Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია ახალციხეში


ეროვნებით უკრაინელი დავით მარტინენკო ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. ამბობს, რომ საქართველოსა და უკრაინის ტკივილი ერთნაირად აწუხებს, კიევში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალყურს და იმედოვნებს, რომ სამართლიანობა გაიმარჯვებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რეგიონალური მედიის წარმომადგენლების მიერ ორგანიზებულ აქციას ის მაშინვე შემოუერთდა და ამ ნაბიჯით მაიდანზე შეკრებილ მომიტინგეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გამართულ აქციას რიგით მოქალაქეებთან ერთად ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც შეუერდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის შტაბის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე ამბობს, რომ უერთდება უკრაინელი ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის.

„ჩვენ გვიყვარს უკრაინელი ხალხი, სოლიდარობა უკრაინელ ერს, ქართველი და უკრაინელი ხალხი - ევროპულ ოჯახში“ – ამ სახელწოდების აქცია ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა და მასში მონაწილეობა საზოგადოებასთან ერთად ადგილობრივმა მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს. ასოციაცია ,,ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ერთად უნდა შევიდნენ ევროპულ ოჯახში.

აქცია ერთ საათს გაგრძელდა. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების მიხედვით გადაწყვეტენ, გაგრძელდება თუ არა პერმანენტულად მათი გამოსვლები.
XS
SM
MD
LG