Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხო საკუთარ ქვეყანაში


სოფელ კაბლის 1-ლი საჯარო სკოლა
სოფელ კაბლის 1-ლი საჯარო სკოლა

კედლებში ნახვრეტებია, კარების უმრავლესობა ამომწვარი, კუთხეში ურიკები დგას. მეორე სართულზე დაბზარული ფანჯრის მინებიდან ეზოში ჩანს დაბმული ძროხა, რომელიც ზანტად ძოვს ბალახს და ხეების ჩრდილში მზეს ემალება - ეს სოფელ კაბლის 1-ლი საჯარო სკოლაა. აქ 300-მდე ბავშვი სწავლობს. წარწერები, ისევე როგორც ყველა საგანი, გარდა ქართულისა, აზერბაიჯანულ ენაზეა.

“მესმის, მაგრამ...ქართული კარგად არ ვიცი.“ - მორცხვად მეუბნება ერთი გოგო დერეფანში. შემდეგ ერთ-ერთ საკლასო ოთახში შევყავარ, იქ არიან რამდენიმე, ვინც ქართული იცისო.

მასწავლებელი არ ჩანს. ეტყობა, გაკვეთილები დამთავრდა. რამდენიმე გოგო მერხებს უზის, სკამები დამტვრეულია. ორი ბიჭიც შემოგვემატა. მე-11 და მე-10 კლასელები არიან. ქართულად ცუდად ლაპარაკობენ, მაგრამ ღიმილით მეუბნებიან, რომ სწავლის გაგრძელება თბილისში უნდათ - იურიდიულზე, სამედიცინოსა და საბანკოზე.

კაბლის სკოლას წელს პირველად ჰყავს ეთნიკურად ქართველი დირექტორი, ლამარა ტაბატაძე. დირექტორის კაბინეტში, მაგიდაზე, ვამჩნევ ორ პატარა დროშას - აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო დროშებს. ოთახში შემოდის კეთილგანწყობილი და ენერგიული ქალი. ამბობს, აზერბაიჯანულს მეც ვსწავლობ, რომ ბავშვებთან და მასწავლებლებთან შევძლო ურთიერთობაო. შემდეგ სკოლის მთავარ გამოწვევებზე მიყვება:

სკოლის შენობა
სკოლის შენობა

„ქართული ენის სწავლება არის გასაძლიერებელი. მინიმუმ გასაძლიერებელი, თუ სექტორი არ გაკეთა. აზერბაიჯანელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი დადის ახლომდებარე ქართულ სკოლებში. მშობლებს იმდენად უნდათ, რომ ბავშვმა ქართული ისწავლონ, რომ რამდენიმე კილომეტრის სიშორეზე დაყავათ ბავშვები, იხარჯებიან და ასე შემდეგ. გარემოც პრობლემაა, იმიტომ რომ გარშემო არავინ ლაპარაკობს ქართულად და მხოლოდ გაკვეთლზე სრულფასოვნად ვერ სწავლობენ ენას ისე, როგროც საქართველოს მოქალაქისთვისაა საჭირო. მასწავლებლები ბევრ გვყავს, მაგრამ ძალიან ბევრია პენსიონერი. ამ ეტაპზე, არც არის რამის გაკეთება შესაძლებელი ამ მიმართულებით“.

კაბლის მეზობელ განჯალაში ამ სოფლის საჯარო სკოლის მასწავლებელი მეუბნება, რომ განათლების სამინისტროდან მის სკოლაში ორი ქართველი მასწავლებელი ჰყავთ მიმაგრებული, მაგრამ პრობლემები აქაც იჩენს თავს:

„მოდიან ახალგაზრდა ქართველი მასწავლებლები, მაგრამ შემდეგ მალევე თხოვდებიან და სკოლას ასე ტოვებენ. კიდევ ისაა პრობლემა, რომ აზერბაიჯანული არ იციან და რამდენიმე თვე უჭირთ სწავლება და ბავშვებთან ურთიერთობა“.

საქართველოში 300 ათასამდე ეთნიკურად აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. მეტიც, ხშირ შემთხვევაში მათი წინაპრებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ.

ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მოქალაქეებს აქვთ უფლება, ზოგადი განათლება მშობლიურ ენაზე მიიღონ, თუმცა მათთვის სავალდებულოა სახელმწიფო ენის სწავლებაც.

პაატა ზაქარეიშვილი
პაატა ზაქარეიშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში, პაატა ზაქარეიშვილი, მთავრობის პოლიტიკას ეთნიკური უმცირესობების მიმართ ასე განმარტავს:

„ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს: შევინარჩუნოთ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების იდენტობა, ანუ დაცული იყოს მათი ენა და კულტურა, ცალსახად და მკაფიოდ. მეორე, მათი იდნეტობის დაცვამ არ უნდა მოახდინოს მათი იზოლაცია. ისინი უნდა იყვნენ ღირსეული მოქალაქეები თავიანთ სახელმწიფოში, ფლობდნენ სახელმწიფო ენას, იცოდნენ სახლმეწიფოს დომინანტი ერის კულტურა და თავსებადი იყვნენ მასთან და შესაბამისად, ჰქონდეთ პერსპექტივები თავის სახელმწიფოში, სამშობლოში.“

ზაქარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ უმთავრესი პრობლემები სწორედ ინტეგრაციის საკითხებს უკავშირდება, კერძოდ, ქართული ენის სწავლების კუთხით. აზერბაიჯანული სკოლების გაუქმებასა და მათი ქართულით ჩანაცვლების მიმართ მინისტრს მკაცრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. თუმცა, 2015 წლის 2 მარტს, აზერბაიჯანული წარმოშობის საქართველოს მოქალაქემ ელვინ ბანთიურქმა ღია წერილი მისწერა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ელვინის წერილში ვკითხულობთ: ძვირფასო მინისტრო, ქართულ ენაზე განათლება უნდა შემოეღოთ საქართველოს დამოუკიდებლობისთანავე. სამწუხაროდ, დღემდე, არც ერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში არ გამოუჩენია ინტერესი ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის. შესაბამისად, ჩვენ, 300 000-მდე საქართველოს მოქალაქე გარდაუვალ რეალობას ვაწყდებით - ვერ ვლაპარაკობთ ქართულ ენაზე და ჩვენივე სამშობლოში უცხოდ ვგრძნობთ თავს. როგორც ამ თემის წევრები, რომლებსაც უკვე გამოცდილი აქვთ განათლების ეს სისტემა, თხოვნის ნაცვლად, მ ო ვ ი თ ხ ო ვ თ, რომ სკოლაში განათლება შეიცვალოს ქართულით (და ჩატარდეს აზერბაიჯანული ენის ერთსაათიანი, ყოველდღიური გაკვეთილი).

15, 20-ბავშვიანი კლასები იძულებული გახდნენ სხვა სომხურენოვან, 94-ე და 104-ე სკოლებში გადასულიყვნენ. იმის გამო, რომ ბევრი მშობელი ასეთ შორ მანძილზე ვერ ატარებდა თავის შვილს, მოსწავლეები დარჩნენ ქართულ სექტორზე...

ელვინ ბანთიურქისა და ეთნიკური უმცირესობების სხვა წარმომადგენლებისთვის ქართული ენის ცოდნა უაღრესად მნიშვნელოვანია სრული ინტეგრაციისთვის, იმისთვის, რომ თავი საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად, ქართველებად, იგრძნონ და ხელოვნურად არ შეიქმნან მითიური იდენტობა, რომელიც მეზობელ ქვეყანაზე იქნება დაფუძნებული.

უცხოენოვანი სკოლების გადმოქართულებაზე ან, სულაც, მათ გაუქმებაზე საუბარი არც გუშინ დაწყებულა და არც გუშინწინ.

2009-2014 წლების შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შეფასებაში წერია, რომ 2009 წლიდან 2011 წლამდე გაუქმდა 18 უცხოენოვანი სკოლა და 81 სექტორი. 2013 წლიდან დღემდე დაიხურა სამი არაქართული სკოლა და 12 სექტორი. მათ შორისაა როგორც აზერბაიჯანული, ისე სომხური, რუსული და ოსური სკოლები.

