რუსთავის მე-6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 17 აგვისტოს ღამით გარდაცვლილი პატიმრის, ჯიდო ფირცხელიანის, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა. მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. პატიმრის თვითმკვლელობის ვერსიას ოჯახი თავიდან ეწინააღმდეგებოდა, მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაცის თანახმად კი, ჯიდო ფირცხელიანის მამამ თქვა, რომ მისმა შვილმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. რა მოხდა რუსთავის კოლონიაში და დაადგენს თუ არა გამოძიება ჯიდო ფირცხელიანის სიკვდილის გარემოებებსა და ობიექტურ მიზეზებს?
პატიმარი ჯიდო ფირცხელიანი ყელის არეში მიყენებული დაზიანებებით საპირფარეშოში თანამესაკნეებმა იპოვეს. მისი სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 24 წლის პატიმრის გარდაცვალების საქმის გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია ამბობს, რომ დახურული ტიპის დაწესებულებაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა უშუალოდ დაწესებულების ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებები პროკურატურამ აწარმოოს. შესაძლებელი იყო თუ არა ინციდენტის თავიდან აცილება და რას შეეძლო გამოეწვია ტრაგედია? - ამ კითხვებს, სამართალდამცავებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატიც სვამს.
“რამ გამოიწვია, რას შეეძლო გამოეწვია ეს ფაქტი? ძალადობას, მუქარას ხომ არ ჰქონდა ადგილი პატიმრის მიმართ? ხომ არ ჰქონდა მას რაიმე კანონიერი მოთხოვნა, რისი დაუკმაყოფილებლობის გამოც ის მივიდა ამ გადაწყვეტილებამდე? როგორი იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომაროება და ასე შემდეგ. არის მთელი რიგი საკითხებისა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რა თქმა უნდა, გამოძიებამ და, თავის მხრივ, სამინისტრომაც უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, რათა მომავალში გაითვალისწინოს და არ დაუშვას, მოახდინოს პრევენცია მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების“, ამბობს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია.
თვითმკვლელობა არის. თავისი დეიდაშვილი მასთან იჯდა კამერაში, ახლობელი კიდო, ბადიში იოსელიანის, მასთან იჯდა კამერაში. არის თვითმკვლელობა. იყვნენ დახურულ ზონაში ესენი და სამ საათზე ამდგარა ეს. ერთს გაუგია, რა იყო, ჯიდოო, და რაღაც ვერ ვარ კარგადო...
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი აღნიშნულია, რომ საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება ვერ პასუხობს კითხვას, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად. საქმე ისაა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სახელით გაკეთებულ კომენტარში საუბარია იმაზე, რომ ევროკონვენციით საპირფარეშოში ვიდეოთვალის დამონტაჟება აკრძალულია, ამიტომ შემთხვევის ადგილის ვიდეოაღნუსხვა ვერ მოხერხდა. ამავე კომენტარის თანახმად, გარდაცვლილს 8 თანამესაკნე ჰყავდა და ისინი - მათ შორის, მისი დეიდაშვილი - ადასტურებენ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. გარდაცვლილ ჯიდო ფირცხელიანს სასჯელაღსრულების დაწესებულება 2015 წლის მაისში უნდა დაეტოვებინა. პატიმრობის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი მოკლე დრო იყო თავდაპირველად ერთ-ერთი არგუმენტი ოჯახისა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჯიდო ფირცხელიანი თავს არ მოიკლავდა. ეს არგუმენტი ნაწილობრივ შესუსტდა მას შემდეგ, რაც მასმედიასთან მისმა მამამ განაცხადა:
ციხეში დღეს სიტუაციას რეალურად მაყურებლის ინსტიტუტი მართავს და ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ციხეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ იქნება უკანასკნელი...მიხეილ მაჭავარიანი
“თვითმკვლელობა არის. თავისი დეიდაშვილი მასთან იჯდა კამერაში, ახლობელი კიდო, ბადიში იოსელიანის, მასთან იჯდა კამერაში. არის თვითმკვლელობა. იყვნენ დახურულ ზონაში ესენი და სამ საათზე ამდგარა ეს. ერთს გაუგია, რა იყო, ჯიდოო, და რაღაც ვერ ვარ კარგადო. და შესულა საპირფარეშოში და იქა აქვს გადაჭრილი. არც გამოძიება და არც არაფერი არ უნდა. ამან იმიტომ მოიკლა თავი, თვითმკვლელობა იმიტომ გააკეთა, რომ წინა მთავრობამ გაიმეტა ბავშვი, 21 წელიწადი მისცეს ტყუილუბრალოდ“.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კი, კერძოდ, დეპუტატი მიხეილ მაჭავარიანი ციხეში ეგრეთ წოდებული მაყურებლის ინსტიტუტის არსებობის ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას და ჯიდო ფირცხელიანის სიკვდილსაც ამ უკანასკნელს უკავშირებს:
“ციხეში დღეს სიტუაციას რეალურად მაყურებლის ინსტიტუტი მართავს და ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთი მკვლელობა მოხდა ციხეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არ იქნება უკანასკნელი, ვინაიდან ამ ხელისუფლებას არ აქვს ადეკვატური პასუხები ასეთი ტიპის დანაშაულზე“.
დეპუტატი ელისო ჩაფიძე არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ საყვედურს, ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეებში მდგომარეობა მძიმეაო, და ამბობს:
“მე მინდა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო მომხდარის გამო, ასევე მოვითხოვოთ მაღალკვალიფიციური გამოძიება აღნიშნული ფაქტისა. ოჯახს აქვს უფლება ჰქონდეს თავისი ვერსია და ეჭვები და გამოძიებას და სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, რომ ეს ეჭვები გამოიძიოს“, ამბობს ელისო ჩაფიძე.
ჯიდო ფირცხელიანის სიკვდილის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანახმად, მისი თანამოსაკნეების ნაწილი უკვე დაიკითხა.