტერესდე, კონკრეტულ მოცემულობასთან გვაქვს საქმე და აქ ხომ არ არის რაღაცა კერძო ინტერესი?“

გამოძიებას გივი თარგამაძის საქმეზე დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობის მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის სამმართველო ახორციელებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ერთი წლის ანგარიშში კი სხვა საკითხებთან ერთად ცალკეა გამოყოფილი ტერორიზმთან ბრძოლა. ანგარიშის თანახმად, 2016 წლის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის ტერორისტული აქტივობების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 9 საქმეზე, რამდენიმე პირზე კი სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა არსებობს „გარკვეული გამოწვევები“, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებსა და რადიკალურ იდეოლოგიებს უკავშირდება.

სოფო ვერძეული
სოფო ვერძეული

მათ შორის, ვინც ანგარიშს სხდომათა დარბაზში მოუსმინა და კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადასვლის შემდეგ დარბაზის დატოვება მოუხდა, მედიასთან ერთად, სამოქალაქო სექტორიც იყო. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი, სოფო ვერძეული, ამბობს, რომ ვინაიდან, ზოგადად, უსაფრთხოების სამსახური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით არ გამოირჩევა, სამწუხაროა, რომ ვერც პარლამენტში მოხერხდა ისეთი ფორმატის უზრუნველყოფა, რომელიც დაინტერესებულ ჯგუფებს კითხვების დასმისა და ინფორმაციის სრულად მიღების საშუალებას მისცემდა:

“ცალკეულ შემთხვევებში, მაგალითად, როცა მივმართავთ ხოლმე ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, ხშირად მათგან ვიღებთ უარს იმ მოტივით, რომ ინფორმაციის დიდი ნაწილი არის ან გასაიდუმლოებული, არ არის ხელმისაწვდომი, კონფიდენციალურია და ასე შემდეგ. სხვათა შორის, ამ მიმართულებით სამართლებრივ დავასაც ვაწარმოებთ უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ. ასე რომ, ასეთი უწყებების ანგარიშების მოსმენა, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციებს ახორციელებენ, ადამიანის უფლებების შეზღუდვის მიმართულებით არაერთი ბერკეტი გააჩნიათ და, მით უმეტეს, დახურულობის გამორჩეული ხარისხი აქვთ, მათი ანგარიშების მოსმენა ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხოლმე“.

სოფო ვერძეულის აზრით, გაერთიანებულმა საკომიტეტო მოსმენამ პარლამენტში აჩვენა, რომ გამორჩეულად დიდი კომპეტენციებით აღჭურვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებრივი და საპარლამენტო ზედამხედველობის ეფექტური მექანიზმი არ არსებობს.

XS
SM
MD
LG