Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის და გერმანიის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს უკრაინის თაობაზე


აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლის განახლების ფონზე პარიზში შეხვედრა გამართეს საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა - ლიდერებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ საზავო შეთანხმების გაფორმების მიზნით მინსკში გამართულ მოლაპარაკებაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის და გერმანიის კანცლერი ახლა ყველაზე მეტად არიან დარწმუნებული, რომ სრულად უნდა დაინერგოს მინსკის შეთანხმება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში ბრძოლის დასრულებას: „კანცლერ მერკელთან ერთად არ შეგვიწყვეტია საუბარი მას შემდეგ, რაც [2014 წლის] სექტემბერში გაფორმდა შეთანხმება მინსკში. ახლა ყველაზე მეტად ვართ დარწმუნებული, რომ ეს შეთანხმებები უნდა განხორციელდეს - ყველა შეთანხმება, არაფერი შეთანხმებათა გარეშე. ეს კი ნიშნავს, რომ [ფრონტის] მთელ ხაზზე უნდა ამოქმედდეს ზავი, რომელსაც კვლავაც ემუქრება საფრთხე და რომელიც რამდენჯერმე დაირღვა - განსაკუთრებით, ბოლო დღეებში დებალცევოში“.

ოლანდი ამ განცხადებით გამოვიდა პარიზში, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლორან ფაბიუსი აცხადებს, რომ 3 მარტს პარიზში უმასპინძლებს რუსეთის, გერმანიისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში გრძელდება ბრძოლა რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და მთავრობის ძალებს შორის, მიუხედავად იმ საზავო შეთანხმებისა, რომელსაც მინსკში გასულ კვირაში ოლანდისა და მერკელის მონაწილეობით მიაღწიეს.

უკრაინის არმიის პრესმდივანმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის საზღვარი გადაკვეთა რუსეთის 20-ზე მეტმა ტანკმა, 10-მა სარაკეტო სისტემამ და სამხედროებით სავსე ავტობუსებმა. ლისენკოს თქმით, შეიარაღება და ჯარისკაცები ნოვოაზოვსკისკენ გაემგზავრნენ მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი სტრატეგიული ქალაქიდან, მარიუპოლიდან, აღმოსავლეთით.

მოსკოვი უარყოფს ბრალდებას, რომ ის პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს იარაღით ამარაგებს და უკრაინაში სამხედროებს გზავნის.

არმიის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შეტაკებებს ორი სამხედრო ემსხვერპლა. უკრაინის არმია იუწყება, რომ გასულ ღამით მის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.

სეპარატისტები ავრცელებენ ცნობებს, რომ უკრაინის ძალებმა განახორციელეს საარტილერიო შეტევა, მათ შორის, სეპარატისტების პოზიციებზე დონეცკის აეროპორტში.

სეპარატისტები აცხადებენ, რომ რამდენიმე ადგილზე დაამყარეს კონტროლი სტრატეგიული ქალაქის, დებალცევოს, გარშემო. დებალცევო მთავრობის ძალებმა 18 თებერვალს დატოვეს, რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელებული ინტენსიური ბრძოლის შემდეგ.

2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს შეეწირა 5,600-ზე მეტი ადამიანი.

პარალელურად, 20 თებერვალს გავრცელდა ბრიტანეთის საპარლამენტო კომიტეტის ანგარიში, რომელშიც კომიტეტიევროკავშირსა და ბრიტანეთს უკრაინის კრიზისთან მიმართებით პასიურობაში ადანაშაულებს.

კერძოდ, ლორდთა პალატის ევროკავშირის კომიტეტი ბრიტანეთს ბრალს სდებს იმაში, რომ ის „არც საკმარისად აქტიურობს და არც საკმარისად ჩანს“ შექმნილ ვითარებასთან გამკლავების პროცესში.

ამასთან, ანგარიშის თანახმად, ევროკავშირის რუსეთთან ურთიერთობა დიდი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა „ოპტიმისტურ პოზიციას“, რომ რუსეთი დემოკრატიზაციის გზაზე იყო. კომიტეტის აზრით, ამის შედეგი ისაა, რომ სათანადოდ ვერ შეფასდა რუსეთის აგრესიული დამოკიდებულება ევროკავშირის კიევთან დაახლოების სურვილის მიმართ.

ანგარიშის თანახმად, ბრიტანეთს უკრაინისადმი განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, რადგან ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ხელმომწერიდან, რომლებმაც 1994 წელს გააფორმეს ბუდაპეშტის მემორანდუმი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების გარანტიის შემცველი დოკუმენტი.

XS
SM
MD
LG