Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოთხოვნები რექტორის მოვალეობის შემსრულებელს


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მას შემდეგ, რაც 20 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩიეს, სტუდენტური მოძრაობა მას კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებს. კერძოდ, სტუდენტების თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს ადმინისტრაციული მმართველის ფუნქცია და უზრუნველყოს უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების ორგანიზება და ჩატარება; ასევე, მათი თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს არ ჰქონდეს უფლება გახდეს რექტორობის კანდიდატი. რა ცვლილებები იგეგმება კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ და ვინ უნდა აირჩიოს რექტორი?

დარეჯან თვალთვაძემ, ფილოლოგიის დოქტორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყოფილმა დეკანმა და ვიცე-რექტორმა, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებში სამ კანდიდატს აჯობა. 20 აპრილს გამართულ არჩევნებში 1311 ამომრჩევლიდან მას მხარი 526-მა დაუჭირა. ეს იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პირველი არჩევნები მას შემდეგ, რაც 2013 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა, ანუ, ცვლილების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დანიშნა არა პრემიერ-მინისტრმა, არამედ აირჩია საარჩევნო კოლეგიამ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება კი მიეცათ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებს, რომლებსაც აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც 30 მარტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სტუდენტური თვითმმართველობის საპროტესტო აქციები, რომლებიც რექტორის გადადგომას მოითხოვდნენ. ისინი თვლიდნენ, რომ რექტორი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევდა თავს. ვლადიმერ პაპავას ედავებოდნენ იმასაც, რომ ის არ ამჟღავნებდა უნივერსიტეტში ე. წ. „ოდეერების“ ყოფნის ფაქტს. მიუხედავად ვლადიმერ პაპავას არაერთი განცხადებისა, რომ ის გადადგომას არ აპირებს, საბოლოოდ, მან ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. 20 აპრილს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობა, ვლადიმერ პაპავამ დარეჯან თვალთვაძეს წარმატება უსურვა და უნივერსიტეტში გამართული პირველი მასშტაბური არჩევნების გამო კმაყოფილება გამოხატა:

„მე უნივერსიტეტს არ ვემშვიდობები. რექტორის თანამდებობიდან მივდივარ თავაწეული, რადგან ჩემმა უნივერსიტეტმა დღეს გაიმარჯვა“.

თუ დამიჯერებთ, ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანაა მივიდეთ იქამდე, რომ დაინიშნოს ეს არჩევნები. ეს არ არის იოლი საქმე. მათ შორის, ასარჩევია აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასარჩევია უნივერსიტეტის კანცლერი...
დარეჯან თვალთვაძე

„სტუდენტებთან ერთად ვიბრძოლებთ, რომ უკეთესი უნივერსიტეტი გვქონდეს“, - განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გაირკვა. თუმცა სტუდენტთა ერთი ნაწილის, კონკრეტულად კი, „აუდიტორია #115“-ის წევრების თხოვნაზე, რომ არჩევნების შემდეგ მათთან მცირე, 10-წუთიანი, შეხვედრა გაემართა, არ დათანხმდა. მიზეზად გადაღლა და დაძაბული დღის ბოლო დაასახელა:

ლევან ლორთქიფანიძე: ძალიან გთხოვთ, ათი წუთი დაგვითმეთ.

დარეჯან თვალთვაძე: აგერ ვარ და მითხარით, რაც გინდათ. უბრალოდ, მომეცით საშუალება, რომ ადამიანმა, რომელმაც დღეს, ალბათ, ძალიან ბევრი ვიღელვე, დავალაგო რაღაცები, ანალიზი გავაკეთო და უფრო დალაგებულად შეგხვდეთ.

ლევან ლორთქიფანიძე: ათი წუთი გადის ამ კამათში...

