Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უძრავი ქონების ბაზარი - 2016


თბილისი
თბილისი

გასულ 2015 წელს და 2016 წლის დასაწყისში სავალუტო ბაზარზე არსებული არასტაბილურობა და ლარის კურსის ვარდნა საკმაოდ მძიმედ აისახა საქართველოს მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე, მათ შორის, განსაკუთრებით უარყოფითად - უძრავი ქონების ბაზარზე. პირველ რიგში კი, აისახა უძრავი ქონების ფასებზე, რაც მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

უძრავი ქონების ბაზარი - 2016
please wait

No media source currently available

0:00 0:03:37 0:00
გადმოწერა

გაიაფებული უძრავი ქონება და ლარის მეტ-ნაკლებად დასტაბილურება 2016 წლის მეორე ნახევარში უკვე საპირისპირო ეფექტის მქონე აღმოჩნდა და, სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი მნიშვნელოვნად გაიზარდა (წინა წელთან შედარებით, 20.2 %-ით) და გაყიდვების რაოდენობამ 89 120 ერთეულს მიაღწია. პარალელურად, 37.5 %-ით გაიზარდა თბილისის უძრავი ქონების ბაზარიც, რომლის წილმა ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვებში 38.6 % შეადგინა.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის, JumpStart-ისა და ”თიბისი ბანკის” ერთობლივი პროექტის – უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) - ფარგლებში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქში 2016 წელს 34 440 გაყიდვის ტრანზაქცია დაფიქსირდა, თვეებს შორის კი განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა დეკემბერი (3 593 ტრანზაქცია).

პუბლიკაციაში წერია, რომ, თბილისის გაუთვალისწინებლად, 2016 წელს ქართული უძრავი ქონების ბაზარი 11.3 %-ით გაიზარდა. ამასთან, ქვეყნის რეგიონებს შორის უძრავი ქონების გაყიდვებში მაღალი წილით გამოირჩეოდა კახეთი (12.0 %) და აჭარა (9.6 %).

დედაქალაქის რაიონებს შორის უძრავი ქონების ბაზარზე დომინირებდა ვაკე, საბურთალო და სამგორი, რომელთა წილად ტრანზაქციების თითქმის ნახევარი მოდიოდა. 2016 წელს ყველაზე მეტი გაყიდვა ვაკეში (6 892 ერთეული, თბილისის გაყიდვების 20.0 %) დაფიქსირდა, მეორე და მესამე ადგილებს კი, შესაბამისად, საბურთალო (5 909 ერთეული, 17.2 %) და სამგორი (3 748 ერთეული, 10.9 %) ინაწილებდნენ.

2016 წელს ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულებული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზარდა: ახალი შენობების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 42.7 %-ით გაიზარდა და 765 ერთეული შეადგინა (604 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 161 კომერციული უძრავი ქონება). ეს მაჩვენებელი მკაფიო წარმოდგენას ქმნის მშენებლობის ტემპსა და იმაზე, თუ რა მასშტაბით ხდება ქალაქის განაშენიანება და დატვირთვა მაღალსართულიანი შენობებითაც. ახალი შენობების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 65.4 %-ით გაიზარდა და 1.44 მილიონი კვ.მ შეადგინა (1.16 მილიონი კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 0.28 მილიონი კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

უკვე აღვნიშნეთ, რომ 2014-2015 წლებში უძრავ ქონებაზე ფასების შემცირების პროცესი დაიწყო. ეს პროცესი გაგრძელდა 2016 წელსაც. 2016 წლის დეკემბერში საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის ინდექსი, წინა წელთან შედარებით, 3.8 %-ით შემცირდა, ხოლო ქირის ფასის ინდექსი 2.1 %-ით გაიზარდა. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 866 აშშ დოლარი, ხოლო ქირის საშუალო ფასმა 7.20 აშშ დოლარი შეადგინა. 2016 წელს კვლავ მთაწმინდა რჩებოდა დედაქალაქის ყველაზე ძვირ რაიონად როგორც გაყიდვის საშუალო ფასის (1 033 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.37 აშშ დოლარი) მიხედვით. ყველაზე იაფი რაიონი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (547 აშშ დოლარი), ხოლო ქირის ფასის მიხედვით – გლდანი (4.52 აშშ დოლარი).

დეკემბრის თვეში (წინა წელთან შედარებით) შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასისა (11.7 %-ით) და იჯარის ფასის (12.5 %-ით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 087 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი 10.28 აშშ დოლარის დონეზე დაფიქსირდა, – წერია უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

XS
SM
MD
LG