Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ირღვევა


შეხვედრა ქუთაისში
შეხვედრა ქუთაისში

შეხვედრაზე, რომელსაც ქუთაისისა და ზუგდიდის თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებების დამცველები ესწრებოდნენ, ძირითად პრობლემებად დასახელდა ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა ქორწინება და შრომითი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევა.

გადმოწერა

შეხვედრა ადამიანის უფლებათა საკითხებზე

  • ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014 წელს შემუშავდა და 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს.
  • სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება პროექტი „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონს შორის“.
  • ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე ძირითად პრობლემებად დასახელდა ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანთა ქორწინება და შრომითი და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, გიორგი ფანიაშვილის, განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2014 წელს შემუშავდა და 2020 წლამდე პერიოდს მოიცავს. სტრატეგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ემყარება ადამიანის უფლებების პატივისცემის საერთო ღირებულებებსა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პრინციპს. ამასთან, ყოველ ორ წელიწადში უნდა განახლდეს მთავრობის სამოქმედო გეგმა. გიორგი ფანიაშვილის აზრით, სტრატეგიის შემუშავების შემდეგ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა ამ პერიოდში წარმოქმნილი სირთულეები და გამოწვევები მეტ მუშაობას მოითხოვს:

„პროგრესი ბევრი მიმართულებით გვაქვს, მაგალითად, ბავშვის უფლებების, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული, ეროვნული უმცირესობების მიმართულებებით ხელშესახები წინსვლაა მიღწეული, თუმცა ეს არ გვაძლევს მოდუნების საფუძველს. გაცილებით მეტი, სამ-ოთხჯერ მეტია გასაკეთებელი, ვიდრე გაკეთდა“.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს მრჩევლის, თორნიკე დვალის, განცხადებით, შეხვედრის მონაწილეებისთვის უფლებების დაცვის პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობის გარდა, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან მიიღეს ინფორმაცია უფლებების დარღვევების შესახებ, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავებისას:

„ძირითადი აქცენტი გაკეთდა სოციალურ უფლებებზე, რადგან მიგვაჩნია, რომ სოციალური უფლებები არის წინაპირობა სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციისთვის და, შესაბამისად, ჩვენი აქცენტი უფლებათა ამ ჯგუფზე გაკეთდა. საინტერესო დისკუსია გაიმართა და ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია“.

ბავშვებს აქვთ ძალიან მძიმე პრობლემები, რადგან განათლების ხელმისაწვდომობაზე უფლება ეზღუდებათ მათ, რადგან ვერ ახერხებენ ე.წ. საზღვრის გადალახვას. საზღვრისპირა სოფლებიდან გადმოდიოდნენ განათლების მისაღებად და უკან ბრუნდებოდნენ და ახლა ბავშვებისთვის ეს უფლება შეზღუდულია...
ციცინო შენგელია

არასამთავრობო ორგანიზაცია „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ანა ჩაფიძის, განცხადებით, ადამიანის უფლებათა დასაცავად განსაკუთრებულია სახელმწიფოს როლი და აუცილებელია სხვადასხვა უწყების კონსტრუქციული მუშაობა. ანა ჩაფიძე ერთ-ერთ პრობლემად ასახელებს ოჯახში ძალადობის ფაქტების სიმრავლეს და იმას, რომ მსხვერპლი სხვადასხვა მიზეზით არ მიმართავს შესაბამის სტრუქტურას:

„ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით - ზოგჯერ ჩვენ გაგვანდობენ, რომ ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ისინი არ მიმართავენ შესაბამის ორგანიზაციებს და სახელმწიფო სტრუქტურებს, რადგან მათი მხრიდან ხშირად გულგრილ დამოკიდებულებას იღებენ. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო ერთ-ერთი მეუღლე და მის მიმართ პოლიციის მხრიდან იყო სრული გულგრილობა ან არაეფექტური გამოძიების წარმოება, რასაც ხშირად მსხვერპლის მხირდან მოჰყვება პასიური ქმედება გაჩერდეს ან დამალოს მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ძალადობის ფაქტი“.

ზუგდიდის „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ წარმომადგენლის, ციცინო შენგელიას, განცხადებით, განსაკუთრებული პრობლემები და საჭიროებები აქვთ კონფლიქტისპირა რეგიონში მცხოვრებ ქალებს და ბავშვებს და აუცილებელია შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც მათი პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს:

შეხვედრა ქუთაისში
შეხვედრა ქუთაისში

„ბავშვებს აქვთ ძალიან მძიმე პრობლემები, რადგან განათლების ხელმისაწვდომობაზე უფლება ეზღუდებათ მათ, რადგან ვერ ახერხებენ ე.წ. საზღვრის გადალახვას. საზღვრისპირა სოფლებიდან გადმოდიოდნენ განათლების მისაღებად და უკან ბრუნდებოდნენ და ახლა ბავშვებისთვის ეს უფლება შეზღუდულია, რის გამოც, სამწუხაროდ, ბევრმა ბავშვმა სწავლას საერთოდ დაანება თავი. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სპეციალური ჯგუფი შეიქმნას და ვიმუშაოთ, რათა ამ ბავშვებს ჰქონდეთ შესაძლებლობა სწავლა-განათლება გააგრძელონ“.

შეხვედრის მონაწილეთა შეფასებით, ადამიანის იმ უფლებებს შორის, რომელიც ყველაზე ხშირად ირღვევა და ნაკლებადაა დაცული, არის ჯანსაღ გარემოში ცხოვრების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლებები. პროექტის „ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონს შორის“ ფარგლებში, შეხვედრები ქუთაისის შემდეგ საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.

XS
SM
MD
LG