კაბლის საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე
კაბლის საჯარო სკოლის დირექტორი ლამარა ტაბატაძე

2011 წელს, გახსნიდან 20 წლის თავზე, დაიხურა ერთ-ერთი სომხური სკოლა, რომლის ყოფილი მასწავლებელი ამ გადაწყვეტილებით გამოწვეულ პრობლემებზე მესაუბრა:

„15, 20-ბავშვიანი კლასები იძულებული გახდნენ სხვა სომხურენოვან, 94-ე და 104-ე სკოლებში გადასულიყვნენ. იმის გამო, რომ ბევრი მშობელი ასეთ შორ მანძილზე ვერ ატარებდა თავის შვილს, მოსწავლეები დარჩნენ ქართულ სექტორზე, მაგრამ ბევრმა ვერ შესძლო სწავლის გაგრძელება და გარეთ დარჩა, მიატოვა სწავლა.“

ზოგადად პრობლემაა, რომ გამოსაშვებ გამოცდებს რთულად აბარებენ. არ არიან საკმარისად მომზადებულები. გოგონებმა განსაკუთრებით ინერვიულეს, როცა გამოცდები ვერ ჩააბარეს. ისე ტიროდნენ...
ლამარა ტაბატაძე

ამასთან, ყოფილი მასწავლებელი იმაზეც წუხს, რომ გაქართულებულ სკოლაში სომხურს აღარ ასწავლიან და მოსწავლეები კარგავენ თავიანთ ეროვნებას. ის ემხრობა ქართული სკოლის არსებობას, თუ ბავშვებს კვირაში რამდენიმე საათს მაინც ასწავლიან შესაბამის მშობლიურ ენას.

იმ ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ქართულს კარგად ვერ ფლობენ, მთავრობამ 2010 წელს შემოიღო პროგრამა სახელწოდებით „4+1“. მის ფარგლებში სტუდენტები თავიანთ ენაზე ჩაბარებული ერთი გამოცდით ირიცხებიან, შემდეგ ერთი წელი ქართულს სწავლობენ და ოთხი წელი - თავიანთ პროფესიას ეუფლებიან. ამ პროგრამის წყალობით 2010-იდან 2013 წლამდე აზერბაიჯანული წარმოშობის სტუდენტთა რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. ნაკლები პროგრესი შეიმჩნევა ეთნიკურად სომეხი სტუდენტების მხრივ.

მაგრამ სანამ ახალგაზრდები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას შეძლებენ, მათ სკოლის საატესტატო გამოცდები უნდა ჩააბარონ. კაბლის საჯარო სკოლის დირექტორი, ლამარა ტაბატაძე, ამბობს, რომ მოსწავლეები ხშირად არასაკმარისად არიან მომზადებული და გამოცდების ჩაბარება უჭირთ.

„ზოგადად პრობლემაა, რომ გამოსაშვებ გამოცდებს რთულად აბარებენ. არ არიან საკმარისად მომზადებულები. გოგონებმა განსაკუთრებით ინერვიულეს, როცა გამოცდები ვერ ჩააბარეს. ისე ტიროდნენ. ვიფიქრე, ალბათ, იმიტომ რომ, შეიძლება, შემდეგი შანსი აღარ მიცემოდათ“.

ლამარა ტაბატაძის თქმით, ბავშვები ხშირად ნაადრევადაც ტოვებენ სკოლას - ბიჭები, ძირითადად, ყაზახეთის ქალაქ ალმატიში მიდიან სამუშაოდ, გოგოებს კი არასრულწლოვან ასაკში ათხოვებენ. მაგრამ ახლად დანიშნული დირექტორის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს ის იძლევა, რომ თავად ბავშვები ძალიან მოწადინებული არიან, ისწავლონ.

მე კი უნებლიეთ მახსენდება ის მე-10 და მე-11 კლასელები, გაურემონტებელსა და ბათქაშჩამოცვენილ საკლასო ოთახში ადვოკატობაზე, ექიმობასა და ბანკირობაზე რომ ოცნებობდნენ...

XS
SM
MD
LG