Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ხელისუფლება დათმობებზე მიდის


უკრაინა, 2014 წლის 27 იანვარი
უკრაინა, 2014 წლის 27 იანვარი
წინა დღეებისაგან განსხვავებით, კიევიდან სამშაბათს გავრცელებული ცნობები აშკარას ხდის დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმართულ ძალისხმევას. უკრაინის პარლამენტში დეპუტატების დიდი უმრავლესობა მიემხრო დემონსტრაციების შემზღუდველი, სადავო კანონების გაუქმებას. პარლამენტში ტაში ატყდა, როცა გაირკვა, რომ კანონები უქმდება, რომ ამ ნაბიჯს მიემხრო 361 პარლამენტარი, დარბაზში მყოფი სულ 412-დან.

პარლამენტმა, რომელშიც პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტია“ დომინირებს, 16 იანვარს მიიღო კანონები, რომლებიც მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა დემონსტრაციის ჩატარების მსურველებს. ამ კანონების ამოქმედებას 22 იანვარს მოჰყვა სამართალდამცველებთან დემონსტრანტების მძიმე შეტაკებები და მსხვერპლი.
ხელისუფლება ეძებს ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტებს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და აგრეთვე საკუთარი გუნდის წინაშე სახის შესანარჩუნებლად...
ოლეგ ტიაჰნიბოკი

კიევიდან სამშაბათს გავრცელებული კიდევ ერთი მთავარი ცნობის თანახმად, გადადგა პრემიერ-მინისტრი ნიკოლაი აზაროვი. აზაროვი პრეზიდენტ იანუკოვიჩის ახლო მოკავშირედ ითვლება. მან თავისი გადაწყვეტილების მიზნად დაასახელა „დამატებითი შესაძლებლობის“ შექმნა უკრაინაში „კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებელი პოლიტიკური კომპრომისის მოსაძებნად“.

აზაროვის პრესმდივნის განცხადებით, ახალი მთავრობის შექმნამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას ვიცე-პრემიერი სერგეი არბუზოვი შეასრულებს. უნდა ითქვას, რომ ნიკოლაი აზაროვის გადადგომა მოულოდნელი არ იყო - გასული კვირის მიწურულს პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პრემიერ-მინისტრის პოსტი შესთავაზა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, არსენი იაცენიუკს, მაგრამ იაცენიუკმა უარი თქვა.

ოპოზიციის რეაქცია ცხადყოფს, რომ სამშაბათს მომხდარი ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - დემონსტრაციების შემზღუდველი კანონების გაუქმება და პრემიერის გადადგომა - საკმარისი არ იქნება კრიზისის მოსაგვარებლად. ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ აზაროვის გადადგომას უწოდა მხოლოდ ერთი „ნაბიჯი გამარჯვებისაკენ“.

ხოლო ოპოზიციის ლიდერ ოლეგ ტიაჰნიბოკის აზრით, აზაროვის მიზანია თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა. „ჩვენ მათგან მოველოდით ასეთ ნაბიჯს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა ვაყენებდით ხოლმე მთავრობის გადადგომის საკითხს და ვეხებოდით მთავრობის ზოგი მინისტრის, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ ზახარჩენკოს პასუხისმგებლობას ყველაფერ იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, გვესმოდა, რომ ხელისუფლება ეძებს ყველაზე ხელსაყრელ ვარიანტებს პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად და აგრეთვე საკუთარი გუნდის წინაშე სახის შესანარჩუნებლად“, – უთხრა ოლეგ ტიაჰნიბოკმა ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადადგომის თაობაზე.

სკეპტიკურია გამოხმაურება კიევის ცენტრში მყოფ დემონსტრანტებს შორისაც.

„ჩემი პირადი აზრია, რომ ამ მთავრობას არა აქვს უნარი, იყოს პატიოსანი და ეს მან ბევრჯერ დაამტკიცა. არასოდეს უარსებია მთავრობას, რომელიც ასე აშკარად მოატყუებდა საკუთარ ხალხს და ასე არ დააფასებდა საკუთარ ხალხს“, – უთხრა კიევში საპროტესტო აქციის მონაწილე ვლადიმირმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ კორესპონდენტს.

კიევი
კიევი
ორშაბათ საღამოს პრეზიდენტი იანუკოვიჩი შეხვდა ოპოზიციის სამ ლიდერს - იაცენიუკს, კლიჩკოს და ტიაჰნიბოკს. გარდა იმისა, რომ ის დაყაბულდა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონების გაუქმებას, პრეზიდენტმა ამნისტია შესთავაზა დემონსტრაციების დროს დაკავებულ პირებს - იმ შემთხვევაში, თუ ბოლო მოეღება საპროტესტო აქციებს და მთავრობის შენობების ოკუპაციას. პარლამენტში ჯერ არ გამართულა კენჭისყრა ამნისტიის საკითხზე.

ოპოზიცია მეტსაც მოითხოვს: თვით პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას.

უკრაინაში ანტისამთავრობო გამოსვლები, როგორც ცნობილია, ნოემბრის მიწურულს დაიწყო - მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მიუხედავად. მისი გადაწყვეტილება ბევრს რუსეთიდან ზეწოლის შედეგად მიაჩნია.
XS
SM
MD
LG