„აუდიტორია #115“-ის წევრებს რექტორის მოვალეობის შემსრულებლისთვის ამ 10 წუთში უნდა გაეცნოთ ის მოთხოვნები, რომლებიც როგორც მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობას, ისე რამდენიმე თვეში რექტორის არჩევნებს უკავშირდება. მართალია, დარეჯან თვალთვაძე მათთან სასაუბროდ არ დაჯდა, სტუდენტებმა მას ეს მოთხოვნები ჟურნალისტების თანდასწრებით მაინც გააცნეს. ამ მოთხოვნების შესახებ რადიო თავისუფლებას ესაუბრა „აუდიტორია #115“-ის წევრი ირაკლი კუპრაძე. მისი თქმით, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის საქმიანობა ძირითადად განათლების ძირეული რეფორმისკენ უნდა იყოს მიმართული, რათა უკვე არჩეულმა რექტორმა მოახერხოს ქმედითი ნაბიჯის გადადგმა ამ მიმართულებით. გარდა ამისა, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ამ პროცესში არავის არ უნდა მიანიჭოს პრივილეგია და ადმინისტრაციული რესურსის მკაცრი კონტროლი უნდა განახორციელოს. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კი, ირაკლი კუპრაძის თქმით, არის იმ მანკიერი პრაქტიკის უარყოფა, რომელიც უნივერსიტეტში უკვე ათწლეულებია არსებობს:

„მოვალეობის შემსრულებლები ყოველთვის ხდებოდნენ რექტორები, აყენებდნენ თავიანთ კანდიდატურას და მანამდე იქმნიდნენ რაღაც სასათბურე პირობებს და თითქმის ყოველთვის იმარჯვებდნენ ამ არჩევნებში და ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა, რადგან მოვალეობის შემსრულებელი სრულიად სხვა პოზიციაა და რექტორი სხვა, მათი ვალდებულებები და ლეგიტიმაციაც განსხვავებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან არ უნდა გააგრძელოს ეს მანკიერი პრაქტიკა და რექტორად კენჭი არ უნდა იყაროს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამის კანონიერი უფლება აქვს“.

დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რექტორის არჩევნებში, თუმცა სტუდენტთა ნაწილის მოთხოვნაც სწორედ ისაა, რომ კანონში ცვლილება შევიდეს და მათ ეს უფლება ჩამოერთვათ. ირაკლი კუპრაძის თქმით, რამდენიმე ხნის წინ, პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მათ მიიღეს პირობა, რომ სტუდენტებთან კონსულტაციების შედეგად დაიწერება კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

ირაკლი კუპრაძე
ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძის თქმით, თუკი კანონში ცვლილებები პარლამენტის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე შევა, რექტორის არჩევნები, რომელიც, სავარაუდოდ, ან აგვისტოში გაიმართება და ან სექტემბერში, სწორედ ახალი კანონმდებლობის მიხედვით შედგება.

პასუხად კითხვაზე, აპირებს თუ არა დარეჯან თვალთვაძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, თუკი კანონში ცვლილებები არ შევა, ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ამწუთას ის ამაზე არ ფიქრობს, რადგან, მისი თქმით, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ახლო მომავალზე გათვლილი საფიქრალი აქვს:

„თუ დამიჯერებთ, ჩემთვის ნომერ პირველი ამოცანაა მივიდეთ იქამდე, რომ დაინიშნოს ეს არჩევნები. ეს არ არის იოლი საქმე. მათ შორის, ასარჩევია აკადემიური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასარჩევია უნივერსიტეტის კანცლერი“.

რაც შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, რომელსაც სტუდენტები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ითხოვენ, ეს არის დღეს არსებული რექტორის არჩევნების წესის შეცვლა. რექტორის მოვალეობის შემსრულებლისგან განსხვავებით, რექტორს ირჩევს არა მთლიანად აკადემიური პერსონალი, არამედ აკადემიური საბჭო, 14 ადამიანი. ირაკლი კუპრაძის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებითაც გეგმავს ცვლილებას კანონპროექტში. განათლების სამინისტროს ინიციატივით, ისევე როგორც რექტორს, რექტორის მოვალეობის შემსრულებელსაც აირჩევს აკადემიური საბჭო. თუმცა, ირაკლი კუპრაძის თქმით, სტუდენტთა მოთხოვნად დღემდე რჩება, რომ რექტორი აირჩიოს მთლიანად აკადემიურმა პერსონალმა და არა მხოლოდ აკადემიურმა საბჭომ.

XS
SM
MD
LG