Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური კრიზისი უკრაინის ეკონომიკას დარტყმას აყენებს


რაც უფრო მეტად უახლოვდება უკრაინა გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის პერსპექტივას, მით უფრო იკლებს ინვესტორების ნდობა ამ ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობის მიმართ.

ამის შედეგად, ანალიტიკოსების აზრით, კიევს შესაძლოა საკმაოდ დიდი ეკონომიკური სირთულეები შეექმნას, ლიკვიდურობის პრობლემებისა და ვალუტის ფასის ვარდნის ჩათვლით. მთავრობამ შესაძლოა უმთავრესი ფინანსური მოვალეობების დაფარვაც ვერ შეძლოს.

ჯერჯერობით ერთი კვირაც არ გასულა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ვილნიუსში ხელი არ მოაწერა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, მაგრამ დასავლეთის საფინანსო ბაზრებს უკვე დაეტყო მღელვარება უკრაინის სამომავლო სტაბილურობის გამო.

მღელვარების ნათელი დასტურია დაზღვევის ფასის მატება, რომელიც მოვაჭრეებმა უნდა გადაიხადონ იმ საფრთხისგან დასაცავად, რომელიც მომავალი ხუთი წლის მანძილზე უკრაინაში ვალის გამო შესაძლო დეფოლტს უკავშირდება.

ლონდონში განთავსებული კომპანიის, „რენესანს კაპიტალის“ წამყვანი ეკონომისტი ჩარლზ რობერტსონი ამას ასე ხსნის: „თუ მოვაჭრე ხარ და უკრაინაში დეფოლტის პერსპექტივა გაშფოთებს, ამის წინააღმდეგ შეგიძლია დაეზღვიო. 100 მილიონ დოლარზე [დეფოლტის საწინააღმდეგო] დაზღვევა სამი დღის წინ 9,5 მილიონი დოლარი დაგიჯდებოდა, დღეს კი უკვე 10,5 მილიონი ღირს. ერთი პროცენტითაა გაზრდილი“.

ლონდონის „სტანდარტ ბანკის“ ექსპერტის, ტიმ ეშის შეფასებით, უკრაინის ეკონომიკა წლების განმავლობაში იმდენად მყიფე იყო, რომ კიევს რეგულარულად უწევდა ფულის დასავლეთის ბაზრებიდან შემოტანა, რათა აუცილებელი თანხები გასჩენოდა.

მაგრამ ინვესტორების შეშფოთების ზრდის ფონზე, კიევს სულ უფრო მეტად ურთულდება დასავლეთის ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ კრიზისი მალე არ განიმუხტა, კიევს მომავალში შეიძლება კიდევ უფრო გაუღრმავდეს ლიკვიდურობის პრობლემა. ბოლოს შესაძლოა მთავრობამ არა მხოლოდ იმპორტის საფასურის გადახდა ვეღარ შეძლოს, არამედ ვალის დაფარვაც გაუჭირდეს.

არსებობს სხვა საშიშროებაც: თუ კიევი ვერ შეძლებს დაფინანსების გარედან მოზიდვას, შეიძლება საფრთხე შეექმნას მისი ვალუტის - გრივნის - სტაბილურობას.

ეს თუ მოხდა, უკრაინის მოქალაქეები დაიწყებენ გრივნის გადაცვლას უფრო მყარ ვალუტაზე, რაც ფულის ადგილობრივი ერთეულის ფასის ვარდნას მოიტანს. მთავრობამ შეიძლება ხელფასების, პენსიებისა და სხვა სოციალური ხარჯების გასტუმრებაც კი ვერ შეძლოს.

ამგვარი საფრთხეების გამო იანუკოვიჩმა სასწრაფოდ უნდა იპოვოს გარე დაფინანსების წყარო, რათა კიევმა მოახერხოს ვითარების კონტროლიდან გასვლა არ დაუშვას.

რუსეთი უკრაინას უკვე 20 წელია აფინანსებს და იმედი აქვს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი გახდება სტრატეგიული ობიექტები, მაგალითად, მილსადენები. უკრაინას ამ მხრივ მისი იმედები დიდად არ გაუმართლებია. ახლა კი პუტინი ამბობს: საკმარისია, მე მზად ვარ ფული გასესხოთ, მაგრამ ამის სანაცვლოდაც მინდა რაღაცის მიღება...
ტიმ ეში
ევროკავშირთან დაახლოებაზე უარის თქმით, იანუკოვიჩმა უკრაინას გზა გადაუკეტა საერთაშორისო სავალუტო ფონდისკენ. მანამდე კიევი და ეს ფონდი მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ 15 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხზე, თუმცა ფონდმა სესხის გამოყოფის პირობად წამოაყენა უკრაინაში გარკვეული ეკონომიკური რეფორმების გატარება, რაც ევროკავშირთან ხელშეკრულებაშიც იყო გათვალისწინებული.

სავალუტო ფონდის მოთხოვნები დაემთხვა პერიოდს, როცა კიევს კრედიტორებისთვის ორი წლის მანძილზე 15,3 მილიარდი დოლარის ვალი აქვს გადასახდელი.

იანუკოვიჩისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული იყო კიევის მხრიდან ბუნებრივი აირის ფასის სუბსიდირების შემცირების მოთხოვნა. იანუკოვიჩი შიშობდა, რომ მოხსნა ამ პოპულარული სუბსიდიებისა, რაც დიდ ტვირთად აწვება ბიუჯეტს, მას 2015 წლის არჩევნებს წააგებინებდა, გაზის გაძვირების გამო.

ამდენად, ახლა კიევი სხვა დონორებს ეძებს, რომლებიც ნაკლებად მკაცრ პირობებს წაუყენებენ.

ოთხშაბათს, 4 დეკემბერს, იანუკოვიჩი ამ მიზნით პეკინს ეწვია. ჩინეთს უკრაინისთვის წარსულში 10 მილიარდ დოლარამდე ოდენობის სესხი აქვს გამოყოფილი, თუმცა ახალი სესხის თაობაზე პეკინს კონკრეტული განცხადებები არ გაუკეთებია.

იანუკოვიჩისთვის მთავარ იმედად კვლავ რუსეთი რჩება, მაგრამ მოსკოვი, რომელმაც კიევზე ზეწოლა მოახდინა და ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი ათქმევინა, საკუთარ, რთულ პირობებს აყენებს:

„რუსეთი უკრაინას უკვე 20 წელია აფინანსებს და იმედი აქვს, რომ მისთვის ხელმისაწვდომი გახდება სტრატეგიული ობიექტები, მაგალითად, მილსადენები. უკრაინას ამ მხრივ მისი იმედები დიდად არ გაუმართლებია. ახლა კი პუტინი ამბობს: საკმარისია, მე მზად ვარ ფული გასესხოთ, მაგრამ ამის სანაცვლოდაც მინდა რაღაცის მიღება - მსურს თქვენ განაცხადოთ, რომ ჩემს საბაჟო კავშირში შემოხვალთო. იანუკოვიჩისთვის სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია, რადგან ქუჩებში ამის წინააღმდეგ დემონსტრაციებია. ამდენად, იანუკოვიჩი ძალიან, ძალიან რთულ სიტუაციაშია. მას სასწრაფოდ სჭირდება ფული, მაგრამ არ სურს იმ პირობების შესრულება, რომელსაც პოტენციური გამსესხებლები უყენებენ“, - ამბობს ლონდონის „სტანდარტ ბანკის“ ექსპერტი, ტიმ ეში.
XS
SM
MD
LG